ასეთი არავისაც არ ჰყავს!!! - კვირის პალიტრა

ასეთი არავისაც არ ჰყავს!!!

ახლავე უნდა ვაღიარო: როდესაც რედაქციის დავალებას დავთანხმდი (ჩვენი პროექტის ყოველი ახალი ტომის შესახებ ასეთი მცირე წერილი მომემზადებინა), მაშინვე რომ გამხსენებოდა, მესამე ტომად "ვეფხისტყაოსანს" ვაპირებდით, ალბათ, უარს ვიტყოდი.

დიდი ხნის წინ, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ლექტორმა რაღაც განყენებული თემა მოგვცა დასაწერად, რომლის მიხედვითაც ჩათვლა უნდა მიგვეღო. მახსოვს, კალამგაუწაფავი ახალბედა, ყველას ვეკითხებოდი - რა ვქნა, რა დავწერო-მეთქი? იმის შემდეგ ოცდახუთი წელი გავიდა და პირველად ახლა ჩავვარდი მსგავს სიტუაციაში, თუმცა, ახლა ყველას გაუჭირდა რჩევის მოცემა. მერე კი, ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე: ერთი კვირაა "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობ - ჯერ თავიდან ბოლომდე, შემდეგ ალაგ-ალაგ, შემდეგ - ისევ თავიდან...

მართლაც, რა უნდა თქვა გაზეთის ნახევარ გვერდზე, თანაც საქართველოში, რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" შესახებ? მით უფრო, როცა იცი, რომ ამას რამდენიმე ათეული ათასი ქართველი წაიკითხავს?

შესაძლოა, ვინმემ თქვას, - ტყუილად გგონია, რომ დღესაც ისევე იცნობენ ქართველები (განსაკუთრებით, ახალგაზრდები) თავიანთ უპირველეს საუნჯეს, როგორც ადრე, ამიტომ სწორედ  დღეს არის საჭირო ამაზე საუბარიო... მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ - ვისთვისაც რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ ყურმოკრული ამბებია, ის არც გაზეთს კითხულობს, ამიტომ უხერხული მგონია რუსთაველის ბიოგრაფიასა (მით უმეტეს, რომ ბევრი არაფერია ცნობილი) და მისი პოემის პერსონაჟებზე საუბარი იმ მკითხველთან, რომელმაც ისედაც იცის ეს ყველაფერი.

კი "ვწუწუნებ" - რა მძიმე ტვირთი მერგო-მეთქი, მაგრამ სამაგიეროდ, ამ "ტვირთს" უდიდესი სიამოვნება ახლავს თან - ყოველ ორ კვირაში, სანამ ჩვენი პროექტის მორიგი ტომი გამოვა და შესაბამისი წერილის წერას შევუდგები, კიდევ ერთხელ მიწევს კლასიკის წაკითხვა (როგორც იტყვიან - "სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად") და ახლაც, დამერწმუნეთ, გაცილებით დიდი შთაბეჭდილება მივიღე, ვიდრე ოდესმე - "ვეფხისტყაოსნის" პირველად წაკითხვის თუ მრავალჯერ "გადაკითხვისას"...

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ შესაძლოა, მართლაც ცოტა გადამეტებული, მაგრამ დღევანდელი ინტერნაციონალისტ-ნიჰილისტებისაგან მთლად სასაცილოდ აგდებული ფრაზის - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!" ერთ-ერთი საფუძველი სწორედ რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია"! მერე რა,  სხვებს სხვები ჰყავთო, - იტყვიან და იმის მიუხედავად, რომ ძალიან შორს ვარ ე.წ. ურაპატრიოტიზმისაგან, ასეთებს მაინც გულწრფელად შევეკამათები:

ასეთი არავისაც არ ჰყავს!!!

არ ვიცი, შესაძლოა, მავანისთვის ჰომეროსი იყოს პოეზიის მწვერვალი, მაგრამ ძველი ბერძნები აღარ არსებობენ, "ცოცხალ ერთა" ლიტერატურაში კი რუსთაველი მიმაჩნია მწვერვალად - ეპოქის, გეოპოლიტიკის, ისტორიული კონტექსტისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით! მხოლოდ პოეზიაში ხომ არ არის საქმე?! რუსთაველი - პოეტი, რუსთაველი - გეოგრაფი, რუსთაველი - სამხედრო ტაქტიკოსი, რუსთაველი - არა მხოლოდ ასტროლოგი, არამედ ასტრონომიც, რუსთაველი - მედიკოსი, რუსთაველი - ისტორიკოსი, რუსთაველი - ფილოსოფოსი...

...და რუსთაველი - ნოვატორი, კულტურტრეგერი და პროგრესის მებაირახტრე: რვაასი წლის წინ ნათქვამი - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია"! შუა საუკუნეებში პლანეტაზე გამეფებული სისასტიკისა და "ძლიერის სიმართლის" მიუხედავად ნააზროვნები - "რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმე შეარჩინა?" აქტიური ცხოვრების ყველაზე თანამედროვე ფორმულა - "იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!" და უმთავრესი, ყველაზე ოპტიმისტური და თან ყველაზე რეალისტური - "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!.."

ეს მაღალფარდოვანი შეფასებები ყველამ ვიცით, ყველას გვახსოვს, არაერთხელ გვითქვამს  და სხვისგანაც მოგვისმენია, სკოლაში გვისწავლია და საკონტროლო დავალებებიც გვიწერია, იქნებ შვილებსაც მივსხდომივართ გვერდით და გვიმეცადინებია,  მაგრამ ეს რომ მართალია?! თითიდან გამოწოვილი და ნაძალადევი კი არა, უნამდვილესი სიდიადე რომ ახლავს?! არ ვიამაყოთ?!

დღეს, როდესაც უამრავ ლიტერატურულ რეიტინგში (რომლებიც მკითხველების მიერაა შედგენილი და არა - ლიტერატორების) "ვეფხისტყაოსანი" და მისი ავტორი ან სულ არ არის, ან პირველ ასეულს მიღმაა, მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსთაველი ქართველი კი არა, რომელიმე დიდი (მრავალრიცხოვანს ვგულისხმობ) ერის შვილი ყოფილიყო, მაგალითად ინგლისელების, ფრანგების ან თუნდაც - რუსების (ისე, ნეტავ რუსებსაც ჰყოლოდათ ასეთი - დარწმუნებული ვარ, დღეს უკეთესი მეზობელი გვეყოლებოდა).

იმას ვამბობ, რომ ასეთ განძს სხვანაირი მოვლა სჭირდება. "ვეფხისტყაოსანს" ძალუძს, საქართველოს "სავიზიტო ბარათი" იყოს მთელ მსოფლიოში - სწორედ რვაასი წლის "ვეფხისტყაოსანს" და არა უმსგავსო ხიდებსა თუ მდარე ხარისხის ხელოვნებას, რომელიც მსოფლიოს იმ ქვეყანას აცნობს, ვისი ისტორიაც, თურმე ნუ იტყვით და, შვიდიოდე წლის წინ დაწყებულა...

მაგრამ ამისთვის ჯერ ის დრო უნდა დაბრუნდეს, როცა ქართველები ქალებს მზითევში ატანდნენ "ვეფხისტყაოსანს"! არაფერია არც ჩემს ნათქვამში და არც ამ უმშვენიერეს ტრადიციაში ბანალური, რადგან სანამ ჩვენ თვითონ ხელმეორედ არ აღმოვაჩენთ  ამ სიმდიდრეს, სხვას  მის ბრწყინვალებას ვერ დავანახვებთ.

ნახეთ, როგორ უვლიან ესპანელები სერვანტესის ხსოვნას! "დონ კიხოტის" სახალხო კითხვა იმართება ყოველ წელს და მას არა მხოლოდ ესპანელები, არამედ უცხოელებიც ესწრებიან, რომელთაც სიტყვაც არ იციან ესპანურად, მაგრამ დგანან და სიამოვნებით უსმენენ; ინგლისელები და ფრანგები შექსპირისა და დიუმას პერსონაჟებს "აიძულებენ", მსოფლიოს გააცნონ მათი სამშობლოს დიდი კულტურა; ბელგიასა და ჰოლანდიაში ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის - ანუ პერსონაჟებისა და არა მწერლის ოცამდე ძეგლი დგას...

ჩვენში ბოლო წლების ტენდენციაა (და ეს არაერთხელ საჯაროდ უთქვამთ თანამედროვე "ლიბერალებს") - არავის სჭირდება მწერლების ან ლიტერატურული პერსონაჟების ძეგლები, რაც დგას, ისიც ზედმეტია, მათ ნაწარმოებებს დღეს ხომ აღარავინ კითხულობს! იმიტომაც არ კითხულობენ, რომ არ ვთავაზობთ და არ ვუვლით მათ სახელს. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ტელევიზიებმა სიუჟეტი აჩვენეს:

უნგრეთში გრიგოლ აბაშიძის ბიუსტი დაუდგამთ, როგორც შანდორ პეტეფის მთარგმნელისა. გამიხარდა, მაგრამ მართალი გითხრათ, გამიკვირდა: პეტეფი მსოფლიო სახელის, უდიდესი პოეტია და ალბათ 50 ენაზე მაინც იქნება თარგმნილი, ყველას ძეგლს ხომ არ დადგამენ-მეთქი? ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ: სწორედაც ყველას ძეგლს დგამენ თურმე პეტეფის მშობლიურ ქალაქში!

წარმოიდგინეთ, რამდენად მიმზიდველი და შთამბეჭდავი იქნება ებრაელი, ინგლისელი ან გერმანელი ტურისტისთვის, თუკი იგი თბილისში გაპონოვის, უორდროპის ან ნოიკომის ხსოვნისადმი მიძღვნილ, თუნდაც პატარა მემორიალურ ფილას ნახავს. რაც მთავარია - შეიძლება მან აქვე შეიძინოს თავის მშობლიურ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსანი", ან შინ დაბრუნებულმა მოიძიოს და წაიკითხოს. ასე ხომ უფრო მეტ უცხოელს ეცოდინება, რომ ველურები არ ვართ?! ეს ხომ მაინც შეესაბამება დღევანდელი "საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების" კონტექსტს და ამის, ან რამე მსგავსის გაკეთება ხომ მაინც ძალუძს სახელმწიფოს?!

ბოლოს მხოლოდ ერთი მინდა გავიხსენო სწორედ ზემოთქმულის, ანუ ცივილიზებული სამყაროსათვის "ვეფხისტყაოსნის" ფასის დასტურად - 60-იან წლებში, რუსთაველის 800 წლის იუბილეს დროს, ცნობილმა ავსტრიელმა ლიტერატურათმცოდნემ, ბარონ ფონ სუტნერმა დაწერა: "ჩვენ, ევროპელებმა, დაფნის გვირგვინით უნდა შევამკოთ დიდი პოეტი საქართველოდან, რომელმაც პირველი ევროპული რომანი შექმნა."

ჩვენ, ქართველებმა კი, კიდევ ერთი გამოცემა უნდა შევიძინოთ "ვეფხისტყაოსნისა", წავიკითხოთ, შვილებსაც წავაკითხოთ, მზითევშიც გავატანოთ და როგორც მისი ავტორი იტყოდა  - "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების", კარგისა და ცუდის გარჩევაც ამ უკვდავი წიგნით ვასწავლოთ...

ზვიად გურული