"არასდროს არაფერი აწუხებდა, ერთ ღამეს კი, თითქოს ცა ჩამოგვექცა..." - პატარა გოგოს დიდი გასაჭირი
26-11-2019
"არასდროს არაფერი აწუხებდა, ერთ ღამეს კი, თითქოს ცა ჩამოგვექცა..." - პატარა გოგოს დიდი გასაჭირი
"მაშკა ყოჩაღი გოგო გვყავს, პოსტოპერაციული მძიმე ოთხი დღეში გადალახა, დანარჩენსაც გაუძლებს, მთავარია, მკურნალობის თანხა შეგროვდეს"

დღეს მარიამ-მაშკაზე მინდა გიამბოთ, საყვარელ, ცუგრუმელა გოგონაზე, რომელიც ნაცვლად უდარდელად თამაშისა და შობა-ახალი წლის საჩუქრებზე ოცნებისა, ამ წუთებში გერმანიის კლინიკაში სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. ერთი თვის წინ, 5 წლის მარიამ ქათამაძეს უიშვიათესი დაავადება - ვილმსის სიმსივნე აღმოაჩნდა და დღეს უკვე მის დასახმარებლად ყველა კეთილი ადამიანი გაერთიანდა - მის სახელზე საბანკო ანგარიშიც გაიხსნა და სოციალურ ქსელში -
გვერდიც!

მარიამის ამბავს მისი ბებია, ქალბატონი ელდინო კვაჭაძე გვიყვება:

- ეს ამბავი ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო, არასდროს არაფერი აწუხებდა, არც ოფლიანობა აწუხებდა, არც არაფრით ავადდებოდა, ვირუსებიც კი ისე გავიარეთ, მარიამს არაფერი შეხვედრია; არასდროს უთქვამს, მუცელი მტკივაო, მცირედი დეფორმაციაც კი არასდროს შეგვინიშნავს მუცელზე,
თორემ არ გამოგვეპარებოდა, ერთ ღამეს კი, თითქოს ცა ჩამოგვექცა...

ერთი თვის წინ, 23 ოქტომბერს უცებ ასტკივდა მუცელი და სასწრაფოდ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში წავიყვანეთ. ვიფიქრე, აპენდიციტის პრობლემა თუ არის-მეთქი, თუმცა 5 წლის ასაკში ეს ძალიან იშვიათია. ჯერ ექოსკოპია გაუკეთეს, შემდეგ - კომპიუტერული ტომოგრაფია და ძალიან დაიბნენ, - თირკმელზე რაღაცას ხედავდნენ, 15-სანტიმეტრიანს, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგიერთი ეჭვობდა, სითხე ხომ არ არისო? ტომოგრაფიის მერე ბავშვს გულისრევა დაეწყო და მორიგე ექიმებმა გამოგვიცხადეს, ბავშვს შინ ვერ გაგატანთ, სასწრაფოდ რეანიმაციაში უნდა გადავიყვანოთო. კინაღამ გადავირიეთ. ცალკე გაურკვევლობა გვაგიჟებდა, ცალკე ის, რომ ბავშვი გვერდიდან არასდროს მოგვიცილებია და ახლა მარტო უნდა ყოფილიყო, უცხო გარემოში.

მეორე დილით, სხვა ექიმებიც რომ მოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბავშვს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა - ლეიკოციტები 22 ათასზე ავიდა, მისი სიცოცხლისთვის ყოველი წუთი ძვირფასია და სასწრაფოდ თირკმელი უნდა ამოვკვეთოთო.
თავზარი დაგვეცა - უბრალო მუცლის ტკივილი გვეგონა და, თურმე, რაღაც საშინელება გვჭირს! სხვა გზა არ გვქონდა და ოპერაციას დავთანხმდით. ექიმების გუნდი ჩვენვე მოვიწვიეთ კლინიკაში. ოპერაცია 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჰემოგლობინი ნულამდე დავარდნილა, ხოლო რაც მანამდე ნახეს თირკმელთან, მედუზის ფორმის კაფსულასავით ყოფილა, გასკდა და ორგანიზმში გაიფანტა. ქირურგებმა თქვეს, ის კი მაქსიმალურად ამოვწმინდეთ, მაგრამ ისეთი ვითარება შეიქმნა, ძალიან გვეშინოდა, ბავშვი საოპერაციო მაგიდაზე არ დაგვრჩესო. ექიმებს პოსტოპერაციული პერიოდის პირველი ოთხი დღისაც ძალიან ეშინოდათ. ერთხელ სისხლის გადასხმაც დაგვჭირდა, მაგრამ მაინც გამოვძვერით ამ მდგომარეობიდან.

- ბავშვი ძალიან შეშინებული იყო?
- ოპერაციის შემდეგ, პირველ დღეს ეძინა, მეორე დღეს რომ მივედით და დაგვინახა, შევატყვეთ, ეტირებოდა, მაგრამ აშკარად რცხვენოდა და თავს იკავებდა. მასთან ყოფნის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ვაფრთხილებდით, ჩვენ კარს უკან ვდგავართ-თქო და დაბლა ვიცდიდით...

- კონკრეტულად რა დიაგნოზი დაისვა?
- ექიმებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ეს იყო ვილმსის სიმსივნის მე-4 სტადიის ბოლო პერიოდი (ვილმსის სიმსივნე - ბავშვთა ასაკის იშვიათი თირკმლის სიმსივნე. იგი, აგრეთვე, ცნობილია, როგორც ნეფრობლასტომა. ვილმსის სიმსივნე ყველაზე ხშირად უვითარდებათ 3-4 წლის ბავშვებს. იგი ნაკლებად გვხვდება 5 წლის ასაკის შემდეგ - ი.ხ.). ოპერაციიდან ამოღებული მასალა 24-შივე გავაგზავნეთ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში და პასუხი 21 ნოემბერს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ პასუხს ვეღარ დაველოდეთ, დრო არ ითმენდა, ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაწყებულიყო. ვიფიქრეთ, ბავშვს თურქეთის რომელიმე კლინიკაში წავიყვანდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთი იშვიათი დაავადებაა, თურქებს ამ დაავადების მკურნალობის პრაქტიკა არ ჰქონიათ. საბოლოოდ, ფრაიბურგის კლინიკაზე შევჩერდით და ბავშვი სასწრაფოდ გადავაფრინეთ ფრაიბურგში.

ჩვენ არ დაგვიკარგავს დრო, მაგრამ ბავშვი კლინიკამ არ მიიღო, ვიდრე შესაბამისი თანხა არ ჩავრიცხეთ. მერე კი იქაურმა ექიმებმა ბერლინიდან გამოითხოვეს მასალის პასუხი და აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მე-2 და მე-3 სტადიებს შორისაა, ამიტომ სასწრაფოდ დაუწყეს ქიმიოთერაპია.

ჩვენს მაშკას (ასე ვეძახით მარიამს) 28 გადასხმა სჭირდება, კვირაში - ერთხელ, თვეში - ოთხჯერ. ფაქტობრივად, 7 თვეს უნდა გაგრძელდეს ქიმიოთერაპია, ერთი თვის კურსი კი 10 000 ევრო ჯდება. ანუ, ექიმების დღევანდელი კალკულაციით 70 000 ევრო მარტო გადასხმებს სჭირდება... ეს ჩვენთვის ასტრონომიული რიცხვია, არადა, მხოლოდ ამაზე არის დამოკიდებული მაშკას სიცოცხლე.

საკუთარი ძალებით ვერაფერს შევძლებთ, ამიტომ სასწრაფოდ გავავრცელეთ ინფორმაცია ყველგან - ახლობლებში, ნათესავებში, მეგობრებში, მეგობრების მეგობრებში, სოციალურ ქსელებში... ხელისუფლებასაც მივმართეთ თხოვნით. თბილისის მერმა, ბატონმა კახი კალაძემ პირადი თანხით დააფინანსა ბავშვისა და მშობლის გამგზავრება და გვირჩია, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ოფიციალური წერილებითაც მიგვემართა, რომ მაშკას სიცოცხლის გადასარჩენად ისინიც შემოგვიერთდნენ.

ახალგაზრდები - ნაცნობებიც და უცნობებიც ძალიან აქტიურობენ, ყველას მოუწოდებენ, ათასგვარ აქციას აწყობენ, ბავშვის ფოტოებს ავრცელებენ, ანგარიშების ნომრებს წერენ, როგორმე მაშკას რომ დაეხმარონ. ვინ აღარ ჩაერთო მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლაში! "ფეისბუკგვერდიც" კი გააკეთეს - "მარიამისთვის"!

რამდენი კეთილი, სიყვარულით სავსე ადამიანი გვყოლია, ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ, სრულიად უცნობი ადამიანები რომ გულშემატკივრობენ ჩვენს მაშკას, ვისაც როგორ შეუძლია - ლოცვით, თანხით, სიყვარულით, თბილი სიტყვით ერთიანდებიან მის დასახმარებლად... ამდენი ბავშვია ავად - მაშკა, ანიტა, გაბრიელი და ადამიანები გულწრფელი, საოცარი ერთობით ყველაზე ზრუნავენ. იმ ბავშვების მშობლებიც რა მდგომარეობაში არიან, წარმომიდგენია.

მაშკას დასახმარებლად ახლაც დაიგეგმა რამდენიმე აქცია, ყველა ახალი ინფორმაცია მის "ფეისბუკგვერდზე" იდება. ძალიან მადლიერები ვართ თქვენი - ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობო ადამიანებო!

ქიმიოთერაპიის პირველი გადასხმა რომ გაუკეთეს, ბავშვს ტემპერატურა ასწევია და ძალიან მოდუნებული იყო. იქაური ექიმები, თურმე, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ პაციენტი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და საბავშვო ოთახში ათამაშებენ კიდეც. ცოტა ხნით მაშკაც გაუყვანიათ სათამაშო ოთახში, მაგრამ ხელიც სტკივა და თვითონაც ისეთი შეშინებული ყოფილა, მხოლოდ ცალი ხელით თამაშობდა. მაშკა ყოჩაღი გოგო გვყავს, პოსტოპერაციული მძიმე ოთხი დღე ხომ გადალახა, დარწმუნებული ვარ, დანარჩენსაც გაუძლებს, მთავარია, საიმედო ხელშია... და კიდევ, მთავარია, მკურნალობის თანხა შეგროვდეს, რომ ქიმიოთერაპიის კურსი ბოლომდე უწყვეტად ჩაუტარდეს. თუ ასე არ მოხდა, ბავშვი დაგვეღუპება.

მხოლოდ და მხოლოდ უფლის და თქვენი - ადამიანების გულმოწყალეობის იმედად ვართ, მჯერა, მაშკას დედაღვთისმშობელი არ გასწირავს და ამ განსაცდელს გადაგვალახინებს. ცუდზე ფიქრსაც კი არ ვუშვებ...

პ.ს. ჩვენ - ადამიანებს ბევრი ბავშვი და ზრდასრული გადაგვირჩენია! ამიტომ დარწმუნებული ვარ, მარიამსაც გადავარჩენთ და მომავალ წელს ეს პატარა გოგონა, მისი თანატოლებივით, მხოლოდ შობა-ახალი წლის საჩუქრებზე ოცნებით დაიძინებს და გაიღვიძებს, დღეგრძელი იქნება და თავადაც ბევრ სიკეთეს გააკეთებს ამ ქვეყნად!


მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები:

GE12BG0000000853998100 (საქართველოს ბანკი)
GE18TB7995345064300003  (თიბისი ბანკი)
მიმღები: ხათუნა სალუქვაძე

ასევე, შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი ოპერატორიდან: 0901700177


(სპეციალურად საიტისთვის)

დადუ
27 ნოემბერი 2019 10:33
ვაიმე ხალხო რა გვჭIირს, ამდენი ავადმყოფი ბავშვი,მოზარდი რა ხდებაა? 90 წლებში გვშიოდა მაგრამ, არ ყოფილა ამდენი საშინელება, ვინ გვებრზვის ასე ძალიაან, ვისი ინტერესებია რომ სამუდამოდ გავქრეეთ - გმერთო შენ გვიშველე გემუდარები
?
27 ნოემბერი 2019 09:07
როგორ შეიძლება ასეთ პატარა ბავშვთან რომ მშობელს არ ტოვებენ. სად გსმენიათ მსგავსი რამ? ყველანაირი უბედურება ჩვენთან რატომ ხდება?

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?