"ხევსურ ბიჭს ფშავლის გოგო შეჰყვარებია, ოჯახებს შორის ძველისძველი წყენაც ყოფილა" - ამბავი ხევსური რომეოსა და ფშაველი ჯულიეტასი - კვირის პალიტრა

"ხევსურ ბიჭს ფშავლის გოგო შეჰყვარებია, ოჯახებს შორის ძველისძველი წყენაც ყოფილა" - ამბავი ხევსური რომეოსა და ფშაველი ჯულიეტასი

სიყვარულმა ვერანა ვერონად აქცია

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართველებს, იტალიელთა მსგავსად, საკუთარი ვერონა გვაქვს. რამდენიმე დღის წინ საგარეჯოს რაიონში გახლდით. თელავისკენ გომბორის უღელტეხილით მიმავალმა სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი ტრაფარეტი რომ დავინახე, გააჩერეთ-მეთქი, მთელი ხმით ვიყვირე. მიკროავტობუსიდან ჩამოვხტი და კადრზე აღვბეჭდე ფაქტი, რომ კახეთში არსებობს სოფელი ვერონა.

ის იყო, ჩვენებური რომეოსა და ჯულიეტას ამბის მოძიებაც დავაპირე, რომ ტრანსპორტში აბრუნებულს ყველამ ცივი წყალი გადამასხა - სოფელს თავის დროზე სინამდვილეში ვერანა თუ ვერენი რქმევია და მოგვიანებით, სავარაუდოდ, მეოცე საუკუნეში, ვიღაცას ვერონა უწოდებია. ამიტომაც არის, რომ ისტორიულ წყაროებში, გომბორის მიდამოებში, ულამაზეს ადგილზე მდებარე სოფელი სწორედ ხან ვერენად, ხანაც ვერანად მოიხსენიება.

უძველესი სოფელი განთქმული ყოფილა უამრავი საგმირო საქმით, ბებერი ციხითა და საინტერესო ლეგენდებით. კახელები ვარაუდობენ, რომ ამ ულამაზეს ადგილს, თავის დროზე, ტრაგიკული ამბების გამო დაარქმევდნენ ვერანას.

ამ მხარეში სამი უძლიერესი ციხე-სიმაგრე ჰქონდათ ქართველ მეფეებს - ვახტანგ გორგასლისეული უჯარმის, ვერენის უძველესი ციხესიმაგრე და ფსიტიანის არჩვების ციხე. ფსიტიანის ციხის იქით უკვე შუამთა იწყება. მონასტერი რომ დაცული ყოფილიყო, ქართველები ამ გზას განსაკუთრებით ამაგრებდნენ.

ამ მიდამოებში, სამკურნალო გოგირდის წყლის გამო, მოგვიანებით რუსებს სამკურნალო სახლი აუშენებიათ. მეცხრამეტე საუკუნიდან აქ რუსული სამხედრო დასახლებაც გაჩენილა. აქ ნახავთ უამრავ ძველ აგარაკსა და უფრო მეტ ეკლესია-მონასტერს, რომლებიც შუა საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

ერთი გავლითაც შეიგრძნობ ვერონისა და დანარჩენი სოფლების  ხიბლს. ალბათ, ამიტომაც ეტანებოდა მტერი ამ მხარეს. მოგვიანებით მრავალ აოხრებასა და ჟამიანობას გაუწყვეტია მოსახლეობა, ბევრიც გადასახლებულა. კარგა ხანს ყოფილა უკაცრიელი  ვერონაც და სხვა სოფლებიც, სანამ,  თქმულების თანახმად, ისეთი ამბავი არ მომხდარა, როგორიც იტალიის ვერონაში. ხევსურ ბიჭს ფშავლის გოგო შეჰყვარებია. შეძლებული ოჯახიდან ყოფილა ფშავლის ქალი.

ხიფათიანი ყოფილა სასიძო, ძველისძველი წყენაც ყოფილა ოჯახებს შორის და ორივე მხარე ეწინააღმდეგებოდა შვილების ქორწინებას, არადა, სული მისდიოდათ შეყვარებულებს ერთმანეთისთვისო. ამბობენ, შუამთის მონასტერში გადაუწყვეტია მამას ფშაველი ქალიშვილის ჩაკეტვა - მონაზვნად აღიკვეცები, უფლის მორჩილი იქნები, მაგ გიჟს კი შენს თავს არ გავატან, სხვა თუ არაფერი, ომში წავა და მაინც მალე დაგაქვრივებსო.

ხევსურ ალუდას ღამით გაუტაცებია საცოლე და დილით, როცა ქალი მამას სამონაზვნედ უნდა მიებარებინა, ჯვარი დაუწერიათ. ჯერ ძველისძველ ციხეში ჩაკეტილან, მერე კი, როცა სიმამრის რისხვა დამცხრალა, ვერენის ნასოფლარზე დასახლებულან. ამბობენ, ამის მერე იწყეს ფშავლებმა და ხევსურებმა ამ ადგილას გადმოსახლებაო.

ვერონა დღეს ხევსურების სოფელია. გზის მეორე მხარეს ფშავლების სოფელია - "რუსიანი", ქვევით - სოფელი "გომბორი", ქედს იქით - სოფლები: "თეთრწყლები" და "კობაძე," რუსიანის უკან კი - სოფელი "ბაკანა "(რომელიც ახლა დაცლილია)...

ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარი, ისტორიკოსი ნუკრი მჭედლიშვილი ამბობს, რომ ამ ხალხმა უძველესი ცოდნა და ტრადიციები შემოინახა: "საბედნიეროდ, რადგან ტერიტორიები კახეთისად ითვლებოდა, აქაურ ხევსურებსა და ფშავლებს ორმოცდაათიან წლებში დანარჩენი ხევსურეთის მსგავსი ჩამოსახლება-გადასახლება არ შეეხო. "ბაკანა" ხევსურების სოფელი იყო, იქაურები უზუნდარაში ჩამოასახლეს...

KvirisPalitra.Geროცა 50-იან წლებში ხევსურეთში მცხოვრები ხევსურები განაიარაღეს, ვერონელი ხევსურები გადარჩნენ ისევ კახელობის”გამო და მხედრული ისტორიებიც გვიანობამდე იქ უკეთ იყო შემონახული, ვიდრე სხვაგან. თურმე მეოცე საუკუნეშიც კი ტალავარში გამოწყობილი ფარით და შუბით შეიარაღებული ხევსურები დადიოდნენ აქ.

მათ მიმართ დამოკიდებულება მოგვიანებით გამკაცრებულა. მეორე მსოფლიო ომში არ წასულან ვერონელი ხევსურები, ჩვენ საბჭოთა ხელისუფლებას არ ვცნობთო. ბევრი მათგანი ამის გამო  დაუსჯიათ და, ჩრდილოკავკასიელების მსგავსად, გაუსახლებიათ.

სოფლის სახელწოდება გვიან უნდა შეცვლილიყო. მე-19 საუკუნემდე "ნამდვილად ვერენი" რქმევია, თუმცა ეს სახელი, "ვერანა"დან უნდა იყოს ნაწარმოები. ეს გასაკვირიც არ არის ივრის ხეობაში, რომელიც მტრის გამო ბევრჯერ ქცეულა "ვერანად"...

თავის წიგნში - "აღწერაი სამეფოსა საქართველოსი", ვახუშტი ბატონიშვილიც ახსენებს ამ ადგილს: "არს ციხე ვერენისაო"...

თბილისში დაბრუნებული დიდხანს ვეძებდი ვერონული თქმულებების ასავალ-დასავალს ისტორიულ გადმოცემებში. ვნატრობდი, ხევსური რომეოსა და ფშაველი ჯულიეტას მსგავსი ამბისთვის მიმეგნო, მაგრამ ამაოდ. გასაკვირიც არ უნდა იყოს! მიწის შესახებ, რომლის დასაცავად ქართველი გამუდმებით სისხლს ღვრიდა, ისტორიამ მხოლოდ საგმირო საქმეები შემოინახა, სიყვარულის ისტორიები კი ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.