"რა არის სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი, რატომ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს... დეტალები, რომელიც მთელ სისტემას ქმნის"
30-11-2019
"რა არის სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი, რატომ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს... დეტალები, რომელიც მთელ სისტემას ქმნის"
ოდესღაც ოჯახის დაგეგმვას დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა და მხოლოდ კლასიკური ფორმით - გარიგებით, ხშირად წყვილის სურვილის გაუთვალისწინებლად ოჯახის შექმნას გულისხმობდა. ამგვარი ქორწინებები საქართველოში დღესაც კი არის შემორჩენილი. თანამედროვე გაგებით კი, ოჯახის დაგეგმვა კი უკვე ტერმინია, რადიკალურად სხვა არსი აქვს და ხშირად არის ჩვენი საზოგადოების სჯა-ბაასის საგანი...

თავდაპირველად ერთი წყვილის ამბავს მოგიყვებით, უფრო - დასაფიქრებლად და გასათვალისწინებლად.


თემოსა და ქეთას მშობლები წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს. ქეთა ბავშვობიდანვე ისეთი ლამაზი იყო,
თემოს დედამ დაადგა თვალი: ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გახდესო. თავდაპირველად თითქოს ეს ხუმრობას ჰგავდა, მაგრამ ოჯახებმა მალევე დაგეგმეს: ქეთა 16 წლის რომ გახდებოდა, თემურს შერთავდნენ ცოლად. მშობლები არც დაფიქრებულან, შვილები მიიღებდნენ თუ არა მათ გადაწყვეტილებას და არც იმით შეწუხებულან, ქალ-ვაჟს შორის 12-წლიანი სხვაობა დიდობაში
კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იქნებოდა. ოჯახები პატარა პროვინციულ ქალაქში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ, გოგონა მშობლებთან და ბევრად უფროს ძმებთან ერთად, ღარიბულად, დედისერთა თემოს კი შეძლებული ოჯახი ჰქონდა. პატარა ქეთას თემო ხან ველოსიპედით ასეირნებდა, ხან მხრებით დაატარებდა, ხან ატრაქციონებზე მიჰყავდა. გოგონა ცოტა რომ წამოიზარდა, ერთხელ დედამ უთხრა: შენ ძალიან ლამაზი ხარ, თემურის ოჯახს კი ბევრი ფული აქვს, მას ცოლად გაჰყვები და შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.

ქეთა:
"მეც ბევრს ვოცნებობდი მასზე, მით უფრო, რომ თემო ძალიან მანებივრებდა. სკოლის მერე სასწავლებლად ევროპაში წავიდა და კარგა ხნით დარჩა - იქვე დაიწყო მუშაობა. საჩუქრებს ხშირად მიგზავნიდა, მობილური და კომპიუტერიც გამომიგზავნა. ვმესიჯობდით, ვლაპარაკობდით. ვუყვებოდი, რომ კარგად ვსწავლობდი და ვოცნებობდი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩამებარებინა. ისიც მიწონებდა გადაწყვეტილებას. საქართველოში რომ დაბრუნდა, უკვე 16 წლის დავხვდი და ჩემს მფარველ ანგელოზზე უზომოდ შეყვარებული. რამდენიმე დღეში თემო ოჯახით შინ გვეწვია... დასანიშნად. არაფერი ვიცოდი და დავიბენი. სუფრასთან ერთად დაგვსვეს და ლამის იქვე დაგვაქორწინეს. მე ავილეწე, თემოც დაკომპლექსდა. დედაჩემმაც და თემომაც იცოდნენ ჩემი სწავლასთან დაკავშირებული გეგმები. გათხოვებას ჯერ სულაც არ ვაპირებდი. კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი დედას, მაგრამ მას თემოს დედა არ ანებებდა თავს, - ჩვენ ხომ შევთანხმდით, მოვილაპარაკეთ, ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, ვინმემ არ მოიტაცოს და ა.შ. თემომ დამამშვიდება, დავქორწინდეთ და სწავლის ამბავს მოგიგვარებო.

მოკლედ, ორ თვეში თემო ჩემი ქმარი გახდა და სწავლის ამბავიც მომიგვარა - სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ კერძო მასწავლებლებთან ვსწავლობდი და ატესტატს მაინც ავიღებდი. თემო იმაზეც დავითანხმე, რომ თავი დაგვეცვა, დაფეხმძიმება რომ ამეცილებინა. მთავარია, ეროვნულ გამოცდებამდე მივსულიყავი. სხვა მხრივ, ბედნიერად ვცხოვრობდით, ჩიტის რძე არ მაკლდა, ყველა თავს მევლეობოდა. უსიამოვნებები 6 თვის შემდეგ დაიწყო - ოჯახს შვილიშვილი უნდოდა და ეგონათ, მე არ მიჩნდებოდა და ექიმთან წასვლა მომთხოვეს. იქით ჩემს ოჯახს აუტეხეს ერთი ამბავი, აქეთ მე მლანძღავდნენ. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე, სწავლის დამთავრებამდე შვილს არ გავაჩენ-მეთქი. ამაზე თემოს დედა სულ გადაირია. ჩემებიც გაგიჟდნენ, ყველა მეზობელი ჩვენზე ჭორაობდა. დედამთილმა თემოც კი ამიმხედრა და...

ამასობაში თემომ სმა დაიწყო, შევნიშნე, რომ რაღაც აბებსაც ყლაპავდა, ხშირად აგრესიული ხდებოდა და შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ერთხელ, შეპასუხების გამო, ხელიც დამარტყა, მეორედ, შინ მარტო ვიყავი, კვლავ ნასვამი მოვიდა, მოფერება დამიწყო. მეც მოვეფერე და თან დაველაპარაკე, ასე რატომ მექცევი-მეთქი და... უცებ გაგიჟდა. ისეთი აგრესიით დამესხა თავს, შემეშინდა და გაქცევა ვცადე. უფრო გამხეცდა და... გამაუპატიურა. მეორე დღეს დედას ტირილით მივადექი, მაგრამ უკან გამომაგდო. სად წავსულიყავი, ოჯახში დავბრუნდი. მას შემდეგ მსგავსი რამ თემოს ჩვევად ექცა და მეც ვიტანდი, წასასვლელი არსად მქონდა. ერთ დღეს, იატაკს რომ ვხეხავდი, გონება დავკარგე. სასწრაფოთი საავადმყოფოში წამიყვანეს და... თურმე, 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი. სტრესების გამო მუცელი მალე მომეშალა და მდგომარეობა ისე გამირთულდა, ექიმებმა საშვილოსნოც ამომჭრეს. ამან ახალი სკანდალი გამოიწვია და... თემო გადაიკარგა, მე სახლიდან გამომაგდეს. არც ჩემმა მშობლებმა და ძმებმა გამიკარეს. ასე აღმოვჩნდი ქუჩაში, ლამის სიკვდილის განაჩენით... მაგრამ არ მოვკვდი. თავი რომ მერჩინა, სამუშაოდ უცხოეთში წავედი, ოჯახთან კავშირი გავწყვიტე და ახალი ცხოვრება დავიწყე. იმედია, ფულს მოვაგროვებ და სწავლასთან დაკავშირებულ ჩემს ოცნებას მაინც ავისრულებ..."

XXI საუკუნე ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების საუკუნეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დედამიწის დიდი ნაწილი "მენტალურმა სამოთხემ" მოიცვა. როგორ ფიქრობთ, ან თემურს, ან ქეთას, ან მათ მშობლებს მცირედი ცოდნა რომ ჰქონოდათ ჯანსაღი ცოლქმრული ურთიერთობის, პარტნიორობის, მოვალეობების შესახებ, ასეთი უბედურება მოხდებოდა?!

სავალალო სტატისტიკა

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საქართველოში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წელს გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც 16 წლის პირს შეეძლო მშობლის თანხმობით ქორწინება. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. არსებული მონაცემებით, ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არარეგისტრირებულია.

"საქსტა­ტის" ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2018 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 23 202 შე­ად­გი­ნა, ხოლო რე­გის­ტრი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ - 10 288.

პაატა სოფრომაძე, ფსიქოთერაპევტი:
"ქალმაც და კაცმაც დაქორწინებისას კარგად იცის, რომ ოჯახურ ცხოვრებას სექსუალური ცხოვრება მოჰყვება. სამწუხაროდ, ხშირად ოჯახი რომ ინგრევა, ამის ნამდვილ მიზეზს არ ახმაურებენ და სხვა ყოფით მიზეზებს ასახელებენ. არც პირველი ღამის პრობლემაა იშვიათი, ბევრ წყვილს აქვს და დღეისთვის მის დასაძლევად ბევრი გზაც არსებობს, მთავარია, ადამიანი შესაბამის სპეციალისტამდე მივიდეს. დანარჩენად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისას ყველაზე მარტივი კრიტერიუმები, იცით, რა არის? პირველი - სექსუალური ურთიერთობა არ უნდა იყოს მავნე არც ერთი პარტნიორის ჯანმრთელობისთვის; მეორე - ურთიერთობის ესა თუ ის ფორმა აუცილებლად უნდა იყოს მისაღები თითოეულის პირადი მორალისთვის; მესამე - სასიამოვნო უნდა იყოს თუნდაც ერთი მათგანისთვის - ეს ე.წ. არეკლილი სიამოვნების მომენტია: მე გაჩუქე წიგნი, რომელიც ჩემთვის უცხო ენაზეა დაწერილი, მაგრამ ეს ენა შენ იცი და წიგნის წაკითხვაც უდიდეს სიამოვნებას მოგგვრის. მე კი მსიამოვნებს, რომ შენ კმაყოფილი ხარ".

აშკარაა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, თანამედროვე საქართველოშიც მეტისმეტად გახშირდა ნაადრევი სექსუალური ურთიერთობები, ნაადრევად დაოჯახება, რაც ხშირად ფეხმძიმობით ან აბორტით მთავრდება და რასაც ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემები მოჰყვება. ჩვენი პირველი ამბის გმირისგან განსხვავებით დღეს მოზარდებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ...

პაატა სოფრომაძე, ფსიქოთერაპევტი:
"რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ამდენი პრობლემა არ გვქონდეს, ზოგადად - ადამიანები, მათ შორის მოზარდები, ახალგაზრდები აუცილებლად ინფორმირებულები უნდა იყვნენ, თუმცა... ამ კუთხით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ნაკლებად სანდოა, რადგან სპეციფიკური, კარგი ხარისხის და დელიკატური გადაცემა არ გაგვაჩნია; საამისოდ არც ქუჩა გამოდგება; რა თქმა უნდა, კარგია, თუ იდენტური სქესის მშობლისგან მიიღებს ბავშვი ინფორმაციას, მაგრამ ესეც რთულია, რადგან ჯერ მშობელი უნდა აღიზარდოს. მაინც ვფიქრობ, საოჯახო გაკვეთილები სადღაც, თუნდაც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და იქ მხოლოდ ეთიკაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ მამაკაცისა და ქალის, ქმრისა და ცოლის როლზე, მშობლებთან დამოკიდებულებაზე. მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ინტიმია, დელიკატური თემაა და სიფრთხილეა საჭირო".

რას ითვალისწინებს "რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის" საკითხების სწავლება სკოლებში, რატომ უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია მოზარდს 13-14 წლის ასაკიდან ზემოთ და არა - ბავშვს?!

ხათუნა ხაჟომია, ფსიქოლოგი:

- რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობები არ იგულისხმება. მოზარდს - ვაჟსაც და გოგონასაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარ სხეულზე, ორგანიზმში მიმდინარე, ასაკთან დაკავშირებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებზე. უნდა იყოს საყოველთაო სტანდარტი და მე - მშობელმა უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილს ამ ინფორმაციას მიაწვდიან და თანაც - სწორად, დამატებით კი, რაც შემეძლება, მეც გავაკეთებ.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა ასე ცალკე, განყენებულად არ არის, იგი ღირებულებებზეა აგებული:
რა არის სიყვარული, რა არის მეგობრობა, რა არის ოჯახი, რატომ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, რატომ უნდა ავერიდოთ კონფლიქტებს და ა.შ. ეს წვრილ-წვრილი დეტალები მერე მთელ სისტემას ქმნის. თუნდაც, არასასურველი ორსულობის შესახებ, რა პასუხისმგებლობები და რა საშიშროებები მოსდევს სქესობრივ ურთიერთობებს, რა რისკებთან არის დაკავშირებული, არ უნდა იცოდეს 15, 16, 17 წლის მოზარდმა? ჩემი აზრით, უნდა იცოდეს. თუ მას სწორად აქვს ინფორმაცია მიღებული, მაშინ ეს ბუნებრივად იწვევს სქესობრივი ურთიერთობებით გადამდები ინფექციების პრევენციას, რადგან მოზარდს ეცოდინება, რომ ვიდრე ერთგული და ჯანმრთელი პარტნიორი ეყოლება, თავი უნდა დაიცვას. ამით არასასურველ ორსულობებსაც აირიდებს, რადგან თუკი პარტნიორი ჰყავს, ეცოდინება, როგორ დაიცვას თავი და მაშინ დაგეგმოს ორსულობა და შვილიც მაშინ ეყოლოს, როცა წყვილს ენდომება.
ცნობისთვის: ოჯახის დაგეგმვის მთავარი მიმართულებებია: არასასურველი ორსულობის პროფილაქტიკა; აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა; კონტრაცეპციების მეთოდების პროპაგანდა; მოზარდების სექსუალური აღზრდა და განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ოჯახის დაგეგმვა კი აერთიანებს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრის: თავიდან აგაცილებთ არასასურველ ორსულობას; მხოლოდ სასურველი რაოდენობის შვილები გეყოლებათ; დაარეგულირებს თქვენს ორსულობებს შორის ინტერვალს; მშობლების ასაკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ბავშვის დაბადების დროს და, ასევე, განსაზღვრავს ოჯახში ბავშვების რაოდენობას.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მის შესახებ ინფორმაციას ზოგადადაც და კონკრეტულადაც ფსიქოლოგებთან და ექიმებთან კონსულტაციებით მიიღებთ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?