"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა" - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა"

"თუ მე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ... ემანასიპაცია მოიტანა ამან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ...",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი "ართული ოცნების" ლიდერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, სამწუხაროდ, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ არის საკმარისი.

ბავშვის გასაზრდელად აუცილებელია:

1. დედას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდეს სამსახური და ღირსეული შემოსავალი

2. დედის თავი დაკავებული იყოს არა კარტოფილზე, პურზე, შაქარზე ფიქრით, არამედ - ბავშვის ფსიქოლოგიისა და განვითარების საკითხებით

3. სახელმწიფო და პოლიტიკოსები დედას უყურებდნენ, არა როგორც გამრავლების მანქანას, არამედ როგორც პიროვნებას, რომლის განვითარება შვილის გაჩენით არ მთავრდება. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეხმარებოდეს დედას კეთილმოწყობილი, მაღალი სტანდარტის საბავშვო ბაღებით ან შინ მოვლის სერვისებით.

4. სახელმწიფო ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს არა მხოლოდ ფეხმძიმობის და შვილოსნობის პერიოდში, არამედ მაშინაც, როცა ამ ქალს რამე სტკივა ან აწუხებს.

5. სახელმწიფო ზრუნავდეს არა მხოლოდ ქმრიან ქალებზე და მათ შვილებზე, არამედ მარტოხელაა დედებზე და მათ შვილებზე

6. სახელმწიფო ზრუნავდეს იმაზე, რომ ქალებმა არ დაკარგონ სამსახური დაფეხმძიმების ან დეკრეტული შვებულების შემდეგ.

7. სახელმწიფომ იცოდეს, რომ ქალი დედაა არა მხოლოდ 60 წლამდე, არამედ 60 წლის შემდეგაც და მას უნდა ჰქონდეს მისი შინ და გარეთ შრომის შესაბამისი პენსია და არა მათხოვრული და შეურაცხმყოფელი კაპიკები.

ბევრია კიდევ სათქმელი, მაგრამ გავრბივარ დედის და ბებიის ფუნქცია მაქვს შესასრულებელი", - წერს ლელა გაფრინდაშვილი

იხილეთ ასევე: "ლალიაშვილმა შეგნებულად დასცინა ივანიშვილს თუ რა იგულისხმა..?!"