"მიშველეთ, სანამ ჩემს ფსიქიკურად დაავადებულ ქალიშვილს რამე უბედურება არ ჩაუდენია" - კვირის პალიტრა

"მიშველეთ, სანამ ჩემს ფსიქიკურად დაავადებულ ქალიშვილს რამე უბედურება არ ჩაუდენია"

"თქვენღა დამრჩით იმედად და უნდა მიშველოთ არა მარტო მე, არამედ მათაც, ვისაც ჩემმა ქალიშვილმა ინგა ჩორგოლიანმა შესაძლოა ფსიქიკური დაავადების გამო მიაყენოს ზიანი. შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში პატრულის დახმარებით ამ დღეებში გადავიყვანეს და სრულყოფილი მკურნალობა ესაჭიროება. თუმცაღა ექიმები მეუბნებიან, რომ მისთვის 10-დღიანი მკურნალობაც საკმარისია და უნდა გამოწერონ, რის შემდეგაც შინ უნდა წავიყვანო. თავად მედიცინის მუშაკი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა ამ 10 დღეში ოდნავადაც არ გაუმჯობესდება. არავინ იცის, რას აუტეხს ოჯახის წევრებს, მცირეწლოვან შვილიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული აგრესიით იხსენიებს, შემდეგ კი სულაც უცხო ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა შემთხვევით გადაეყაროს. მითხარით, რა მოვიმოქმედო, რომ სახელმწიფომ ჯეროვანი მკურნალობა ჩაუტაროს, რათა რაიმე საშინელება არ ჩაიდინოს? 83 წლის ქალს სიბერის კიდევ უფრო გამწარების სასტიკად მეშინია. მერე ხომ ყველაფერი გვიანი იქნება. სახელმწიფოს ეს არ ანაღვლებს, მე კი აღარც ძალა შემწევს და არც ენერგია, რომ ამ სიტუაციას გავუმკლავდე", - ეს წერილი რედაქციაში ქალბატონმა ეთერ სარდლიშვილმა გამოგვიგზავნა და დახმარება გვთხოვა.

ჩვენ ქალბატონ ეთერს დავუკავშირდით. მან ქალიშვილისა და ოჯახის უკიდურესად რთული მდგომარეობის შესახებ გვიამბო.

- ჩემს გოგონას დაავადების პირველი ნიშნები 14-15 წლის ასაკში შევამჩნიე, როდესაც აგრესიული გახდა. მაშინ ეს ასაკობრივ ჰორმონულ ცვლილებებს მივაწერე. ვცდილობდი, მისი ყველა მოთხოვნა ამეტანა, რომ ასაკობრივ შემოტევებს გადაევლო. გამოხდა ხანი და ჩემმა შვილმა, არც კი ვიცი, რატომ, იმდენი ვალი დაიდო, რომ იძულებული გავხდი სახლი გამეყიდა და დარჩენილი ფულით სახელდახელოდ ქოხი ავიშენე, სადაც ახლაც ვცხოვრობთ. შემდეგ ჩემი გოგონა გათხოვდა. საბედნიეროდ, მისი მეუღლე კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა - თირკმლის დაავადება აღმოაჩნდა და გარდაიცვალა, ჩემს შვილს კი ორი კვირის ობოლი ბიჭი დარჩა, რომელსაც გაჭირვებით ვზრდიდი. ან რა უნდა მექნა, როდესაც ჩემი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულდებოდა. ფსიქიატრთანაც დაიწყო მკურნალობა და ბოდვითი ჰალუცინაციების დიაგნოზი დაუსვეს. წამლებსაც იღებდა, მაგრამ არაფერი შველოდა. წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდა მისი მდგომარეობა, რომ შვილი მერვე კლასიდან გამოიყვანა, არ არის საჭირო სკოლაში დადიოდესო, მე კი ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გავაწყვე. ერთხელაც აგრესიამ ისე შემოუტია, მოულოდნელად მომვარდა და ცემა დამიწყო. ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა პატრულმა, იქ ორი კვირა უმკურნალეს. მერე ექიმებმა მითხრეს, მწვავე პ[ერიოდმა გაუარა და შინ გააგრძელებინეთ წამლების მიღებაო, მაგრამ გამოწერის დღეს პალატაშივე ქოლგას წამოავლო ხელი და ისე ჩამარტყა,= ძირს დამანარცხა. ექიმები იძულებული გახდნენ, სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ და ერთი წლით ემკურნალათ. ამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დიდხანს მართლაც უკეთ იყო, წამლებსაც იღებდა, მაგრამ ბოლო დროს ისევ მძაფრი აგრესია დაეწყო და ისევ ფსიქიატრიულში გადავიყვანეთ. 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ იგივე მითხრეს, მწვავე პერიოდმა გაუარა და წაიყვანეთო. არადა, მისი მდგომარეობა ისევ ურთულესია და კლინიკაშივე ესაჭიროება სრულყოფილი მკურნალობა.

- გეშინიათ, იგივე არ განმეორდეს?

- მეშინია, ის არ განმეორდეს, რაც რუსთავში მოხდა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ ძმისშვილი მოკლა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ქალმა ქუჩაში სხვისი უმწეო ბავშვი დაჭრა. ჩემს შვილიშვილს 3 წლის ბიჭი ჰყავს. ჩემი ქალიშვილი მას განსაკუთრებით აგრესიულად ექცევა. ფსიქიკურად დაავადებული რომ არ იყოს, რომელი ჯანმრთელი ადამიანი შეიძულებდა 3 წლის შვილიშვილს? ასეთ ადამიანს შინ წამლების მიღება როგორ ვაიძულო. მალულად რომ მივცე და შემატყოს, მომკლავს. არადა, რა ვქნა, კლინიკიდანაც კი ყოველ წუთს ყვირილით მირეკავს, აქედან წამიყვანე, არც აქ ყოფნა მინდა, არც ამათი წამლებიო!

- ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ? - მივმართე. მომწერეს, ექიმების გადასაწყვეტია, თქვენს შვილს რა ხანგრძლივობით უმკურნალებენო. ექიმებს მცირე შრომა არ უწევთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათი გულგრილობა დანაშაულია. მიშველეთ, გემუდარებით, სანამ რამე უბედურება არ მომხდარა.

"ეს წესი კატეგორიულია - პაციენტის თანხმობის გარეშე პალატაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდება!"

ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ თბილისის თემქის მე-5 საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებას, სადაც ი. ჩ. მკურნალობს. იქ კი გვიპასუხეს:

- ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი კლინიკაში შემოჰყავთ დაავადების მწვავე პერიოდში. მას შემდეგ, რაც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება და ექიმი საჭიროდ აღარ მიიჩნევს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას, მწვავე პერიოდი გავლილად ჩაითვლება და პაციენტს კლინიკიდან გაწერენ. ასეთია კანონმდებლობა. მართალია, დედაქალაქში ფუნქციონირებს შესაბამისი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ორი კლინიკა, სადაც ასეთ პაციენტებს ხანგრძლივად მკურნალობენ, თუმცა ზემოაღნიშნულ კლინიკებში გადასაყვანად აუცილებელია თავად პაციენტის თანხმობა. ეს წესი კატეგორიულია - პაციენტის თანხმობის გარეშე პალატაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდება!

- როგორც წესი, პაციენტები ასეთ კლინიკებში ხანგრძლივ მკურნალობაზე იშვიათად თანხმდებიან. დაავადება კი უმწვავდებათ. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხშირია საბედისწერო შემთხვევები. მაგალითისთვის შეგახსენებთ რუსთავში მომხდარ ტრაგედიას, როცა ბიძამ ძმისშვილი მოკლა. - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების თანხმობის გარეშე მკურნალობა საბჭოთა მანკიერი მეთოდი იყო და საბედნიეროდ, ეს წესი აღარ არსებობს.

- მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მაგალითად დედა, რომელიც ხედავს, რომ მის ფსიქიკურად დაავადებულ შვილს მდგომარეობა უმწვავდება და საშიში ხდება ოჯახის წევრებისთვის. - კლინიკიდან გაწერილ პაციენტებს ოჯახის წევრებმა სათანადოდ უნდა მოუარონ, მკურნალობა შინ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგაც შინ გაწერილ პაციენტს მდგომარეობა მეორე დღესვე გაუმწვავდეს, ანუ დაუდგეს აგრესიული პერიოდი. აგრესიული პერიოდის დადგომისთანავე პაციენტი ხელახლა უნდა გადაიყვანონ კლინიკაში სამკურნალოდ.