ჩხოროწყუელი ემელიანე ევროპული ბრენდის სარეკლამო რგოლში გადაიღეს - კვირის პალიტრა

ჩხოროწყუელი ემელიანე ევროპული ბრენდის სარეკლამო რგოლში გადაიღეს

"თვალებით მამას ვგავარ, თმით - არავის. მამამ - კოლხებსა და ლაზებს ჰქონდათ ასეთი ლამაზი თმაო. ესე იგი, ჩემს წინაპრებს ვგავარ"

11 წლის ჩხოროწყუელი ემელიანე მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის, Aრლა-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ეს ოქროსფერთმიანი, ჭორფლიანი და ცისფერთვალება ყმაწვილი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- ემელიანე, ეს მაგარი სახელი ბაბუაჩემს ერქვა და ჩემმა მშობლებმა მის პატივსაცემად დამარქვეს. ჩემი ძმა პატარა რომ იყო, ემელიანეს ვერ ამბობდა და გუგა დამიძახა. მას მერე უმრავლესობა ასე მეძახის. 11 წლის ვარ, დაბა ჩხოროწყუს საჯარო სკოლაში დავდივარ. მართლა არ ვსწავლობ ცუდად, თუ არ გჯერათ, ჩემს მასწავლებლებს ჰკითხეთ, თუმცა სკოლის საგნებზე მეტად ფეხბურთი მიყვარს. 6 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ მივედი. 10 წლიდან "დინამოს" აკადემიის ფილიალში ჩავირიცხე და ახლა კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშებზე მარტვილში ჩავდივარ.

- ბრიტანულ რეკლამაში როგორ მოხვდი? - ზაფხულში თბილისში ვიყავი ჩამოსული. დედა მე და ჩემს ძმებს შეგვპირდა, მთაწმინდის პარკში გაგასეირნებთო. თავსუფლების მოედანზე გაჩერებაზე რომ ვიდექით, გოგონა მოგვიახლოვდა და დედას სთხოვა ჩემზე, თუ შეიძლება ამ ბიჭს ფოტოს გადავუღებო. ეს გოგო მოყვარული ფოტოგრაფი თიკა ჯაბანაშვილი აღმოჩნდა. მას ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში აუტვირთავს. ორი დღის შემდეგ სტუდიიდან დაგვირეკეს, როგორც იქნა, გიპოვეთო და ქასთინგზე მიგვიწვიეს. მივედით, ფოტოები გადამიღეს და სამი თვე არ შეგვხმიანებიან. ეს ამბავი რომ გადამავიწყდა, სწორედ მაშინ დაგვირეკეს, გადარია ემელიანემ ბრიტანელები და ჩამოდით, რძის მწარმოებელი ფირმის ბრიტანულ რეკლამაში უნდა გადავიღოთ.

- ბევრი ბავშვი იყო ქასთინგზე?

- 50. ვფიქრობ, ჩემი თმის ფერით და გარეგნობით დაინტერესდნენ. კლიპს ოქროყანაში, მდიდრულ სახლში დაახლოებით ხუთი საათი იღებდნენ. ძნელი ყოფილა გადაღება, დავიღალე და ცოტა მომწყინდა კიდეც.

- ასეთი სიმპათიური ვის ჰგავხარ? - თვალებით მამას, თმით - არავის. მამამ მიამბო, კოლხებსა და ლაზებს ჰქონდათ ასეთი ლამაზი თმაო. ესე იგი, ჩემს წინაპრებს ვგავარ.

- კამერის წინ დგომამ მსახიობობის ან მოდელობის სურვილი ხომ არ გაგიღვივა? - არა, მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი მინდა გავხდე. ამისთვის ბევრს ვვარჯიშობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მესია, მე ისეთი მაგარი ფეხბურთელი გამოვალ, მესისაც კი მოუნდება ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება.

თიკა ჯაბანაშვილი, ფოტოგრაფი: - ყოველთვის ვცდილობ მნიშვნელოვანი კადრები არ გამექცეს და მათი აღბეჭდვა მოვასწრო. იმ დღეს გაჩერებასთან ტრანსპორტს ველოდებოდი, როცა ქალი სამი შვილით მომიჯდა. სხვათა შორის, გუგა, გარეგნობის გარდა, ხასიათითაც გამოირჩეოდა. მზრუნველობას იჩენდა ძმების მიმრთ. უამრავი ტრანსპორტი გავუშვი, სანამ გავბედე და მას და დედამისს ვთხოვე, რომ ფოტო გადამეღო. იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მეგონა. დაბნეულობისაგან ტელეფონის ნომრის გამორთმევა დამავიწყდა, თუმცა სოციალურ ქსელში განთავსების შემდეგ, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, გუგა მალევე ვიპოვეთ.

გრიგოლ მამფორია, ემელიანეს მამა: - ბოლოს ბრიტანელებმა ორი აარჩიეს. გადაღებას თვალს ვადევნებდი და იმდენი ადამიანი იყო, მართლა ჰოლივუდში მეგონა თავი. კლიპის მონაწილე ყველა ქართველია, კატაც კი. რეკლამა სხვადასხვა ქვეყანაში გავიდა და ყველგან მოსწონთ, რაც ძალიან მახარებს. კინოშიც უნდოდათ ბავშვის გადაღება, მაგრამ სალაპარაკო ინგლისურის ცოდნა მოსთხოვეს და არ იცოდა სათანადოდ.

ცოტა ხნის წინ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" მიგვიწვიეს, თუმცა ქასთინგს თამაში დაემთხვა და ამიტომ ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ფეხბურთი ურჩევნია ყველაფერს. მეც კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და მწვრთნელიც.