ავთო ცქვიტინიძე: "ქალი ემსგავსება ქალს!" - კვირის პალიტრა

ავთო ცქვიტინიძე: "ქალი ემსგავსება ქალს!"

"კახა მისდევს მოდას, მას ყოველთვის მოდურად აცვია"

მოდა დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებული ტენდენციაა, რომელიც დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში ახალი მიმდინარეობებითა და ტენდენციებით იცვლება, ამიტომ მოდა იმ დროის ვითარებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც იქმნება.

როგორი ზამთარი გვექნება მოდის თვალსაზრისით 2020 წელს, როგორი ფერები, სილუეტები, აქსესუარები და ვარცხნილობები იქნება ამ სეზონზე მოდური? ჩვენს რუბრიკაში ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრება.

- ეს ზამთარი სისადავით გამოირჩევა. თუ წინა სეზონებზე გვხვდებოდა კუბოკრული და ჭრელაჭრულა ქსოვილები, ამ სეზონზე, ძირითადად, სადა, ნატურალური ფერებია მოდური. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში იდეალურად მიჩნეული შავი ფერი, თუმცაღა მთელ მსოფლიოშიც ასეა.

რაც შეეხება კაბებს, ქალბატონებს მინდა მივულოცო - შეიძლება ითქვას, რომ ქალი ემსგავსება ქალს. სილუეტი მაქსიმალურად ქალური გახდა, წელი გამოკვეთილია. მამაკაცებს შორის აქტუალურობას არ კარგავს ოდნავ მოკლე შარვალი და, ალბათ, კიდევ რამდენიმე სეზონი ასე გაგრძელდება. ძალიან მოდურია ერთმინაკეციანი შარვალიც, ანუ ზემოთ ოდნავ განიერი და ქვემოთ, კოჭამდე, დავიწროებული, აბშლაგიანი დასასრულით.

- ბოლო დროს ყურადღების საგნად ქცეული კახა კალაძის შარვალი გამახსენდა. - კახა მისდევს მოდას, მას ყოველთვის მოდურად აცვია. მამაკაცებისთვის სპორტული ფეხსაცმელია ისევ აქტუალური, ისევე, როგორც მაღალყელიანი უხეში ე.წ. ბათინკები, ქალბატონებს კი, თუ წინა სეზონებზე ყველაფერი სპორტულ ფეხსაცმელზე ეცვათ, მათ შორის - საბანკეტო კაბებიც კი, ახლა სპორტული ფეხსაცმელი ნელ-ნელა ქუსლიანმა, ოთხკუთხედცხვირიანმა ან წვეტიანმა ფეხსაცმელმა და ჩექმამ შეავიწროვა, თუმცა უხეში ბათინკებსა და ჩექმაზე თხელი გამოსასვლელი კაბებისა და ქვედაბოლოების ჩაცმა ისევ აქტუალურია, ოღონდ ამ შემთხვევაში კაბის სიგრძეა დამოკლებული.

- კაბების სილუეტზე ილაპარაკეთ, თუმცა კიდევ ბევრი დეტალია - სიგრძე, სახელოს ფორმა... - ამ სეზონისთვის კაბები მხრებში გაიზარდა, ისე, როგორც 80-იან წლებში, ოღონდ ამის პარალელურად, წელი აუცილებლად გამოკვეთილი უნდა იყოს ფართო ან ვიწრო ქამრით. თუ ადრე მთელი მსოფლიოს დიზაინერები გვთავაზობდნენ მთლიანად თავისუფალ სილუეტს, ახლა სილუეტის გამოკვეთა სავალდებულოა თითქმის ყველა მოდელში. სახელოები შეიძლება იყოს ყველანაირი - გამოყვანილით დაწყებული გადატვირული მკლავით დამთავრებული.

- ვარცხნილობა როგორი შეარჩიონ? - მაქსიმალურად ბუნებრივი.

მაკიაჟიც ნატურალური უნდა იყოს, მაგრამ საღამოს ქალბატონებს შეუძლიათ ცისფერი ან ვარდისფერი ჩრდილები გამოიყენონ, პომადა კი პრიალა წაისვან - ტუჩი უნდა პრიალებდეს.

- ამ ზამთარს კეპები მოდურია? - აღარ არის წელს აქტუალური კეპები, ისინი ბერეტებმა შეცვალა.

- პალტო თუ "დუტი"? - ამ სეზონისთვის ორივე მოდურია. დაგრძელებული სილუეტები და ოდნავ გაბერილი "დუტის" ქურთუკები კარგად გამოიყურება, თუ შიგნით ფერადი ტანსაცმელი გაცვიათ. პალტოებიც დაგრძელდა. ძალიან აქტუალურია პიჯაკის ფორმის პალტოებიც, ოდნავ დიდი მხრებით, თავისივე სიგრძის შორტსა და ქვედაბოლოსთან ერთად. გააქტიურდა გადადებული ქვედაბოლოები. კვლავ მოდურია გრძელი გოფრირებული ქვედაბოლოებიც.

- ფერადი სვიტერები და როლინგები? - ორივე მოდურია. მამაკაცები ძნელად ირგებენ როლინგებს, თუმცა ამ სეზონზე გააქტიურებულია ფერადი როლინგები და ვნახოთ, როგორ მოირგებენ მათ ქართველი მამაკაცები.

- მამაკაცების ვარცხნილობაზე არ გვისაუბრია. ამ ზაფხულს არა მხოლოდ თინეიჯერებმა წამოიზარდეს თმა... ზამთრისთვის რა იქნება? - ეგ, ალბათ, ფეხბურთელების ბრალია, რომლებმაც დაწნული და უკან შეკრული თმა ლამის მოდად აქციეს, ასე რომ, ესეც აქტუალურია. ასევე მოდურია გვერდებზე და უკან აჭრილი და წინ ოდნავ მოზრდილი თმა.