"გავბედე და ასე ხმამაღლა პირველად ვისაუბრე ამ ყველაფერზე" - კვირის პალიტრა

"გავბედე და ასე ხმამაღლა პირველად ვისაუბრე ამ ყველაფერზე"

"მქონდა მცდელობა, გამეგო, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები, მაგრამ მწირი ინფორმაცია მოვიპოვე და თავი დავანებე"

"მასტერშეფის" მონაწილემ, მარტა ბარამიძემ ვიდეოში, რომელიც პროექტის "ფეისბუკ"-გვერდზე აიტვირთა, ბავშვობის რთული პერიოდი გაიხსენა. თქვა, რომ დაბადებისთანავე გაყიდეს, რომ არაერთხელ გახდა ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი, გამოიარა შიმშილი, ბევრი განსაცდელი... ამას პროექტის მაყურებლებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. წერდნენ, რომ მას ძალიან კარგად ექცეოდნენ აღმზრდელები - ცოლ-ქმარი, ვინც მარტა იშვილა და ეს ყველაფერი პროექტში გასამარჯვებლად მოიგონა. ბევრიც პირიქით, ამხნევებდა და წარმატებებს უსურვებდა. მარტამ ეს ყველაფერი ღირსეულად გადაიტანა, რადგან თვლის, რომ სამყაროში არაფერი იკარგება და რომ მას შეცდომა არ დაუშვია...

- მარტა, გაიხსენე, პატარაობისას სამზარეულოში ტრიალი და რამის მომზადება თუ გიყვარდა?

- ლითონის ქილები ეზოში ჩამქონდა, ბოსტნეულს ვშუშავდი და მეგონა, საოცარ კერძებს ვამზადებდი - აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული სამზარეულოს მიმართ. პირველად დამოუკიდებლად კარტოფილი შევწვი, მერე ხაჭაპურის გამოცხობა გადავწყვიტე. ცომი თვითონ მოვზილე და მთელი სამზარეულო გადავათეთრე, ყველაფერი ფქვილიანი იყო. ცოტა რომ წამოვიზარდე, სულ თვითონ ვიმზადებდი საჭმელს და ნელ-ნელა გავერკვიე რაღაცებში.

- საბაზისო ცოდნა საიდან მიიღე - ინტერნეტით, მეგობრებისგან თუ კულინარიის შემსწავლელი კურსები გაიარე?

- 22 წლისამ ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავიწყე მუშაობა, თავიდან დამხმარე ვიყავი და მერე მზარეულად გადამიყვანეს. ისეთ პროდუქტებთან მქონდა შეხება, რაც მანამდე არც გამეგო და არც გამომეყენებინა. მყავდა შეფი, რომელიც ექსპერიმენტების კეთების საშუალებას მაძლევდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საქმეში. ამ მხრივ მართლაც გამიმართლა. როცა მზარეულს ახალი კერძის შექმნა და გატესტვა უნდა, შეფი კი ამის შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული თვალსაზრისით ეს გზრდის. სამზარეულო არის მუდმივი ძიება, ვიდრე რამე ახალს გამოიგონებ. მანამდე შეიძლება ასჯერ სცადო და საბოლოოდ მიხვიდე სასურველ შედეგამდე. გამოდის, რომ პრაქტიკაში მივიღე ცოდნა. თეორიულად რაც მაინტერესებდა, ინტერნეტში ვეძებდი. მას შემდეგ, რაც იმ რესტორნიდან წამოვედი და სხვაგან დავიწყე მუშაობა, უკვე ვეღარ ვახერხებდი ინტერესის დაკმაყოფილებას და თუ რამე მომწონდა, სახლში ვაკეთებდი ხოლმე.

- ალბათ მეგობრებს აგემოვნებინებდი, არა? - კი, მეგობრები საცდელი თაგვებივით იყვნენ. საბედნიეროდ, ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან დღეს (იცინის). უცებ მომივიდოდა იდეა, - მოდი, ეს გავაკეთოთ-მეთქი, ავდგებოდი და ვიწყებდი მზადებას. ჩემს სამეგობროში არ არიან კულინარიის მოყვარულები და თავიდან ყველა შიშით მიყურებდა, ამას როგორ გააკეთებ ან როგორი გამოგივაო? ახლა როცა რამეს ვამზადებ, პროცესში ყველა ერთვება, ზოგი მიქსერით თქვეფს, ზოგი ცომს ზელს...

- აუცილებლად უნდა გკითხო იმ ვიდეოს შესახებ, რომელშიც შენი რთული ბავშვობისა და გამზრდელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდი. ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ვიდეოს, ზოგი - ნაცნობი, ზოგიც უცნობი, ბევრსაც უბრალოდ ეჭვი ეპარება ამ ამბის რეალურობაში...

- იმ კორპუსში, სადაც მე გავიზარდე, ალბათ 200 ადამიანი მაინც ცხოვრობს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მიშვილეს და ამ ხალხის თვალწინ ვიზრდებოდი. მოძალადე სახალხოდ არ იქცევა ცუდად, მეც პატარა და დაუცველი ვიყავი, საქვეყნოდ ვერ ვამბობდი ვერაფერს. ყველა ოჯახში სცემენ ბავშვებსო, - ამბობენ... ალბათ ამიტომ, ბოლო ხმაზე რომ ვკიოდი, მიშველეთ-მეთქი, არავინ მშველოდა. თავიდან ვიფიქრე, ეს ადამიანები იმიტომ მწამებენ ცილს, რომ ბევრი რამ ან არ იციან, ან აღარ ახსოვთ-მეთქი. ერთ-ერთი მეზობელი წერდა, თითქოს ჩემმა აღმზრდელმა ცხელი დანა შემთხვევით მომადო სახეზე. ამის შემდეგ აღარაფრის ახსნისა და დაკომენტარების სურვილი აღარ გამიჩნდა. წლების განმავლობაში დამჭირდა ფსიქოლოგებთან სიარული, ემოციური კავშირი რომ გამეწყვიტა ბავშვობაში მომხდართან. ეს გზა უკვე გამოვიარე, გავბედე და ასე ხმამაღლა პირველად ვისაუბრე ამ ყველაფერზე. მანამდე მხოლოდ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა და ფსიქოლოგმა თუ იცოდა. მაგ პერიოდმა, იცი, რამდენი რამ მასწავლა? 7.000 წიგნი რომ წაიკითხო და ემოციებით დაიღალო, აი, ასეთი შეგრძნებაა. ახლა უკვე ჩემი ცხოვრების წიგნის გადაშლა შემიძლია. მქონდა მცდელობა, გამეგო, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები, მაგრამ მწირი ინფორმაცია მოვიპოვე და თავი დავანებე. მათგან უბრალოდ, სიმართლის გაგება მინდოდა, სხვა არაფერი.

- თუმცა, ბევრი რამის მიუხედავად, დედობილს ბოლომდე უპატრონე, ხომ?

- სიმსივნე რომ აღმოაჩნდა, თბილისში ჩამოვიყვანე, გერმანიაში გავგზავნე ანალიზები, რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადე. ვცდილობ, არ ვისაუბრო იმაზე, რაც გავაკეთე, რადგან ჩემთვის საკუთარი თავის ქება მიუღებელია. სამყაროში არაფერი იკარგება...

ნინო ჯავახიშვილი ჟუტნალი "გზა"