ტაში, ყიჟინა, ცრემლები - რა აქვს საერთო ყველა აქციას საქართველოში - კვირის პალიტრა

ტაში, ყიჟინა, ცრემლები - რა აქვს საერთო ყველა აქციას საქართველოში

36 წლის ვარ, შესაბამისად, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, ყველა აქციას საქართველოში ან მოვესწარი, ან მახსოვს, ან ვმონაწილეობდი, იყო დრო ორგანიზებასაც ვუწევდი და ახლა უკვე დიდი ნიუსრუმიდან და ტელევიზიიდან ვაკვირდები ყველაფერს (ე.ი. კომპეტენტური ვარ-მეთქი მინდოდა მეთქვა :)) ამდენ ნაპროტესტალ-ნამიტინგარ-ნააქციარმა, მინდა, მოგიყვეთ, ჩემი დაკვირვებით, რა აერთიანებს ყველა აქციას საქართველოში...

იდეოლოგიისა და პოლიტიკის განხილვას არ ვაპირებ, არც მიზეზების, უშუალოდ ტექნიკურ-დრამატურგიული კუთხით უნდა განვიხილო.

შეკრება

იმისათვის, რომ აქცია ეფექტური იყოს, ამისათვის შეკრება ხდება არა უშუალოდ აქციის ჩატარების ადგილას, არამედ სხვადასხვა ლოკაციაზე და ლიდერებთან ერთად ეწყობა მსვლელობა. აქციაზე მისვლა ხდება არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად, ამ დროს დამხვდურნი აცხადებენ: ჩვენ გვიერთდებიან ჩვენი ძმები იქიდან, აქედან, ამ დროს ისმის ყიჟინა და ძლიერი ტაში!

რეგიონებიდან მსვლელობას უფრო მეტი ორგანიზება სჭირდება, სადღაც მცხეთასთან მოახლოებისას მომიტინგეთა მანქანები ცდილობენ, არ გაატარონ წინ არავინ, იქმნება საცობი, არის სიგნალები (ზოგი გინების მიზნით, ზოგიც - მხარდასაჭერად), ამ დროს აუცილებლად ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ჯვრის მონასტერთან და აი ეფექტური კადრიც მზადაა!!! მეორე კადრი უკვე დიღმიდანაა, თუ როგორ მოსდის ღაპა-ღუპით სიხარულის ცრემლები მსუქან ქალს მათ დანახვაზე. აქციას ყველაზე ბოლოს უერთდებიან ახალგაზრდები, სასტვენებით, დროშებით, ყიჟინით, გამომსვლელი ამ დროს რატომღაც ყველას ერთად სტუდენტებად აცხადებს, გილოცავთ! თქვენ ყველა ჩარიცხულები ხართ :))

შევიკრიბეთ! ტაში, ყიჟინა, ცრემლები

აქციის მონაწილეები

მიტინგი ძირითადად შედგება ლიდერების, აქციის წამყვანის, პარტაქტივის, ახალგაზრდების, სპორტსმენების, ორგანიზატორებისა და ხალხისგან.

რამდენიმე ძირითადს გამოვყოფ.

აქციის წამყვანი

აქციის წამყვანი ხშირ შემთხვევაში არის მსახიობი, პოეტი ან ახალგაზრდული ფრთის უკვე ხმა ჩახრეწილი წარმომადგენელი და გამოსვლას აუცილებლად იწყებს სიტყვებით: "მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, მე იქ ვარ, სადაც ჩემი ხალხია"!

პარტიის ლიდერები პარტიის ლიდერებიდან ყველაზე ქარიზმატულები ერთმანეთს ენაცვლებიან სიტყვებით:

"აქ მთელი საქართველოა" (ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს) "ქაჯეთის ციხე!" ( ცერა თითს უკან მიმართავს და პარლამენტის შენობაზე მიანიშნებს, თუმცა ცოტა ხნის წინ იქ იჯდა)...

შიგადაშიგ წამოცდენები, უცენზურო ლექსიკაც მოსულა, ცოტა იუმორიც აუცილებლად.

სულ არსებობს ერთი ლიდერი რომელიც მანამდე არ გამოჩენილა არც აქციაზე, არც ტელევიზორში და მუხტის დაცემისთანავე, თითქოს მოულოდნელად გამოვარდება და იყვირებს, რომ აქციას უერთდება !

ტაში, ყიჟინა, ცრემლები...

სპორტსმენები

სპორტსმენებს აქციის დაცვა ევალებათ, ისინი ძირითადად მოჭიდავეები, მორაგბეები და სხვა ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლები არიან. დაცვაში ყოფილი ძალოვანებიც ხშირად გვხვდებიან.

ლოზუნგები, მოწოდებები, ტრანსფარანტები, სიმღერა

ამ მიმართულებით კრეატიულობა არ გვაწყენდა. დროდადრო კი ჩნდება ხოლმე რაღაც ახალი მაგრამ, "გადადექის" ვერ გავცდით და მის გარეშეც უკვე ვეღარ წარმომიდგენია ვერანაირი შეკრება, ასევე მეორდება:

მონებო!

ძირს!

წადი!

დასრულებულია!

დავასრულებთ!

იუდა!

მორჩა!

დაუმორჩილებლობა!

გამოდი და გაეცი ხალხს პასუხი!

საქართველოს "ვიღაცის" გარეშე... გაუმააააააარრრრრრრრრრრ !!!! .......... ჯოს!!!!!!!

წარწერა ტრანსფარანტზე იმერეთიდან "იუმორინას" სტილში :  "...შენ მეისპე!" (წინ არასასურველი ადამიანის სახელით)

საქართველოს ჰიმნი! ასრულებს ყველა ერთად.

სიმღერა "ჰერიო ბიჭებო" ასრულებს ნებისმიერი მომღერალი, რომელიც საახალწლო კონცერტზე არ ამღერეს.

ტაში, ყიჟინა, ცრემლები...

ხალხის რაოდენობა

რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურის რომელიღაც წარმომადგენელი აცხადებს, რომ აქციაზე დგას X/2 ადამიანი. ამ ინფორმაციის გამოცხადებისას მიტინგის წამყვანი გადაიხარხარებს და ამას მოჰყვება ჯგუფური სიცილი.

აქ სინამდვილეში დგას 2X, 3X და კიდევ უფრო მეტი!

მოდით, ვაჩვენოთ რამდენი ვართ! - აგრძელებს წამყვანი და აი, აქ უკვე რაღაც შეიცვალა, ადრე ამ მომენტში სანთლებს ჩამოარიგებდნენ ხოლმე, მჭერია მეც ორი ანთებული სანთელი უფრო მეტი რომ გამოვჩენილიყავით, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს ძირძველი ტრადიცია წაგვართვა და მობილური ტელეფონების ფანრებით ჩაანაცვლა.

მთელი საქართველო აქაა. ვინც ტელევიზორებთან ხართ შემოგვიერთდით!

(ესეც გაცვეთილ ფრაზებში შეიძლება დავამატოთ)

უკვე გვიანია

როგორც ყველაფერი არც აქციაა მუდმივი და ხალხს ნელნელა დაღლილობა ეტყობა..

ამ დროს ისმის შეძახილები:

ჩვენ არ დავიშლებით!

ხალხო, ახლა მატყობინებენ, რომ ჩვენს შორის არიან შემოგზავნილები!

(ამ დროს ყურადღება იმატებს, მუხტი იწევს, მაგრამ მალევე ქრება)...

ამ დროს მომიტინგეთა ნაწილი გადაწყვეტს ღამის გათენებას (უკიდურეს შემთხვევაში შიმშილობას) და აქციაზე შემოაქვთ ხელში ატაცებული უზარმაზარი კარავი (შეიძლება საკანიც)...

ტაში, ყიჟინა .

დაბოლოს, რჩევები ჩემგან:

1. ჩაიცვით რაც შეიძლება თბილად, ეს დაგიცავთ როგორც სიცივისგან, ასევე ხელკეტის შეგრძნებებსაც შეამცირებს.

2. არცერთ აქციაზე საპირფარეშოები არ არის, ამიტომ აქ ვერაფერს გირჩევთ გამძლეობის გარდა...

3. თუ შეამჩნევთ რომ აქციის სპორტული აღნაგობის მამაკაცები ერთად იკრიბებიან, ლიდერებმაც იკლეს და სახლიდან ბევრი გამოტოვებული ზარი გაქვთ (ბევრი გაცვიათ და ტელეფონის ხმას ვერ გაიგებდით) ე.ი. დარბევა იწყება. ასეთ დროს უმჯობესია იდგეთ ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ, რადგან ვერ ვიხსენებ ვერცერთ ფაქტს ეკლესიაში დამრბევების შევარდნის. თუ ეს ვერ მოასწარით მაშინ ტაში, ყიჟინა, ცრემლები;)

ლევან ტაბატაძის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს