"ქართული თეატრის სინდისი და ზნეობა გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე" - კვირის პალიტრა

"ქართული თეატრის სინდისი და ზნეობა გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე"

3 დეკემბერს რუსთაველის თეატრი გამოემშვიდობა დიდებულ ქალბატონს, უნიჭიერეს მსახიობს-ზაირა (ზაზა) ლებანიძეს, რომელმაც  გრძელი შემოქმედებითი გზა გაიარა, ის გამოირჩეოდა საკუთარი საქმისადმი დიდი თავდადებით. წლების განმავლობაში იგი მოღვაწეობდა სოხუმის მარჯანიშვილის და რუსთავის თეატრებში. ბოლო ოთხი ათეული წელია კი რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა: ელენე ("თავისუფალი თემა"), ბებია (" მე ბებია, ილიკო და ილარიონი", ნატო ანოს დედა ("როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" ) და სხვა.

"ჩვენს მაყურებელს არასდროს დაავიწყდება ზაზა ლებანიძის სცენური სახეები, თუნდაც ლოლას გულშიჩამწვდომი სიმღერა სპექტაკლიდან "მოხუცი ჯამბაზები". მიუხედავად მხცოვანი ასაკისა, ქალბატონი ზაზა ყოველთვის გამოირჩეოდა ახალგაზრდული შემართებით. საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველ ახალ როლს და დამსახურებულად მოიპოვა მაყურებლისა და კოლეგების სიყვარული. ზაზა ლებანიძის ბოლო როლი ჯაჯო იყო, რობერტ სტურუას სპექტაკლში "ასულნი". მოკრძალებული, კეთილი, თავმდაბალი და ბავშვივით თვალებანთებული, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში. ღრმა მწუხარებით გემშვიდობებით, ქალბატონო ზაზა. იძინეთ მშვიდად, თქვენ ვალმოხდილი მიდიხართ ამ ქვეყნიდან..." - ასე დაემშვიდობა რუსთაველის თეატრი მსახიობს.

კახი კავსაძე, მსახიობი:

- ზაზა ლებანიძე - როგორც არტისტი, პიროვნება საზოგადო მოღვაწე, იყო უმაღლესი რანგის ყოველმხრივ! არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის კარგად მცოდნე, დიდებული პროფესიონალი!  მას ჯერ კიდევ ინსტიტუტიდან ვიცნობდი და ბედნიერი კაცი ვარ იმით, რომ ვმეგობრობდი ამ არაჩვეულებრივ ქალბატონთან...

თამარ სხირტლაძე, მსახიობი:

- ზაზა ლებანიძე ჩემთვის უახლოესი იყო... შემდეგ ზაზა მარჯანიშვილის თეატრიდან გადავიდა და სამწუხაროდ, ხშირად ვეღარ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. უამრავი წლები მაქვს გატარებული მასთან, ზაზას გამოარჩევდა პირდაპირობა, პირუთვნელობა, არავის ენას არ მოუჩლექდა... ძალიან საამაყო გოგო იყო, გამორჩეულად მიყვარდა და მჯეროდა მისი ნიჭისაც, შემოქმედებისაც და სიტყვისაც! კახი კავსაძე, ზაირა ლებანიძე - სცენა სპექტაკილიდან ,მოხუცი ჯამბაზები' სამწუხაროდ, ზაზას ნიჭს და შესაძლებლობებს არ ჰქონდა სათანადოდ გამოვლენის საშუალება. ბევრი რამის მომსწრე ვარ, მაგრამ ყველაფრის მოყოლა არ შეიძლება. ყველა ჩვენთაგანს გვაქვს თეატრში გული ნატკენი, ჩაგვრის შემთხვევები ყოფილა ზაზას, ჩემს, სხვის ცხოვრებაშიც... ზაზას მეტი ყურადღება ეკუთვნოდა, მაგრამ ძალიან ამაყი იყო, წარმოუდგენელი იყო, ვინმესთვის რამე ეთხოვა...

ჩემო ზაზა, იმ ქვეყნად მე უფრო ადრე უნდა წავსულიყავი, შენზე უფროსი ვარ, მაგრამ ბედი ვის რას არგუნებს, კაცმა არ იცის! ყველა ვამაყობთ შენით, ვინც გიცნობდით!

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- იშვიათად მინახავს მსახიობი ისეთი ღირსეული, ნიჭიერი და ამავდროულად დაუფასებელი, როგორიც ზაზა ლებანიძე იყო. შეიძლება ითქვას, რომ უიღბლო! ყველა მოცემულობა ჰქონდა - ნიჭი, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული რომ ყოფილიყო ყველაზე წარმატებული!  წაკითხული მაქვს ჩანაწერი, თუ როგორი აღფრთოვანებული იყო სესილია თაყაიშვილი, როდესაც ზაზა ლებანიძემ შესარულა ბებიას როლი რობერტ სტურუას დადგმაში "მე ბებია, ილიკო და ილარიონი".

ჩვენ რომ გავიხსენოთ სპექტაკლი - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", როგორი დუეტი აქვს ზაზა ლებანიძეს ვასო გოძიაშვილთან, არაფრით არ ჩამოუვარდება უდიდეს მსახიობს". ცალკე აღნიშვნის ღირსია ზაზა ლებანიძის ვოკალური მონაცემები.

მე იგი ახლოს გავიცანი, როდესაც თამაშობდა გოჩა კაპანაძის სპექტაკლში - "მოხუცი ჯამბაზები", რომელიც ჩემი სადიპლომო თემა იყო... ზაზა ლებანიძეს თავგანწირვა ჰქონდა პროფესიისადმი. ნამდვილად რთული თეატრალური ხასიათის ქალბატონი იყო, ბევრი იმედგაცრუებით და გულისტკივილით. ბევრჯერ ატკინეს გული თეატრშიც და კინოშიც. მთავარ გულისმტკენლად ერთ-ერთ მსახიობს მიიჩნევდა, რომლის სახელსაც და გვარსაც, ბუნებრივია, ახლა ვერ გავამხელ... სხვათა შორის, ისიც ბრწყინვალე მსახიობი იყო, რომელზეც ზაზა ხშირად ამბობდა, არაერთი ჩემი როლი მან ითამაშაო. არც ის მსახიობი იყო რამეში დამნაშავე. თეატრი ასეა - რეჟისორი წყვეტს ვინ რა ითამაშოს და მორჩა!

ზაზა ლებანიძე მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთავის თეატრში გადავიდა, შემდეგ რუსთაველის თეატრში. ბოლოს განსაკუთრებულად მომწონდა მისი სახე სპექტაკლში - "მზის დაბნელება საქართველოში". ასევე ძალიან მომწონდა რობერტ სტურუას სპექტაკლში -"ასულნი". არაჩვეულებრივი იყო და მე ვერ მაჩვენებთ ერთ თეატრალსაც კი, რომელიც იტყვის, რომ ზაზა ლებანიძე საშუალო დონის მსახიობი იყო. ყველა ამბობს, რომ ზაზა ძალიან კარგი არტისტი იყო!

უბრალოდ, მას არ ჰქონდა თვითპოპულარიზაციის უნარი... ამის გამო დაიჩაგრა, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ სპექტაკლებში დაკავებით ძალიან სასიხარულო დღეები ჰქონდა...

ზაზა სულ საოცარ ისტორიებს ყვებოდა და ვეხვეწებოდი ჩვენთან ტელევიზიაში მობრძანდით-მეთქი, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. არც რადიოში მოვიდა... ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ძალიან კარგი როლი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, ჩემი ტელევიზიასთან ურთიერთობა დასრულდაო...

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ზაზას გახმოვანებები. ერთი პერიოდი მგონი ყველა სერიალს იგი ახმოვანებდა და იქაც ბადალი არ ჰყავდა...

საოცარი პიროვნული თვისებები ჰქონდა, განსაკუთრებული სითბო ზაზა ლებანიძისგან დამამახსოვრდა, ნათელში იყოს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი...

ამონარიდი მსახიობ და რეჟისორ გიორგი სავანელის "ფეისბუკსტატუსიდან":

"ქართული თეატრის სინდისი და ზნეობა გავაცილეთ დღეს უკანასკნელ გზაზე და ამავდროულად ის ბოლომდე დარჩება, როგორც ქართული თეატრის ერთ-ერთი ბოლომდე გამოუყენებელი დიდი არტისტი!!!

P.S. ერთი პატარა ნიუანსიც, მისი პიროვნულისთვის... შუა ზაფხულია, პაპანაქება, მახსოვს და ქუჩაში შემთხვევით ვხვდები ქალბატონ ზაზას. მაშინ 79 წლის იყო. მოვიკითხე, მანაც მომიკითხა... ძალიან ცხელა შუადღისას, არ გაწუხებთ, ასეთ დროს რომ გამოდიხართ-მეთქი...

მეუბნება - არ შეიძლება არ გამოვიდე, ჩემი მეგობარია, ვერ დგება, თან მარტო ცხოვრობს და იმასთან დავდივარ ყოველდღე... ვეხმარები, ვაწესრიგებ, სადილი მაინც ხომ უნდა მივუტანო, მშიერი დარჩება რომ არ მივიდეო...

იმ პაპანაქება სიცხეში, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა... ხელზე ვაკოცე, ვუთხარი, ძალიან მიყვარხართ მეთქი და დავემშვიდობე..."

(სპეციალურად საიტისთვის)