"როგორც კი ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ცუდი შეგრძნება მეუფლება, რადგან საშინელი პერიოდი იყო" - კვირის პალიტრა

"როგორც კი ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ცუდი შეგრძნება მეუფლება, რადგან საშინელი პერიოდი იყო"

მსახიობ მარი არღუთაშვილის ცხოვრება მისი პერსონაჟისგან - ნათიასგან (სერიალი "იდეალური დედა") ძალიან განსხვავდება. თავისი ცხოვრების სტილის შესახებ მსახიობი თავად გვესაუბრა...

ბავშვობის მძიმე ეპიზოდი და გამძაფრებული ოცნება

- 90-იანი წლების უბნელეს და უშავეს გარემოში გავიზარდე. როგორც კი ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ცუდი შეგრძნება მეუფლება, რადგან საშინელი პერიოდი იყო. ზოგად ფაქტებს ნოსტალგიით ვიხსენებთ, თორემ პირადად ჩემი ბავშვობა ბედნიერი და ლაღი არ ყოფილა. რაც თავი მახსოვს, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ამიხდა... გორში გავიზარდე. კიდევ, ბავშვობის პერიოდიდან, მძიმედ მახსენდება, რომ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში სიარული ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ დავდიოდი, რადგან სტუდია ფასიანი იყო, ჩემს ოჯახს კი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ეს ფაქტი ოცნებას კიდევ უფრო მიმძაფრებდა... სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი. ახლა, რაკი გორის და თბილისის თეატრებში ვმუშაობ, ასევე - სერიალ "იდეალურ დედაში" ვარ დაკავებული, გორი-თბილისის გზაზე სისტემატურად სიარული მიწევს.

- 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გორში იმყოფებოდი? - არა. ზუსტად მახსოვს, 6 აგვისტოს, მე, ჩემი და და მეგობრები ბათუმში, დასასვენებლად გავემგზავრეთ. ომის დროს იქ ჩავრჩით. ოჯახის და სახლის შემდეგ, თეატრზე ვნერვიულობდი - შენობა გადარჩებოდა თუ არა. თან, კომუნიკაცია ძალიან ჭირდა - ოჯახის წევრებს ყოველ წუთს ვერ ველაპარაკებოდით. წამოსვლასაც ვერ ვბედავდით. არც გვიშვებდნენ, რადგან გზები გადაკეტილი იყო, გზებზე მაროდიორობდნენ... მოკლედ, ბათუმში 10 დღით დასასვენებლად წასულები, ომის გამო, იქ 26 დღით ჩავრჩით.

"გზაში გამომიძინია კიდეც"

- დღესდღეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ისაა, რასაც ჩემს სამუშაო სფეროში ვაკეთებ: როგორც მსახიობი, 2 თეატრში (გორსა და თბილისში) ვარ დაკავებული, სერიალისთვის გადაღებები მაქვს. კარგია, როცა ადამიანი საქმეში რეალიზებული და საკმაოდ დატვირთული ხარ, მაგრამ სირთულე ახლავს, გზის სახით, რადგან საკუთარი ავტომობილი არ მყავს. თან, რაღაცნაირად, ავტომობილის მართვის შიშიც მაქვს. ამიტომ მგზავრობა "თბილისი-გორის" ტაქსით მიწევს, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. სხვა მხრივ, თეატრებიდანაც და სერიალიდანაც ხელს მიწყობენ. ამისთვის მართლა ძალიან მადლიერი ვარ.

- როგორ ცდილობ, მგზავრობისას დრო ნაყოფიერად გამოიყენო?

- მგზავრობისას ძირითადად, სცენარს ვკითხულობ. ზოგჯერ, უკან დაბრუნებისას, ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, გზაში გამომიძინია კიდეც. მძღოლები უკვე მცნობენ (იცინის).

- ალბათ, მხოლოდ იმის გამო არ გცნობენ, რომ მათი ხშირი მგზავრი ხარ...

- თავდაპირველად მცნობდნენ იმიტომ, რომ ხშირი მგზავრი ვიყავი. სამწუხაროდ, თეატრში არ დადიან და მათი მესმის: მძღოლებს იმის დრო და ფუფუნება არ აქვთ, რომ თეატრში იარონ და მსახიობებს სცნობდნენ. სერიალიდან უფრო მცნობენ. უთქვამთ, - აუ, თქვენ ის არ ხართ? გვიყვარხარო და ა.შ.

"ხშირად მაკიაჟითაც დამიძინია"

- ჩემი თმა იმის ფუფუნებას მაძლევს, რომ როგორც გაშრება, ისე ვატარო: ხვეული თმა მაქვს. მაკიაჟი ძალიან მიყვარს. თეატრში, როგორ სახასიათო როლსაც უნდა ვასრულებდე, გრიმს თავად ვიკეთებ, ხანდახან - გადაღებაზეც. ყოველდღიურად მსუბუქი მაკიაჟი მიყვარს. ისე ხდება, რომ თითქმის ყოველდღე სასცენო ან გადაღებისთვის საჭირო მაკიაჟის გაკეთება მიწევს... სახის კანს წინათ უფრო ცუდად ვექცეოდი, რადგან მის მოვლას ყურადღებას არ ვაქცევდი - ხშირად მაკიაჟითაც დამიძინია, რაც ჩემი აზრით, გამოუსწორებელი შეცდომაა და ასე არავინ უნდა მოიქცეს. ახლა ვცდილობ, სახის კანს მაქსიმალურად მოვუარო, გავიწმინდო, დამატენიანებელი კრემი გამოვიყენო... ასე ვთქვათ, "გადაყოლილი" არ ვარ, მაგრამ იმაზე მეტად ვზრუნავ, ვიდრე 5-10 წლის წინ ვზრუნავდი... (იხილეთ სრულად)