"ქართველი პატიმარი ნაცემი ყოფილა, სიცხე მიუცია,ვაჟა ჩხუბობდა თურმე,"წითელი ჯვარი" ან სასწრაფო დახმარება რატომ არ მოდის, მედიკამენტები რატომ არ გაქვთო"
"ქართველი პატიმარი ნაცემი ყოფილა, სიცხე მიუცია,ვაჟა ჩხუბობდა თურმე,"წითელი ჯვარი" ან სასწრაფო დახმარება რატომ არ მოდის, მედიკამენტები რატომ არ გაქვთო"
ფოტო:თამილა ლაფანაშვილი
ოკუპირებულ ახალგორში 9 ნოემბერს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 27-ე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ექიმს 15 ნოემბერს ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

ტყვებაოში მყოფ ქართველ ექიმთან შეხვედრა  ამ დრომდე, მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შეძლო. მათ გაფრინდაშვილი უკვე მეორედ 28 ნოემბერს მოინახულეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაია ქარდავას განმარტებით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"უკვე მეორედ ვიყავით ბატონ ვაჟასთან,
ცხინვალის ციხეში. ამ ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ბატონ ვაჟას და მის ოჯახს მივცეთ კომუნიკაციის საშუალება. ამჯერადაც წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი შევსებული ოჯახის მიერ გადაეცა მას, მანაც საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა. მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".
ვაჟა გაფრინდაშვილი ქალიშვილთან ერთად
წითელი ჯვრის
ბოლო ვიზიტის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორია ტყვეობაში მყოფი ექიმის მდგომარება და მის შესახებ რაიმე ახალ ინფორმაციას თუ ფლობენ ოჯახის წევრები.

როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, ოჯახი ელოდება როდის დაინიშნება სასამართლო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში გყავთ ახლობელი ოჯახი, რომელიც ბატონი ვაჟას ამბავს კითხულობს. როგორია მისი მდგომარეობა, ამის შესახებ რაიმე ახალ ინფორმაციას ხომ არ ფლობთ?

- ახალი არაფერი ვიცით. ველოდებით სასამართლოს. სხვა ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ არ ვფლობთ... რა ზღაპრებს ჰყვებიან, ცხინვალში საერთოდ არავინ არ გვყავს, არც ნათესავი, არც მეგობარი. ოფიციალური ინფორმაცია ვიცით, მხოლოდ წითელი ჯვრისგან. გვითხრეს, - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურიაო. სხვა დროს კიდევ როდის მოინახულებენ არ ვიცით. იქნებ მანამ გამუშვან კიდეც.

- სახელმწიფო უწყებებში რას გეუბნებიან?

- მათაც არაფერი იციან. არავინ არაფერი ვიცით. ველოდებით, როდის დანიშნავენ სასამართლოს. როცა ეს დღე დადგება, იქ გადაწყდება, რა, როგორ იქნება. მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც ჯარიმას გამოუწერენ და გაათავისუფლებენ. ნეტავ მალე ჩანიშნონ სასამართლო. ბედნიერი ვიქნები, თუ კარს გაუღებენ და გამოუშვებენ. გამოდის, რომ მათ კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.

მანამდე ქალბატონმა თამილამ ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრასაც", რომელშიც განაცხადა: "მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ის პრინციპები, რასაც ვაჟა იცავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტური სიტუაცია სხვა, ჰუმანური მხრიდან გადაიჭრას. ვაჟამ ეს დაგვანახა, რაც, ვფიქრობ, უპრეცედენტოა".

თამილა ლაფანაშვილი:
- მათ ვესაუბრე, ვისთან ერთადაც ვაჟა იჯდა იზოლატორში და ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. თუმცა ისიც მითხრეს, რომ იქ საშინელი პირობებია - არა აქვთ საჭმელი, სიცივე და სივიწროვეა. ერთი ქართველი პატიმარი ნაცემი ყოფილა, სიცხე მიუცია და ვაჟა მას უვლიდა და ღამით თავის ქურთუკს აფარებდა. მითხრეს, ვაჟა ჩხუბობდა, "წითელი ჯვარი" ან სასწრაფო დახმარება რატომ არ მოდის, მედიკამენტები რატომ არა გაქვთო. იმ პატიმარმა მითხრა, 2 ღამით კარცერში უნდა ჩავეგდე და ჩემ მაგივრად ვაჟა ექიმი ჩავიდაო. ვაჟამ მათი ელემენტარული უფლებები დაიცვა - მას შემდეგ, რაც იჩხუბა, საკანში დღეში ერთხელ საჭმელი შემოჰქონდათო. ვინც ვაჟას იცნობს, ყველამ იცის, რომ ის ყველაზე ზრუნავს. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე. ხშირად შუაღამით დაურეკავთ და ერთხელაც არ დაუწუწუნია, რატომ მაღვიძებენო. უხმოდ მიდიოდა პაციენტის დასახმარებლად. იხილეთ სრულად

რუსა კილასონია
(სპეციალურად საიტისთვის)


გია-11
05 დეკემბერი 2019 22:40
ღმერთმა ამრავლოს და დაიფაროს ვაჟასნაირი გმირები.
თბილისელი
05 დეკემბერი 2019 14:37
... ჩვენ კიდევ ავდგეთ და თბილისის კლინიკებში უფასო სამედიცინო დახმარებები გავუწიოთ ოსებსა და აფხაზებს, თან ცივი ნიავიც არ მივაკაროთ. მ.დ.შ.
ლია
05 დეკემბერი 2019 14:27
ბევრ სისულელეს ნუ დაწერთ, კარცერში ჩაჯდომაზე მაგივრობა ძალიან სასაცილოა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?