"მიეცი და გაუშვი, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, მამა უკვდებათ" - დაიღმუვლა ჩვენ უკან მდგომმა აფხაზმა. ფარმაცევტი ქალი გაშრა" - კვირის პალიტრა

"მიეცი და გაუშვი, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, მამა უკვდებათ" - დაიღმუვლა ჩვენ უკან მდგომმა აფხაზმა. ფარმაცევტი ქალი გაშრა"

"ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი და ყველაზე მხიარული, ნათელი ფერი გაქრა"

ეს არის ენგურს იქით საქართველოში მცხოვრები ქართველი გოგონას ამბავი, რომელიც უამრავი თანატოლის სათქმელს ამბობს... 27 წლის სოფო, თავისი ოჯახის ცხოვრებასა და ტრაგედიაზე გვიყვება, რომელშიც დღევანდელი აფხაზეთის ცხოვრებაა ასახული.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დათარეშობდნენ და იქ, სადაც შუქი ენთო, კბილებამდე შეიარაღებულები დაუპატიჟებლად შეაბოტებდნენ. ზოგი პირდაპირ ითხოვდა, მშივრები ვართ, გაგვიმასპინძლდით, დასალევიც გვინდაო... ნასვამი აფხაზების შემოსვლას ყველა თავს არიდებდა, რადგან იყო შემთხვევები, როცა მთვრალები მერე მასპინძლებს აუშარდებოდნენ, სასტიკად სცემდნენ ან სულაც, მკვლელობასაც სჩადიოდნენ..."

"მამას სჯეროდა, რომ მაშინ ის მძიმე სენი დაამარცხა; სწამდა, რომ უნდა ეცოცხლა თავისი შვილებისთვის... რამდენიმე წლის წინ, ქიმიოთერაპიიდან პირდაპირ სამების ტაძარში წამოვედით, იქ მამა გაბრიელის ნეშტი იყო დაბრძანებული და სიცოცხლე უნდა ვთხოვოო, გვითხრა... ხის ჯვარი ეკეთა და ის შეახო მაშინ წმინდანს. მას შემდეგ არასდროს მოუცილებია. გაიცრიცა, ყუნწი მოსტყდა, მაგრამ მივაწებეთ და ისე ატარებდა... შემდეგ, როდესაც უკურნებელმა სენმა ძალიან დარია ხელი და აუტანელი ტკივილებისგან ძვლებში ამტვრევდა, ამ ჯვარს გამხდარ მუჭში მოიქცევდა და ჩუმად ლოცულობდა..."

"ფაქტობრივად, ვერც წვებოდა, წამომჯდარს ეძინა. არანაირი გამაყუჩებელი არ მოქმედებდა. ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანა დავაპირეთ, იქნებ რამე უფრო ძლიერი არსებობდესო, მაგრამ ენგურის ხიდი ჩაკეტილი დაგვხვდა... ჩემი და რუს მესაზღვრეს ლამის მუხლებში ჩაუვარდა, მანქანაში მძიმე ავადმყოფი გვიზისო, - გაბზარული ხმით უთხრა. - ოჰ, როგორ დამღალეთ თქვენი დრამებით, - ამოიგმინა რუსმა მესაზღვრემ, ზურგი გვაქცია და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა..."

"აფთიაქთან უზარმაზარი რიგი იდგა, მათ შორის 16-17 წლის მოზარდებიც იყვნენ. გამხდარი, აგრესიული, ფერდაკარგული, ჩახრინწული ხმით საუბრობდნენ... ვითომ სამკურნალოდ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ხარბად ილაგებდნენ ჯიბეში და თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ..."

"აღმოჩნდა, რომ სიჩქარეში ექიმს გვარი არასწორად ჰქონდა ჩაწერილი, ნარკოტიკს ვერ მოგცემთო... უცებ წარმოვიდგინე, რომ იმ გზის ხელახლა გავლა მოგვიწევდა, მამას წამოყვანა რეცეპტის მისაღებად და მუხლები მომეკვეთა. ახლავე მიეცი და გაუშვი, - დაიღმუვლა ჩვენ უკან მდგომმა აფხაზმა. ფარმაცევტი ქალი გაშრა. - მიეცი და გაუშვი, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, მამა უკვდებათ, - გაუმეორა კაცმა... მერე ხელი გულისჯიბეში ჩაიყო და დავინახე, როგორ ამოაძვრინა იარაღი. - ვაძლევ, არ არის საჭირო, - მშვიდად უთხრა ქალმა, ხელი მოგვიწერა და რაღაც შეფუთული გადმოგვცა..."

"საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსული ადამიანების მსგავსი გრძელი რიგი გავიარეთ... თუ მომყიდი, ახლავე მოგცემ ფულს, თან დოლარში, დაფიქრდი, - ჩაგვილაპარაკა რამდენიმემ... რეცეპტით სუფთა მორფინს იძლევიან, იმათ რას ურიგებენ, კაცმა არ იცის, ამიტომ უვარდებიან ფეხქვეშ იქიდან გამოსულებს, - გვითხრა აფხაზმა თანამგზავრმა..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 5 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი