"ფეხი დამიცურდა, ქვას დავარტყი თავი ...საქართველოში ჩემნაირი დაზიანებებით ბავშვი ჯერ არავის გაუჩენია" - რას ჰყვება დედა რომელმაც ურთულესი დაბრკოლებები გადალახა - კვირის პალიტრა

"ფეხი დამიცურდა, ქვას დავარტყი თავი ...საქართველოში ჩემნაირი დაზიანებებით ბავშვი ჯერ არავის გაუჩენია" - რას ჰყვება დედა რომელმაც ურთულესი დაბრკოლებები გადალახა

დიანა ჯიშიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 18 წლის იყო, როცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მას მერე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია და როგორც თავად ამბობს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, იგი პარლამენტში იწყებს მუშაობას.

- 14 წლის წინ მდინარეში ფეხი დამიცურდა და ქვას დავარტყი თავი. კისრის სამი მალა ჩამემტვრა. თავისა და ზურგის ტვინის შემაერთებელი ნაწილი დამიზიანდა. სრულიად პარალიზებული აღმოვჩნდი. ყველაფრის მიუხედავად, არ დავნებდი. ახლა ეტლით გადავაადგილდები. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ელემენტარულად, არსებობა შემძლებოდა. თითქმის ორი წელი სულ საავადმყოფოში ვიყავი. მერე იყო წოლითი რეჟიმები. ეტლშიც მიჭირდა ჯდომა. დაახლოებით 7-8 წლის მერე შევძელი გარეთ გასვლა და კოლეჯში სწავლა. დავიწყე ფარიკაობაზე სიარულიც. ვარ ორგზის მსოფლიო პრიზორი. უნგრეთში მაქვს აღებული დაშნა-რაპირაში ბრინჯაოს მედლები და იტალიაში მაქვს აღებული ასევე ბრინჯაოს მედალი.

- ახსენე, რომ კოლეჯში სწავლობდი. რა პროფესიას დაეუფლე?

- აიტი სპეციალისტი ვარ. რადგან სულ სახლში მიწევდა ყოფნა, ჩემთვის კომპიუტერი იყო სამყაროსთან დამაკავშირებელი, ვერკვეოდი კარგად პროგრამირებაში და ამიტომ ავირჩიე ეგ პროფესია.

- დიანა, პარლამენტში რა პოზიციაზე დასაქმდით?

- საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. სამსახურეობრივი მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას 20 დეკემბრიდან შევუდგები. პარლამენტს

თავად მივმართე დასაქმებისთვის. შემდეგ პარლამენტის თავჯდომარის აპარატიდან დამიკავშირდნენ და დამასაქმეს. იქ არის შშმ პირებისთვის სპეციალური ადაპტირებული გარემო და მუშაობა არ გამიჭირდება.

- დაოჯახებული ხართ, ზოგიერთი შშმ პირი თავს იკავებს ოჯახის შექმნისგან, თქვენ შემთხვევაში როგორ გადაწყვიტეთ?

- დიახ, ასეა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მომავალ მეუღლეში, იმდენად ძლიერი და განვითარებული პიროვნებაა, რომ ვიფიქრე, მასთან არ გამიჭირდებოდა ურთიერთობა. ვიცოდი, რომ მაქსიმალურად გამიწევდა დახმარებას და გვერდში დამიდგებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა. იხილეთ სრულად+ფოტოები