ზაზა ურუშაძე: "ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფრი მთავრდება..." - კვირის პალიტრა

ზაზა ურუშაძე: "ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფრი მთავრდება..."

"ივო ბაბუაჩემს ძალიან ჰგავს" - როგორ შეიქმნა ზაზა ურუშაძის ფილმის მთავარი პერსონაჟი

"ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფრი მთავრდება... დიდი იმედი მაქვს, რომ "მეს" აღქმა რჩება, თუ არ რჩება და არ არის არაფერი, მაშინ ძალიან ამაო ყოფილა ყველაფერი", -  ეს სიტყვები კინორეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაცემაში "მძიმე კაცთან" თქვა.  ის 2019 წლის 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძემ 2013 წელს გადაღებული ფილმით - "მანდარინები" დიდ წარმატებას მიაღწია - მის ნამუშევარს არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მაღალი შეფასება მისცეს, ის იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო "ოსკარზეც" ნომინირებული და, როგორც პროფესიონალები ამბობენ, ბევრს ქართული კინოს უწინდელი დიდება გაახსენა...

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დასმულ კითხვაზე: - რომ გთხოვოთ იმ ადამიანის გახსენება, რომელიც არასდროს გავიწყდებათ, ვის დაასახლებდით? - ბატონმა ზაზამ ასე უპასუხა:

- ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამდენიმე ადამიანი იყო ან არის... პირველ რიგში, მამაჩემს - რამაზ ურუშაძეს (თბილისი "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე. - ავტ.) დავასახელებდი, მაგრამ ახლა მასზე წინ ბაბუას დავაყენებ. დედაჩემის მამა - ივანე იმნაძე 90-იან წლებში გარდაიცვალა... კადრი ფილმიდან: ,მანდარინები' დრო რაც უფრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. მინდა, მას ვგავდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერ "გავქაჩავ"... ყველა ასპექტში სრულყოფილი, მისაბაძი და ღირსეული პიროვნება გახლდათ. პროფესიით ექიმი იყო... სხვათა შორის, ჩემი ფილმის - "მანდარინები" მთავარი გმირი - ივო საოცრად ჰგავს მას და უფრო მეტიც, ამ პერსონაჟის შექმნის იდეა ბაბუაჩემმა შთამაგონა. ივოც ისეთივე ღირსეული კაცია, როგორიც ვანო ბაბუა იყო. როდესაც ფილმს უყურებენ, ვერც კი იჯერებენ, რომ მსგავსი ადამიანები რეალურად არსებობენ, თუმცა მისით აღფრთოვანებული რჩებიან... იდეალიზებული გმირია. მყარად ატარებს მისთვის მთავარ პრინციპებს და უნდა, ეს ყველაფერი მომავალ თაობასაც გადასცეს... ივო ქართულ მიწაზე მცხოვრები ესტონელია, რომელიც მის სახლში მოხვედრილ დაჭრილ ქართველსა და ჩეჩენ მეომარს (მოსისხლე მტრებს) შეარიგებს, დაამეგობრებს და ზნეობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებს...

დიახ, ზუსტად მისნაირი იყო ბაბუა. ბავშვობაში მორალზე, ადამიანის დანიშნულებაზე, მამაკაცისთვის საჭირო და აუცილებელ თვისებებზე მელაპარაკებოდა. თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ ამქვეყნად სიკეთითა და სიყვარულით უნდა იცხოვრო.

იხილეთ ასევე: "მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით" - რას წერს ქისტი ქალბატონი ზაზა ურუშაძეზე?

ლალი ფაცია ჟურნალი "გზა"