"პირველი ორსულობისას­ გავაანალიზე, რომ ვერც ექოსკოპიებზე და ვერც მერე, ჩემს შვილს ვერ დავინახავდი"
"პირველი ორსულობისას­ გავაანალიზე, რომ ვერც ექოსკოპიებზე და ვერც მერე, ჩემს შვილს ვერ დავინახავდი"
"მასწავლებელი გაკვეთილს წასაკითხად რომ გვაძლევდა, მე ზეპირად ვიმახსოვრებდი. კლასშიც თავდაჯერებულს მეკავა წიგნი და მჯეროდა, რომ ვკითხულობდი. დასვენებაზე, როცა ყველა დერეფანში ან ეზოში დარბოდა, მე ოთახში ვიჯექი და ნერვიულობისგან ხორცებს ვიგლეჯდი"

მაგდა ბეჟანიშვილი სამი წლის იყო, როცა რეტინობლასტომა (იშვიათი ტიპის თვალის ავთვისებიანი სიმსივნე) დაუდგინეს­ და მხედველობა ჯერ ერთ თვალში, მერე მეორეში დაკარგა. საკუთარი წარსულისა და ბედნიერი აწმყოს შესახებ თავად გვიამბობს.

- სამი წლისას რამდენიმე ოპერაცია გამიკეთეს, ლონდონშიც წამიყვანა დედამ გამოკვლევაზე, თუმცა
უშედეგოდ. მან ჩემთვის ძალიან ბევრი იბრძოლა...

- ახლა როგორი მდგომარეობა გაქვს?
- ახლაც ის მდგომარეობა მაქვს, რაც 25 წლის წინ. სინათლესაც ვერ ვხედავ. ამბობენ, რომ გადანერგვის ოპერაციები კეთდება და კომპიუტერული სათვალეც არსებობს, მაგრამ დეტალები არ გამირკვევია, რადგან ვიცი, ფინანსურად ვერ შევწვდები.

- პირველ ბარიერებზე მოგვიყევი..
- 3 წელი თელავის პირველ საჯარო სკოლაში ვიარე. ანბანი დედამ მასწავლა. ვწერ, თუმცა არასიმეტრიულად. მასწავლებელი გაკვეთილს წასაკითხად რომ გვაძლევდა, მე ზეპირად ვიმახსოვრებდი. კლასშიც თავდაჯერებულს მეკავა წიგნი და მჯეროდა, რომ ვკითხულობდი. დასვენებაზე, როცა ყველა დერეფანში ან ეზოში დარბოდა, მე ოთახში ვიჯექი და ნერვიულობისგან ხორცებს ვიგლეჯდი. მესამე კლასის დასრულების შემდეგ, უსინათლო­ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გადამიყვანეს. იქ მისვლის დღიდან, დამოუკიდებლობას დავეჯახე. ერთი ნავთის "კერასინკა" იყო, კვება­ გულისამრევი, მხოლოდ კვირა საღამოს გვაძლევდნენ წყალს... დედა ყოველ პარასკევს მოდიოდა და სახლში მივყავდი.

იმ გარემოში ამდენი უსინათლო ერთად რომ დამხვდა, თავიდან რაღაც ჯოჯოხეთში მეგონა თავი, მაგრამ მიუხედავად ასეთი პირობებისა, ერთი დიდი ოჯახი შეიქმნა­ - არაჩვეულებრივი მასწავლებლებითა და ერთ მუჭად შეკრული კლასით.­

სკოლა-ინტერნატში ყველაზე მეტად ჩვენი ჭერმის ხე მაკლდა. წარმოვიდგენდი, როგორ ისხდნენ ჩემი მეგობრები იქ, როგორ­ ახმაურებდნენ უბანს. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და 10 წლისამ ბარიერის დანგრევა დავიწყე. მალევე მარტო ჩავდიოდი სახლში. ვისწავლე დამოუკიდებლად არსებობა. მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი სახლში ჯდომაა და არა ამდენი უსინათლო ერთად.

- შავი სათვალის ტარება რატომ დაიწყე?
- 7 წლისამ დავიწყე შავი სათვალის ტარება. რადგან ძალიან ვითრგუნებოდი საზოგადოების გოდებით. ქუჩაში მესმოდა­ შეძახილი: "ვაი, შენს დედას! საცოდავი ბავშვი..." ბიჭი, რომელმაც შავი სათვალე მომახსნევინა, თვითონაც უსინათლოა. ძალიან კარგი მეგობარია და მალე ჩემი შვილის, სანდროს, ნათლიაც გახდება. მისი დახმარებით ზოგი რამ გამიზნულად, ზოგიც უნებლიეთ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, კაბების ჩაცმა დავიწყე, თმაც გავიზარდე და ბოლოს, სათვალეც დავამსხვრიე.

- მუსიკა გიყვარს..
- ვიოლინო ჩემი ბავშვობის ოცნება­ იყო. ვიარე, თუმცა ინსტრუმენტი არ მქონდა, სახლში ვერ ვმეცადინეობდი და აღარ გავაგრძელე. გიტარასა და ფანდურზე დაკვრა ვიცი, კლასიკური მუსიკის განხრით მუსიკალური სასწავლებელიც დავამთავრე, სამი საავტორო სიმღერა ჩავწერე.

- საავტორო გადაცემაც ხომ გქონდა?
- მუშაობა რომ დავიწყე, 80 ლარი მქონდა ხელფასი. უსინათლო ტყუპ გოგონას ბრაილის შრიფტს ვასწავლიდი. მერე თელავის ტელეკომპანიის დირექტორმა შემომთავაზა, სპონსორი იპოვე და საავტორო­ გადაცემა გააკეთეო. ქალაქის მერიამ 7.000 ლარით დამაფინანსა. ჩემი მეგობარი, მზე გოგო, ანასოფია მედგა გვერდით და რისი შემეშინდებოდა? ღამეებს ასწორებდა ჩემთვის და ეთერში, "არტ-საათიც" გავიდა. ყველა­ სტუმართან საუბარი, ცხადია, უდიდესი სიამოვნება იყო, თუმცა, ქალბატონ ელისო ვირსალაძესთან ინტერვიუ ყველაზე წარმატებულ დღედ დარჩება.

- სოცქსელებში როგორ ახერხებ წერილობითი პასუხების ასე უშეცდომოდ დაბრუნებას?
- მხოლოდ "ფეისბუკი" მაქვს. სინთეზატორი ყველაფერს მიკითხავს, რასაც თვალი­ სჭირდება, გარდა სქრინისა.

- შენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევი..
- მე და გიომ 5 წელი ვიმეგობრეთ. სიყვარული გომბორზე ამიხსნა. ჩამჩურჩულა, მიყვარხარო. ახალი წელი ერთად აღვნი­შნეთ და გავყევი. ამის შემდეგ ყველა მლანძღავდა, მწყევლიდნენ, მე კი ღმერთს უამრავ მადლობას ვუგზავნი, ეს ბიჭი ჩემთვის რომ შექმნა. მოვა ხოლმე სამუშაოდან,­ ლოყაზე მაკოცებს, ხელისგულს შემახებს სახეზე და მთავრდება ჩემი დაღლა. გიო კეთილი, მოსიყვარულე, სინათლით სავსე ბიჭია. კარგი შვილი, კარგი მეუღლე და საუკეთესო მამაა. ის ჩემი თავშესაფარია, ჩემი თვალისჩინი. სამყაროს მისი თვალებით ვხედავ.

ორი შვილი გვყავს - 3 თვის სანდრო და 2 წლის დათა. პირველი ორსულობისას­ ვაანალიზებდი, რომ ვერც ექოსკოპიებზე და ვერც მერე, ჩემს შვილს ვერ დავინახავდი. ექოსკოპიებზე ჩემი პატარა დისშვილი­ ლიზიკო მოგვყვებოდა, რომელიც მაშინ ოთხი წლის იყო და დეტალურად მიყვებოდა, რასაც ხედავდა. ხანდახან მატყუებდა, მანქანებით თამაშობსო, მაგრამ სტრესიდან ამ გოგონამ გამომიყვანა.

შვილები ჩემი ცხოვრების დიდი სასწაულია. საშუალება რომ მქონდეს, კიდევ გავაჩენდი. ბავშვების გაზრდაში დედა მეხმარება. 13 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა.­ მდგომარეობიდან ჯერ არ ვიყავი გამოსული, მეგობარიც დამეღუპა. ეს ორი ამბავი ცხოვრების შეცვლაში დამეხმარა...

ნათია სიბაშვილი
Natia
16 თებერვალი 2020 23:10
ულევ ბედნიერებას გისურვებთ!
სოფო
19 დეკემბერი 2019 18:43
ბედნიერება არ მოგაკლოთ უფალმა... გაგახაროთ და გაგამრავლოთ...
ასმათი
19 დეკემბერი 2019 11:30
უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,წარმატებული და
საამაყო შვილები გაგეზარდოთ, უფალმა დალოცოს შენი მეუღლე გვერდში ასეთი თანადგომისთვია

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები