აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი, რომელიც აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ - კვირის პალიტრა

აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი, რომელიც აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ

სურსათის ევროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, რამდენიმე საათის წინ, ოზურგეთის სოფელ დვაბზში დიდი რაოდენობით ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა.

სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის თქმით, ეს არის შპს "სოფოს" კუთვნილი ფართობი, სადაც ხდებოდა ხორცის დამუშავება ფილეს მისაღებად. როგორც სამმართველოს წარმომადგენელმა გვითხრა, ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს.

"ჩვენს მიერ აღმოჩენილი ხორცი, ვადაგასულია, ყოველგვარი ეტიკეტის და საბუთების გარეშე და ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში", - გვითხრა ერქომაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დეტალების დასადგენად კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც მანანა ერქომაიშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ლაპარაკია, სავარაუდოდ, 1 ტონა ხორცზე, რომელის წარმომავლობაც დაუდგენელია.

აღსანიშნავია, რომ შპს "სოფოს" არაერთი სკანდალი უკავშირდება.

ხელვაჩაურში, ლანჩხუთში, ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ მიერ შეტანილ ხორცზე, არაერთხელ დადგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

"ბევრჯერ მოხდა ამ კომპანიის დაჯარიმება, გაფრთხილება, თუმცა, მაინც ახერხებენ ტენდერების მოგებას. მიმდინარე წელს, სწორედ ამ კომპანიის შემოტანილ ხორცზე აღმოვაჩინეთ კრიტიკული შეუსაბამობა. დავაჯარიმეთ კიდეც, მაგრამ დღეს ისევ ეს კომპანია ამარაგებს ბაღებს. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში სხვა კომპანიამ მოიგო ტენდერი და ქვექონტრაქტორად აიყვანეს შპს "სოფო", - გვითხრეს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა

ჩვენი მცდელობა დავკავშირებოდით კომპანიის წარმომადგენლებს უშედეგოდ დასრულდა. მათი ტელფონები გამორთულია.

კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ვერც სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ახერხებენ.

იხილეთ ასევე: უკვე დალუქეს 1 ტონამდე საქონლის ვადაგასული ხორცი, რომელიც ხვალ, აჭარის ბაღებში უნდა შეეტანათ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო