"სიმბოლურიც არის გულით რომ გარდაიცვალა, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი, კინოაკადემიაში მომხდარს ძალიან განიცდიდა" - კვირის პალიტრა

"სიმბოლურიც არის გულით რომ გარდაიცვალა, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი, კინოაკადემიაში მომხდარს ძალიან განიცდიდა"

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცავლა.

"კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას. არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს", - ამ წერილით წავიდა რეჟისორი ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტობიდან, ისე, რომ აღარ დაელოდა გადადებულ ყრილობას, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო. აგვისტოში ხმაურის ფონზე ჩატარებული პირველი ყრილობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

იმჟამად ზაზა ურუშაძის გადადგომას რამდენიმე ადამიანი ითხოვდა. ერთ მხარეს სოსო ჯაჭვლიანი, მეორე მხარეს - რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რომელიც გახდა კიდეც პრეზიდენტი.

შიდა ინტრიგების და ხმაურის შემდეგ ზაზა ურუშაძე უბრალოდ ადგა და წავიდა, წავიდა მას მერე, რაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა კინოაკადემიაში. რაც მთავარია მან შეძლო ახლებური ხედვის შეტანა საკმაოდ რთულ ორგანიზაციაში. ის ამბობდა იმასაც, რომ აუცილებრლი იყო ამ ორგანიზაციის გაახალგაზრდავება. როგორც ახლობლები ამბობენ, ის ძალიან განიცდიდა მომხდარს. კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ "ფეისბუკგვერდზე" დაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

"აკადემიაში მთელი იმ თურმე საბედისწერო დაპირისპირებების მერე, მისი წერილის მერე პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ის არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე.

ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის არ პასუხობსო.

და მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს?

რატომ არ გვესმის ერთმანეთის?

რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს - ასე იოლად?"

ახალგაზრდა რეჟისორის წასვლამ ყველა შეძრა და განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ზაზა ურუშაძესთან თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდათ. ცნობილმა მსახიობმა - გიორგი ნაკაშიძემ 2013 წელს ურუშაძის მიერ გადაღებულ ესტონურ-ქართულ ფილმში "მანდარინები" ითამაშა, რომელშიც ჩეჩენი მებრძოლის, აჰმედის როლი შეასრულა. 2014 წელს გიორგი ნაკაშიძემ მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისათვის ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მასთან ერთად პრიზები მიიღეს ფილმი "მანდარინების" მონაწილე სხვა მსახიობებმაც (ლემბიტ ულფსაკი, მიხეილ მესხი, ელმო ნიუგანენი).

გიორგი ნაკაშიძე ჩვენთან ინტერვიუში ზაზა ურუშაძეს იხსენებს:

- ზაზას გარდაცვალება დიდი ელდა იყო! კინოფესტივალის დახურვაზე შევიტყვე ეს თავზარდამცემი ამბავი...

ჩემი პირველი შეხვედრა ზაზა ურუშაძესთან მოხდა, როდესაც ფილმი "სამი სახლი" გადაიღო. ფილმის მესამე ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გმირს ვახმოვანებდი. რაღაც სახასიათო როლი იყო გასახმოვანებელი და თავად მიმიწვია... ვინაიდან თან სამღერა ჰქონდა ამ გმირს, ჩემი მეგობარი, აწ გარდაცვლილი, ძალიან კარგი კინოს კომპოზიტორი - გიო ცინცაძე მამეცადინებდა. სამწუხაროდ, დღეს ორივე გარდაცვლილები არიან, გიოც ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...

გიორგი ნაკაშიძე, კადრი ფილმიდან ,მანდარინები'

ახლა თუ ხუმრობა შეიძლება, ზაზაზე ვიტყოდი, რომ კლასიკური გურული ხასიათის იყო - თავის ემოციებით, იუმორით, ფეთქებადობით... არანაირ სიბოროტეს გულში არ იდებდა. რაც ჰქონდა სათქმელი, იმ წუთას ამბობდა, რაც ალბათ ყველაზე საუკეთესო თვისებაა! როგორც შემოქმედი ცდილობდა, რომ წლიდან წლამდე დაეხვეწა თავის ნამუშევრები... ზაზას ყველაფრის მიმართ პერფექციონისტური მიდგომა ჰქონდა და ცდილობდა სამუშაო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო შესრულებული!

არიან რეჟისორები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არ უნდათ, მაგრამ გადაღების პროცესში იმას აგნებენ, რა უნდათ... ზაზამ თავიდანვე ყოველთვის იცოდა რა უნდოდა და გადასაღებ მოედანზე ეს უკვე იგრძნობოდა. თუმცა ეს ერთი წუთით არ გამორიცხავს იმას, რომ მსახიობის აზრს არ ითვალისწინებდა. ყველაფერს ურთიერთპატივისცემით ქმნიდა! მე მგონია, რომ ზაზა ურუშაძე თავის ღირსეულ ადგილს ჰპოვებს ქართული კინოს ისტორიაში!

ჩვენ შევძელით და "მანდარინებით" 24 მთავარი პრიზი მოვიპოვეთ საერთაშორისო ფესტივალებზე... შემდეგ "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ნომინანტები გავხდით.

რთული ასახსნელია თუ რა ემოციები იყო ამ ფილმის გადაღებისას... ძალიან კამერული, საინტერესო გადასაღები მოედანი იყო... ნატანებში ისეთი ადგილი იპოვეს, რომელიც ვიზუალურად აფხაზეთს ძალიან ჰგავდა. ჭაობი დააშრეს, ძალიან ნიჭიერმა მხატვარმა - თეა თელიამ მაკეტი, ზუსტი კოპირება გააკეთა ესტონური ეროვნული სოფლის სახასიათო ხის სახლის. სახლში ნივთებიც კი ნამდვილი იყო. მსახიობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ის ლოკაციას არ იცვლის და ერთ ადგილზე, თითქოს როგორც თეატრში, ისე გადის რეპეტიციებს...

ზაზა ძალიან კარგად გვიხსნიდა, რა უნდოდა. თეორიების მოყოლას კი არ იწყებდა, არამედ ხსნიდა თუ რა ხასიათის გამოვლენა სურდა პერსონაჟში. როგორი სულიერი და ფიზიკური მოქმედებით იყო შესაძელებელი ამის მიღწევა, იმიტაციას თავად აკეთებდა. ზოგჯერ ხომ სიტყვებზე ძლიერი საქციელია...

იმდენად იყო თავის შემოქმედებით მოცული, თავის ცხოვრებაში რაც კი შექმნა, ძალიან გულიანი მიდგომით და ალბათ სიმბოლურიც არის გულით რომ გარდაიცვალა... გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი, ბოლოს პრობლემები ჰქონდა, კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, განიცდიდა, მისი წასვლა კინოაკადემიიდან ძალიან საწყენი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანი იყო და ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და გააკეთებდა მომავალშიც.

რაც ვიცი, სულ ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ქადაგებდა და ასრულებდა კიდეც... აი ეს არის ცხოვრება - ვერ განსაზღვრავ, დღეს ხარ და ხვალ შეიძლება აღარც იყო... ასეთი ცოცხალი და ენერგიული კაცი ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა... კინოფესტივალის დახურვაზე ვიყავი რომ გავიგე და იმდენად ცუდად გავხდი წამოსვლა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი მიშა კობახიძის ფილმით იხურებოდა და მინდოდა ამ დიდი რეჟისორისთვისაც პატივი მიმეგო...

იხილეთ ასევე: "არ მშორდება განცდა, რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე... ზაზას გული გაუსკდა"

(სპეციალურად საიტისთვის)