ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, თუმცა, ერთ-ერთი, 15 წლის ავთანდილ გამხიტაშვილი, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, გაათავისუფლეს, 3 დაკავებული კი, შეიარაღებულმა პირებმა ცხინვალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 7 დეკემბერს დააკავეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბოჟამის და ლამისყანას მცხოვრებლები - ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები და გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ და დააკავეს, არასრულწლოვანი კი გაათავისუფლეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გელა ქარუმიძის განცხადებით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. "სოფელი ბოჟამი, რომელიც სამთავისის თემში შედის, გამყოფი ხაზის სიახლოვესაა, თუმცა, დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არ გახლავთ. ამ ტერიტორიაზე მავთულხლართები და სხვა სახის გამყოფი ღობეები არ არის დამონტაჟებული, ფოთლოვანი ტყის ზოლია, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იყვნენ წასულები, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გელა ქარუმიძემ.

ერთ-ერთი დაკავებულის, 50 წელს გადაცილებული ემზარ გამხიტაშვილის მეუღლე, ლალი გიგაური "ინტერპრესნიუსთან" ადასტურებს დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან დაკავებულებს ცხინვალიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ. "კი, დაკავებულები არიან, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ალბათ ხვალ გამოუშვებენ, მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან დაკავებული ემზარ გამხიტაშვილის მეუღლემ.

"ინტერპრესნიუსი"