რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა - კვირის პალიტრა

რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მიერ სამცხე-ჯავახეთში ჩაატარებული, კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულმა შიდაპოლიტიკურმა პოლარიზაციამ, ღიად პრო-კრემლისტური ძალების გამოჩენამ საზოგადოებრივ სივრცესა და პარლამენტში მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა რეგიონში არსებულ პრო-რუსულ განწყობებსა და შესაბამისი ჯგუფების გააქტიურებაზე. მათი ინფორმაციით, ფაქტორები, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს რეგიონის მოსახლეობის განწყობებზე კვლავ უცვლელია: უმუშევრობა, დამოკიდებულება შრომით მიგრაციაზე რუსეთში, ოჯახური-კლანური წყობა, რუსული მედიის პოპულარობა და უნდობლობა ოფიციალური თბილისის მიმართ.

კვლევის ავტორები რუსული გავლენების გავრცელების სფეროებს რამდენიმე ნაწილად ყოფენ. მათ შორისაა განათლება, მედია, რეგიონში ახალი პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და შრომითი მიგრაცია.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის ინიცირებული 1+4-ის პროექტისა, ბევრი აბიტიურიენტი განათლების მისაღებად რუსეთსა და სომხეთში მიემგზავრება, რადგან რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს სომხეთის და რუსეთის მიერ გამოცხადებული კვოტირებული უფასო სასწავლო პროგრამები.

რაც შეეხება მედიას, კვლევის ავტორების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ბევრი ქართული არხი მაუწყებლობს, მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს, რაც ქართული ენის არცოდნას უკავშირდება. ადგილობრივი ჟურნალისტის, კრისტინა მარაბიანის თქმით, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა თბილისში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას "რუსული პოლიტიკის პრიზმაში" ხედავს და ისმენს.

რაც შეეხება ახალი პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოჩენას სამცხე-ჯავახეთში, კვლევა ორგანიზცია პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადიმერ ხომერიკის მიერ ორგანიზაცია "მეგობრობა და ერთიანობის" დაფუძნებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ცნობილია ორგანიზაცია "საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენაა" მიმართული. სწორედ ხომერიკის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ორგანიზაციის, "სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე" დაფუძნება, რომელიც ასევე აშკარად პრო-რუსულ ინტერესებს ემსახურება. კვლევაში საუბარია ასევე "რუსეთის ჯავახეთის დიასპორაზე", რომლის ხელმძღვანელიც აგასი არაბიანია და რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ღიად ეწევა რუსული პროპაგანდის გავრცელებას რეგიონში.

კვლევა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შრომით მიგრაციასაც ასახელებს. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სამუშაოდ რუსეთში წასვლა უწევს, რაც თავისთავად იწვევს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე და შემდგომ რუსული პროპაგნადის გავრცელებას რეგიონში.

კვლევა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რუსული გავლენების გამოვლენას ისახავდა მიზნას, ონლაინ გამოცემების, epress.am-ის და newcaucasus-ის ქართველმა და სომეხმა ჟურნალისტებმა ერთობლივად ჩაატარეს.