"ვიხვეწებოდი, გადამარჩინეთ, შვილები მყავს და უნდა გავზარდო-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ვიხვეწებოდი, გადამარჩინეთ, შვილები მყავს და უნდა გავზარდო-მეთქი"

36 წლის პარამოცეკვავე და ტრენერი სალომე გოგეშვილი, ახლა სხვების ცხოვრებას ცვლის, ადამიანებს გამბედაობის მოკრებასა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. 4 წლის წინ თბილისის ზღვაზე მომხდარ ტრაგედიას სტრესი, დეპრესია და ფიზიკური ზიანი - მარჯვენა ხელის დაკარგვა მოჰყვა, თუმცა გადარჩა და მის ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ყველაფერზე ის თვითონ გვესაუბრა:

- ტრაგედია 4 წლის წინ, 17 აგვისტოს მოხდა. ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ საღამოს, სამსახურიდან სახლამდე ვეღარ მივედი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა მანქანა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის ჯებირს შეეჯახა. მახსოვს შეჯახების და მუხრუჭის ხმა, ხელი ადგილზე დავკარგე. ვერ ვივიწყებ ცხელი სისხლის სუნსა და გემოს... ავარიის შემდეგ გონება არ დამიკარგავს, თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ვხდებოდი რა მჭირდა, უბრალოდ, ვიცოდი, თუ დროულად არ მიშველიდნენ ნელ-ნელა გავითიშებოდი, ის მცირე პერიოდი კადრებად მახსოვს. სულ ჩამესმოდა უცნობი კაცის ხმა - ნუ გეშინია! ვიხვეწებოდი გადამარჩინეთ, შვილები მყავს და უნდა გავზარდო - მეთქი. რეანიმაციაში რომ გავიღვიძე, მივხდი, მარჯვენა ხელი უკვე აღარ მქონდა.

- როგორ გაგრძელდა ცხოვრება ავარიის შემდეგ? - ეს იყო საკუთარი თავის კვლევისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდი. მტკივნეული და გაუსაძლისი, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი. ჩემ თავს ვერ ვიტანდი, ხელსა და სახეს ვმალავდი, შარფებითა და ქუდებით დავდიოდი. სამსახური დავკარგე, თურქეთში ვიყავი სამკურნალოდ და შვილებიც არ მყავდნენ ახლოს, არაფერი მქონდა და ერთი ნაბიჯი მრჩებოდა თავის მოკვლამდე. სულ ვფიქრობდი ვის ვჭირდებოდი ესეთი, დამსაქმებელი ასეთს თუ მიმიღებდა? მაგრამ რაღაც ძალა ყოველთვის მაკავებდა, რწმენა შემოდიოდა ჩემში და ვჩერდებოდი.

თბილისში დარუნების შემდეგ, მუშაობაზე ფიქრი დავიწყე, მირეკავდნენ მაგრამ, როდესაც იგებდნენ, რომ ვიყავი შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირი იმწამსვე უარს მეუბნებოდნენ. ერთ-ერთ კომპანიაში გასაუბრებაზე მითხრეს, თქვენი ვიზუალით ჩვენთან ვერ იმუშავებთო, ამის მერე სამსახურის ძებნაც შევწყვიტე. ამ პერიოდმა უამრავი დრო მომცა, რომ ყველაფერზე მეფიქრა. ჩემი თავის კვლევა და ძიება დავიწყე.

- რა იყო სტიმული, რამაც ახალი ცხოვრება დაგაწყებინათ?

- დიდი ხანი კითხვები მიჩნდებოდა, თუ რატომ დამემათა ეს ყველაფერი? რა დავაშავე ცხოვრებაში და ა.შ. დღეს ვიცი თუ რატომ მომევლინა ეს განსაცდელი, ახლა ისიც ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. პირველი მიზეზი, რის გამო ცხოვრება მიღირდა, იყვნენ ჩემი შვილები, ჩემი საყვარელი ადამიანები. სულ მაკვირვებდა, ავარიის შემდეგ სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ სოციალურ ქსელში და მამხნევებდნენ, უცნობები, რომელთაც ტელევიზორში ვყავდი ნანახი, მირეკავდნენ და მეუბნებოდანენ, რომ ჩემთან იყვნენ და არაფრის შემშინებოდა. ეს დამეხმარა, რომ აქამდე მოვსულიყავი. ავარიის შემდგომი პერიოდი რთულად გავიარე და ახლა რომ ვუყურებ წარსულს, ვხვდები, რომ ძველი სალომესგან არაფერი დარჩა.

- ახლა რას საქმიანობ?

-  ვარ "სპიკერ და ქოუჩინგის ასოციაციის" წევრი, ასევე ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკის ტრენერი. წლებია უკვე პარამოცეკვავე ვარ და ვცეკვავ " თბილისის ინკლუზიურ დასში", დაოჯახებული ვარ, მყავს 2 შვილი - ჩემი ცხოვრების 2 ყველაზე დიდი წარმატება. ახლა ვემზადები საავტორო ტრენინგისთვისს და შემდგომ ვგეგმავ ქალბატონებისთვის ტრენინგების ჩატარებას. გავიარე ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერობის სკოლა და კიდევ სიღრმისეულად ვსწვლობ ამ თემებს, მივხვდი რომ საქართველოში ბევრი ქალბატონია, რომლებსაც ნაბიჯების გადადგმა უჭირთ, მინდა, ასეთ ქალებს დავეხმარო გამბედაობის მოკრებაში და სწორი გზის პოვნაში. უნდა მიხვდნენ, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი  არაფერია.

- რას ეტყოდი მათ, ვინც მსგავს პრობლემებს ებრძვის?

- ვეტყოდი რომ ამ პრობლემებს, როგორც ბრძოლას, ისე ნუ აღიქვამენ. სჯობს გავიაზროთ ყველა პრობლემა და ამოცანად გადავაქციოთ. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ხელი დავკარგე და ეს ცუდია, მაგრამ მე ვიცი, რატომაც დამემართა - ეს ყველაფერი საჭირო იყო, რომ აქამდე მოვსულიყავი. არ არსებობს ცუდი და კარგი მოვლენა, არსებობს ის, რასაც სამყარო გვიგზავნის. დეპრესიის პერიოდში შემთხვევით სოციალურ ქსელში გამამხნევებელ სტატუს წავაწყდი, რომელიც იმ დროს ძალიან დამეხმარა და დღეს მეც ვწერ, იქნებ, ოდესმე ვინმეს გამოადგეს... ზოგადად მივხვდი, როდესაც დაეცემი, ვიღაც გჭირდება, რომ ხელი მოგკიდოს და გაგამხსნევოს, აგაყენოს და გითხრას, რომ ამით არაფერი მთავრდება. მინდა, ოდესმე ეს ვიღაც მე ვიყო...

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)