"მას უფრო ვუყვარდი, ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი" - კვირის პალიტრა

"მას უფრო ვუყვარდი, ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი"

"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება. მაგალითად, საჭესთან შეუფერებელი საქციელი მაქვს... არ მინდა გარკვეული წლები ისე გავატარო, რომ დეპრესიული ვიყო", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ცოცხალი ლეგენდა ნანა ფაჩუაშვილი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კი, ფერების შეუთავსებლობა ან წლოვანება რომ არ გიწყობს ხელს და მაინც იმას იცვამ, რაც არ შეგეფერება, თვალში მოსახვედრია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს! მით უფრო, ამ დროში, როდესაც თავისუფლებისთვის ამდენს ვიბრძვით, ამაზე ლაპარაკი საჭირო არაა! მოდით, ყველამ გავიხაროთ და ისე შევიმოსოთ, როგორც გვინდა და ნურავის გავკიცხავთ! ყველამ გაიხაროს და ისიამოვნოს!.."

"ჩვენ ხომ საქართველოში ისე ვერაფერს ვაკეთებთ, როგორც გვინდა, მით უფრო მსახიობები. როგორი ცხოვრება და ჩაცმაც გვინდა, ისე არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოფაა ისეთი, რომ სრულყოფილი და მისაბაძი თითქმის არავინ მეგულება..."

"მიყვარს ჰაეროვანი ქსოვილი, ხავერდი, ბეწვი და ტყავი... მომწონს ბიჟუტერია, ოღონდ ბევრი არა... ადრე ძალიან მიყვარდა ბევრი ბეჭედი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს თუ გავიკეთებ. მიყვარს ხელზე ერთადერთი კარგი სამაჯური ან კარგი საათი...

ძალიან მიყვარს თავის შეფუთვა - ქუდები, შარფები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, რომ მოწესრიგებული ხარ..."

"არ მინდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონია მასთან მცირე ხნით ურთიერთობები. როდესაც მთაწმინდის დეპუტატი იყო, ჩვენთან მოდიოდა თეატრში. პირადად ჩემთან დარეკა, მოვიდა და მკითხა, რას მირჩევთ, რა გჭირდებათო... მას უყვარს თეატრი, ხელოვნება.

როცა რჩევა იკითხა, მე ვუთხარი, ვთქვათ ქალაქში სკამები რომ იყოს ლითონის, წარწერებით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", ეს სკამი ქალაქს ამან და ამან უსახსოვრაო... მოეწონა იდეა..."  (ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ).

აქვე გთავაზობთ ფრაგმენტს ქალბატონი ნანას ერთ-ერთი ძველი ინტერვიუდან:

"როდესაც ორ ადამიანს დიდი გრძნობა აკავშირებს, ისე ბუნებრივად ხდება ყველაფერი, რომ ვერც ახსნი. მგონი ყველაფერი მაინც "ზევიდან" წყდება. ჩემი პირველი მეუღლე - თამაზ აფხაიძე ძალიან მალე დავკარგე - რამდენიმე თვეში

დაიღუპა და ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა. მას უფრო ვუყვარდი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი. მხოლოდ 5 თვეს ვიყავით ერთად. ფეხმძიმე დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ მისგან შვილი დამრჩა - მეორე თამაზ აფხაიძე. მართალია, მეორედ გავთხოვდი, მაგრამ ის ტკივილი გულში მაინც დარჩა. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, ყველას თავისი სამყარო აქვს, რომელიც აუხსნელია. მესამე ვერ გაიგებს, რატომ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი, ამიტომ სხვა არ უნდა განსაჯო".

მანანა გაბრიჭიძე