"მთავარი იყო, "მოამბე" არ წამეყვანა" - სად არის და რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული გადაცემა "ცისკარას" წამყვანი დღეს? - კვირის პალიტრა

"მთავარი იყო, "მოამბე" არ წამეყვანა" - სად არის და რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული გადაცემა "ცისკარას" წამყვანი დღეს?

იგი ტელევიზიიდან და "ტელევიზორიდან" გავიცანი და არც არასდროს დამვიწყნია, საამისოდ კი ბევრი მიზეზი მქონდა - ტელერადიომაუწყებლობაში გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობამ, მუდამ კეთილად იღიმოდა (ეკრანიდანაც და პირისპირაც), თბილად გესალმებოდა და გკითხულობდა, ლამაზი და სიმპათიური იყო, ჟღალი თმა ჰქონდა, ამიტომ იოლად ვერავისში აურევდი და კიდევ... ხშირად ვხედავდი ველოსიპედით თბილისის ქუჩებში (ეს იშვიათობა იყო), თანაც მიახლოებითი საწყისი პუნქტი ჩემი უბანი გახლდათ. ახლახან სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და მის კედელზე თვალში მომხვდა ტელევიზიის პირველი არხის უკვე საარქივო საბავშვო გადაცემა "ცისკარას" კადრი და ქვემოთ ერთი ქალბატონის კომენტარი, - მახსოვს, საეთეროში ბოლო წამებში შემოვარდებოდი და მერე იჯექი ეთერში პატიოსანი სახითო. არადა, უკიდურესად მოწესრიგებულ ადამიანად წარმომედგინა და, თურმე, რა "ნაკლი" ჰქონია! ამდენხნიანი კარგი ნაცნობობის შემდეგ ინტერვიუზე შეხვედრისას გამომიტყდა, - შანსი არ იყო, საეთეროში 1-2 წუთით არ დამეგვიანაო. ჰოდა, ახლა ორი არაპუნქტუალური ვსხედვართ ერთმანეთის პირისპირ, მის მოგონებებს მივყვებით და, პარალელურად, ვხვდები, კეთილღიმილიანი დიქტორის მიღმა როგორი დაუდგრომელი მოგზაური, მოცურავე, კინო და ფოტოგადაღებების მოყვარული ადამიანი აღმოვაჩინე. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ყოფილმა დიქტორმა და დღემდე ერთგულად იქვე მომუშავე მალხაზ გელაშვილმა ამბების თხრობა თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) სამსახიობო ფაკულტეტით დაიწყო:

- დრამისა და კინოს მსახიობი ვარ, იქ გატარებული წლები კი ჩემთვის სიყვარულის ამოსავალი წერტილი იყო. ძალიან მომთხოვნი რეჟისორის, რეზო მირცხულავას ჯგუფში ვსწავლობდი. ჩემს ჯგუფში იყვნენ: რადიოს ყოფილი დიქტორი ლალი ზანგურაშვილი, ერთ დროს ძალიან კარგი მსახიობი და შემდეგში მოძღვარი ვაჟა მინდიაშვილი - მამა ნიკოლოზი, ჩვენივე ჯგუფელის - ეკა ქუთათელაძის მეუღლე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ჩემი კიდევ ერთი ჯგუფელი წავიდა ეკლესიაში - გოჩა ცხვარიაშვილი, დღეს უკვე მამა გაბრიელია. ჩემთან სწავლობდნენ ნატო გაგნიძე და მიშა ბუკია, ზეინაბ დვალიშვილი...

- მსახიობმა რატომ აირჩიე ტელევიზიის დიქტორობა?

- მე არ ამირჩევია, ალბათ, თვითონ დიქტორობამ ამირჩია. ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გამოვდიოდი, ეპიზოდებს მანდობდნენ; პირველ კურსზე სწავლისას მეტეხის თეატრმა მიმიწვია და, სწავლის პარალელურად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქ ვმუშაობდი, მესამე კურსზე სწავლის ერთ დღეს კი ინსტიტუტში ტელევიზიის პირველი არხის დიქტორი ომარ ტივაძე მოვიდა, აგვარჩია და 10 სტუდენტი ტელედიქტორების კონკურსის კანდიდატებად წაგვიყვანა ტელევიზიაში. რატომღაც, მორჩილად გავყევი. ალბათ, ვფიქრობდი, ტელევიზიას მაინც დავათვალიერებ-მეთქი. ორი ტური რომ გადავლახე, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად მქონდა საქმე - ტელევიზია არ მაინტერესებდა, მინდოდა, ინსტიტუტისა და თეატრისთვის დავხარჯულიყავი, მით უფრო, რომ სამუშაო ნამდვილად არ მაკლდა. ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი ტელევიზიის დიქტორად მიმიღეს.

დღემდე ვერ ვხვდები, რა პარამეტრით შემარჩიეს, რადგან იმხანად რუსულის საუკეთესოდ ცოდნას ითხოვდნენ, ქართულის დონეზე უნდა გელაპარაკა, არადა, მე, არათუ "ვამტვრევდი", საერთოდ არ ვიცოდი რუსული, ვიზუალიც არაორდინარული მქონდა - ლამის წელამდე თმას ვატარებდი, ჯინსებზე მოსაცმელშემოხვეული დავდიოდი და ა.შ. ამ სიტუაციების პარალელურად, ოჯახსაც მოვეკიდე, მერე ცოტა ხნით უნგრეთში გავემგზავრე და თბილისში დაბრუნებისთანავე, 1976 წლის 2 აგვისტოს, ომარ ტივაძე მესტუმრა შინ, - ამ საღამოს, 6 საათიდან ტელევიზიის მეორე პროგრამაზე ხარ მორიგე. სასწრაფოდ თმა შეიჭერი, მოწესრიგდი და ტელევიზიაში გელოდებიო. თმაგაკრეჭილი რომ გამოვეცხადე, მისაყვედურა, რატომ არ გაიკრიჭეო? თურმე, ძალიან დაბალზე უნდა შემეჭრა, სასწრაფოდ კიდევ ორჯერ შემამოკლებინა თმა და სტუდიაში ზეპირად გამოსაცხადებელი ტექსტი წითელი ფანქრით დამიწერა: "გამარჯობათ, ამხანაგებო! ზდრავსტვუიტე, ტავარიშჩი!" ვეხვეწე, რუსულად მარტო გამარჯობას ვიტყვი-მეთქი და - არაო! მაშინ, გამარჯობათ, მეგობრებოს ვიტყვი-მეთქი და - სადაური შენი მეგობრები არიანო?! ამას მეორე ტექსტიც მოაყოლა, 10 წუთში კვლავ ზეპირად სათქმელი: "მხატვრული ფილმი "მისი აღმატებულების ადიუტანტი". ჯერ ქართულად ძლივს ვთქვი და, წარმოიდგინე, რუსულად როგორი სათქმელი იყო: "ადიუტანტ ევო პრევასხადიტელსტვა"? მერე როგორც თქვეს, ეკრანზე "ასატანი" ვიყავი. იქიდან მოყოლებული, დიდხანს ვიმუშავე დიქტორად და დღემდე იმავე ტელევიზიაში ვმუშაობ, ოღონდ უკვე სხვა განყოფილებაში. წლების განმავლობაში ჩვენს ტელევიზიასთან ერთად ბევრი ქარტეხილი გადავიარე, პარალელურად კი, თეატრებშიც ვმუშაობდი და სულ გადარბენა მქონდა - ტელევიზიაში დილის პროგრამას გავხსნიდი, გავიქცეოდი ინსტიტუტში, მერე "ერთი წუთით" დავეთხოვებოდი ლექტორს, ტროლეიბუსით გამოვვარდებოდი კვლავ ტელევიზიაში, გამოვაცხადებდი, გადაცემები დამთავრებულია, ვაცხადებთ შესვენებას-მეთქი და კისრისტეხით მივრბოდი ინსტიტუტში. ამ რიტმში ვიცხოვრე მეოთხე კურსის განმავლობაში. ინსტიტუტის შემდეგ რუსთავის თეატრში გამანაწილეს და მერე იქ დამეწყო გადარბენა. რაც შეეხება კინოში გადაღებას, მისთვის დრო ნამდვილად აღარ მქონდა და მხოლოდ რამდენიმე ფილმი მოვასწარი...

იმხანად დიქტორად მსახიობები მუშაობდნენ და მოეთხოვებოდათ სამეტყველო აპარატის გამართულობა, ასევე, ვიზუალურად მოწესრიგებულობა, სილამაზე და გარკვეული წესების დაცვა. იდეოლოგიური დაწესებულება იყო და საბჭოთა კე-გე-ბეს თვალს ვერაფერს გამოაპარებდი. ეთერში გაშეშებული უნდა მჯდარიყავი, რადგან თავის ან ხელის ოდნავი გამოძრავებაც კი ეჭვს აღძრავდა, ეთერიდან ვინმეს რაიმეს ხომ არ ანიშნებსო. სტუდიაში ბუზიც რომ დაგჯდომოდა თავზე, არ უნდა შეგემჩნია. ხელზე რომ დამაჯდებოდა, არც ვიმჩნევდი, მთავარი იყო, არ აფრენილიყო და ცხვირზე არ დამჯდომოდა. თუმცა სახეზეც დამჯდომია და... ამიტანია. კურიოზები კი მაინც ხდებოდა. ნიკა ჯოლია გვყავდა, თანამშრომელი, საკმაოდ შარიანი ტიპი. მახსოვს, მოსკოვიდან მიდიოდა გადაცემა და მისი დამთავრებისთანავე კადრს მიღმა უნდა მეთქვა, ტრანსლაცია მოსკოვიდან დამთავრებულია-თქო. სტუდიაში ასვლამდე ჩემს ძველ მანქანას ვარემონტებდი ეზოში და გამოსაცხადებლად რომ დამიძახეს, სამუშაო ტანსაცმლითა და ტაოტიანი ხელებით ავვარდი გამოსაცხადებელ სტუდიაში. არც დავმჯდარვარ, მიკროფონისკენ დავიხარე, ხელებიც ავწიე, რაიმე რომ არ დამეთხვარა და ისე წარმოვთქვი წინადადება. ამ დროს პულტთან მჯდარ ნიკას, ალბათ, შეცდომით, ამ პოზაში ღია ეთერში გავუშვივარ...

- დიდებულ ადამიანებთან გიწევდა ურთიერთობა, ოქროს თაობის ხალხთან, შენი "ცისკარაც" დაუვიწყარი იყო...

- ჩვენ დიქტორები ვიყავით და, ძირითადად, ვისი მორიგეობაც იყო, მასვე მიჰყავდა კონკრეტული გადაცემა, გარდა რამდენიმე საავტოროსი. აქედან გამომდინარე, უმეტესწილად სწორედ მე მიწევდა "ცისკარას" წაყვანა. მთავარი იყო, "მოამბე" არ წამეყვანა, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი არც გარეგნობა, არც ხმის ტემბრი არ შეესაბამებოდა საინფორმაციო გადაცემის ფორმატს. იმ შესანიშნავ ხალხთან ურთიერთობა კი დიდი ბედნიერება იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგალითად, ჩვენთან მუშაობდა შესანიშნავი ნუნუ ხავთასი, რომელიც ტელევიზიას აზანზარებდა. მისი ხელმოწერა თუ ჰქონდა, ის გადაცემა შეუფერხებლად გავიდოდა ეთერში. ერთხელაც მითხრა, შეგიძლია, კვირას მოხვიდე, მინდა, ჩემი გადაცემა წაიყვანოო? - ლაპარაკი იყო "იავნანაზე". მალხაზ გელაშვილი ვაჟებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ნერვიულობით მოვკვდი, რას დამავალებდა, მოვეწონებოდი თუ არა... იმხანად, ყოველდღიურად დავდიოდი საცურაო აუზზე და არც ის კვირა ჩამიგდია. რატომღაც ცურვამ შემიყოლია და... უცებ დამარტყა თავში, რომ კვირა იყო და ნუნუსთან არ წავსულვარ. მინდოდა, იქვე ჩავმხვრჩალიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. ვიცვამდი და თან ვფიქრობდი, თავის გასამართლებლად რა მიზეზი მომეგონებინა. საბოლოოდ, მივედი ტელევიზიაში გადაწყვეტილებით, მხოლოდ სიმართლე მეთქვა. შევედი სტუდიაში. ნუნუ იქვე იჯდა და არ მელაპარაკებოდა. არ დამიჩოქია, მაგრამ წინ გადახრილმა ამოვთქვი, დამავიწყდა-მეთქი. ნუნუმ უცებ ხელი მომიღერა, ჰაერში გააშეშა და, - მსგავსი სიმართლე ჯერ არავის უთქვამს ჩემთვისო, - წარმოთქვა, თან იქ მსხდომებს უცნაურად გადახედა. მერე გვერდით დამისვა, ტექსტი მომცა, გადახედეო და... სტუმრებით სავსე იმ გადაცემას მე და ჯემალ მონიავა საღამომდე ვწერდით.

- ოჯახზეც მიამბე. რამდენი შვილი გყავს? - მყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლახან გათხოვდა და ოთხი შვილიშვილი. მეუღლე - მარინა შოსტაკი პედაგოგია და მეც ჩამითრია ამ საქმიანობაში - 25 წელიწადია, თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი დავაფუძნეთ და გვაქვს სკოლა, სადაც გონებრივად განსაკუთრებულად ჩამორჩენილი ბავშვები სწავლობენ. მალხაზ გელაშვილი მეუღლესთან ერთად ასევე, მაქვს დოკუმენტური ფილმების სტუდია "აწყური" და ვაპირებ მართლმადიდებლურ, სასულიერო თემასა და რელიგიის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას. თავისუფალ დროს კი სიამოვნებით ვუძღვნი მოგზაურობას.

(სპეციალურად საიტისთვის)