"სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს" - კვირის პალიტრა

"სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით წირვა- ლოცვა აღასრულა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

უწმინდესმა ტაძარში მყოფი ქართველი ძიუდოისტები და თამარ მეფის სახელობის სკოლის მოსწავლეები დალოცა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

"დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი მომქცეველი. დღეს არის ხსენება ჩვენი საყვარელი მეფისა ვახტანგ გორგასლისა. ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით, რომ ვახტანგ გორგასლის თხოვნით, ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პეტრეს კათალიკოსის წოდება. სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს. იყო ასეთი კანონისტი ბალსამონი, შემდეგ ის გახდა პატრიარქი ანტიოქიისა. ბალსამონი წერს, რომ საქართველოს ეკლესიას ნეტარი პეტრეს დროს მიენიჭა ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დამტკიცებაში, რომ რომელი პეტრე იყო. საქართველოშიც პეტრე იყო მეთაური და ანტიოქიაშიც პეტრე იყო.

ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ეკუთვნის მეთერთმეტე საუკუნეს და ბალსამონი ამბობს - ამბობენ, რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოსა და კვიპროსს მიენიჭა ავტოკეფალია. ეს სიტყვა, ამბობენ, მეტყველებს იმაზე, რომ ეს შორეულ წარსულში მეთერთმეტე საუკუნეში კი არა, მეხუთე საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის დროს იყო. ვახტანგ გორგასალმა ორი წარმომადგენელი გაგზავნა ანტიოქიაში და პეტრე აკურთხეს. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცემთ მათ ღვაწლსა და მოღვაწეობას. საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით, ამან იქონია დიდი გავლენა, დიდი ძალა. განვითარდა ქართული ენა, მწერლობა, კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან, მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროს.

მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახალმწიფო რელიგია მირიანის დროს და მეხუთე საუკუნეში ეკლესია გახდა დამოუკიდებელი. რთული დროა, მაგრამ წყალობა ღვთისა, როგორც ამბობს დავით წინასწრმეტყველი. შეგეწიოთ ოთხივე წმინდანი, რომელთა ხსენებაც დღეს არის. გაიხარეთ, გაიხაროს საქართველომ", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"