კანონი სიტუაციას ქმნის დანაშაულის ჩადენისთვის? - კვირის პალიტრა

კანონი სიტუაციას ქმნის დანაშაულის ჩადენისთვის?

"მახეში რომ არ გაებათ, გახსენით ყველა ინფორმაცია!"

2009 წელს, აპრილის აქციების დროს, პარლამენტისა და მთავრობის საიტები დაიბომბა, წამში დაახლოებით 85 ათასი კიბერშეტევა მოხდა

შესაძლოა, რომელიმე სოციალურ ქსელში თქვენც მიიღეთ გაფრთხილება, რომ პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში კანონით უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. ეს ცვლილება ოპერატიულ-სამძებრო კანონში 2010 წლის 24 სექტემბერს შევიდა, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილს არ ჰქონდა, ამიტომაც აჟიოტაჟი მოგვიანებით შეიქმნა.

გვიქადის თუ არა საშიშროებას ეს კანონი? ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი ესაუბრა:

- დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებს ინტერნეტსივრცის გაკონტროლება შეუძლია. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ე.წ. "შავი ყუთის პრინციპით"... შავ ყუთს დგამენ ინტერნეტპროვაიდერთა სივრცესა და დაწესებულებებში, სადაც ქსელების სისტემაა. ყველა ქვეყანაში საგამოძიებო სტრუქტურებისთვის ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ამას საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება. თუმცა, ჩნდება მთავარი კითხვა:

დავიცვათ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება თუ მისი შელახვის ხარჯზე ვებრძოლოთ კიბერდანაშაულს? ეს საკითხი დავას იწვევდა სამეცნიერო თუ სახელისუფლებო წრეებში. ამერიკის ხელისუფლებამ შეძლო საკანონმდებლო ორგანო დაერწმუნებინა, რომ ის, ვინც უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, უნდა იყოს პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზეც. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, კიბერდანაშაულის აღსაკვეთად საგამოძიებო სტრუქტურებისთვის სხვისი პირადი მეილები, ჩათები და ა.შ. ხელმისაწვდომი გახდა.

ჩემი აზრით, ამერიკელებმა ქართველ კოლეგებსაც მისცეს ინტერნეტსივრცის საკანონმდებლო დაცვის თაობაზე რჩევები, ვინაიდან სამთავრობო საიტები ბოლო დროს ხშირად დაიბომბა. აღარაფერს ვამბობ იმ კიბერშეტევებზე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს წინ უძღოდა, როცა სახელისუფლებო საიტებზე იშლებოდა ყველა ინფორმაცია და მათ ნაცვლად ჩნდებოდა წარწერა: "აი ლავ რაშა!" ჩნდებოდა სააკაშვილის პორტრეტი ჰიტლერის იმიჯით, ზოგჯერ სისხლიანი სახითაც.

2009 წელს, აპრილის აქციების დროსაც, განახლდა საიტების დაბომბვა. რამდენიმე საინფორმაციო საშუალების, პარლამენტის, მთავრობის საიტი დაიბომბა, წამში დაახლოებით 65 ათასი კიბერშეტევა მოხდა. წლევანდელი წლის შემოდგომაზეც შეიქმნა პრობლემები. სხვათა შორის, ჩვენი საიტები უფრო მეტად დაცული რომ ყოფილიყო, ამერიკულ სერვერზე გადავიდა, მაგრამ გადასვლიდან 15 წუთში ისევ დაიბომბა.

ამ კიბერდანაშაულის გამოძიება იმდენად რთულია, რომ მიზეზებზე საუბარი ძალიან ძნელია. როგორც ვიცი, გამოძიებაში ნატოს უსაფრთხოების ჯგუფი ჩაერია და ვითარება ოდნავ განეიტრალდა. ჩვენ არა გვყავს გამომძიებლები ამ სფეროში. უნდა გვყავდეს კიბერდანაშაულების გამომძიებელი, პროკურორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკანონმდებლო ცვლილებას მხოლოდ ის დანიშნულება ექნება, რომ ვაკონტროლოთ სხვისი პირადი ცხოვრება, ნაცვლად დანაშაულის აღმოფხვრისა ან შემცირებისა.

ყველა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. ე.ი. საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ვალდებული არიან გამოძიებისთვის ნებისმიერი პერსონის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის მთავარი საფრთხე. ინტერნეტში იმდენად დიდი ინფორმაციაა, რომ შეუძლებელია გამოძიება ყველა ჩვენგანის მიმოწერის გაშიფვრით დაკავდეს.

თუმცა არ არის გამორიცხული, საგამოძიებო ორგანოს რომელიმე არაკეთილსინდისიერმა წარმომადგენელმა პირადი ინფორმაცია მოქალაქის შანტაჟირებისთვის გამოიყენოს.

მაგალითად, ზოგიერთს არ სურს თავისი რელიგიური ან თუნდაც სექსუალური ორიენტაციის აფიშირება, რაც, ვთქვათ, შეიძლება პირადი მიმოწერით დადგინდეს. ასეთი საშიშროება ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები უკეთ არის დაცული.

ინფორმაციის დაცვის ორი ხერხი არსებობს: გასაიდუმლოება და გახსნა, ე.ი. პირადი ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოებისთვის კარგია მისი გასაიდუმლოება, მაგრამ თუ არ გამოდის, მაშინ უმჯობესია მისი მაქსიმალურად გახსნა. ასე რომ, გახსენით ყველა ინფორმაცია და შეუძლებელი გახდება თქვენზე ზეწოლა ან ზეგავლენა.

ესეც თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. საკანონმდებლო ცვლილებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიებისთვის დასაშვებია "ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგი, რაც ნიშნავს გლობალურ საინფორმაციო ქსელში მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას და მათში მონაწილეობას, ასევე, უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნას, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას". ეს ქვეპუნქტი სამართლებრივად გამართული არ არის, ე.ი. კანონით ხდება ადამიანის პროვოცირება დანაშაულისთვის.

ეს დაახლოებით იგივეა, რაც მოდელირებული "ქრონიკა", როცა ადამიანებს სიცრუის თანამონაწილეებად ვაქცევთ.

დემოკრატიულ ქვეყნებში ინტერნეტმონიტორინგი ტარდება უსაფრთხოების მიზნით, იმისთვის, რომ არავინ შეაღწიოს ინტერნეტქსელში, დაცული იყოს პერსონალური მონაცემები.

საქართველოში კი გამოძიებას შეუძლია ადამიანს შეუქმნას სიტუაცია და პირიქით, ჩაადენინოს დანაშაული. სხვა საშუალება კიბერდანაშაულის გამოსავლენად მას არა აქვს და როგორც უკვე მოგახსენეთ, არა ჰყავს ამ სფეროში სპეციალისტები.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გამოძიება "სიტუაციის შექმნის" მიზნით, ინტერნეტსივრცეში აწვდის მოქალაქეს ინფორმაციას, რომ ამა და ამ კოდით შეუძლია შევიდეს ბანკის მონაცემთა ბაზაში და ვიღაცის ანგარიშიდან გადმოქაჩოს განსაზღვრული ოდენობის თანხა. თუ მოქალაქე მიჰყვა ინსტრუქციებს და ცნობისმოყვარეობით იფიქრა, აბა, ვნახავ, რა მოხდებაო, გამოძიება "დააჯდება კუდზე" და დააკავებს.

ადვილი შესაძლებელია ამგვარ მახეში არა გამოცდილი კრიმინალები, არამედ ახალგაზრდობა გაებას, ვინაიდან კომპიუტერებთან, ძირითადად, 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები ატარებენ ყველაზე დიდ დროს. ამიტომ, ფრთხილად, არავინ გაებათ მახეში!