სასკოლო განათლების კრიზისი - კვირის პალიტრა

სასკოლო განათლების კრიზისი

"PISA-ს კვლევებით, ჩვენი მოსწავლეები ზუსტად ისეთივე შედეგებს აჩვენებენ, რაც 2009 წელს აჩვენეს. პროგრესი არ ჩანს, თითქმის 10 წელი დაკარგული გვაქვს! შეიძლება 5-10 წელიწადში შედეგს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ დღეს თუ არ დავიწყეთ, 25 წლის მერეც ასეთივე მდგომარეობა გვექნება"

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) 2018 წლის კვლევის თანახმად, წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. წინა კვლევასთან შედარებით, საქართველომ სამივე კატეგორიაში გაუარესებული შედეგები აჩვენა. განათლების სფეროს პრობლემებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას ვესაუბრეთ:

- შედეგები, რომლებიც 2018 წლის კვლევამ გვიჩვენა, საქართველოსთვის მძიმეა - 15 წლის მოსწავლეებს შორის როგორც წაკითხულის შინაარსი, ისე მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომპეტენციები დაბალია, ამ კვლევაში ჩართულ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ეს უმძიმესი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სასკოლო განათლებას დიდი პრობლემები აქვს. ვიღაცები ძალიან ანერვიულდნენ, მაგალითად, ყაზახეთი რატომ გვისწრებსო. მთავარი ის კი არ არის, ყაზახეთი რამდენი ქულით გვისწრებს, არამედ ის, რომ ჩვენ ყაზახეთთან ერთად ვართ და არა, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებთან. ეს არის მთავარი და არა ის, 1 ქულით ჩვენ გავუსწრებთ ყაზახეთს, თუ ყაზახეთი - ჩვენ.

მთელი ქვეყნისა და საზოგადოების მთავარი გამოწვევა არის სასკოლო განათლება, ზოგადი განათლება - უპირველესად ეს უნდა გავაცნობიეროთ და შემდეგ ვთქვათ, რომ ამ საქმეში ბევრი რესურსის ჩართვა გვჭირდება - იგულისხმება როგორც ადამიანური რესურსი, ენერგია და კომპეტენცია, ასევე ფინანსური, რათა 10-15 წლის შემდეგ უფრო მომზადებული თაობა გვყავდეს. დასანანია, რომ საზოგადოებას ეს გაცნობიერებული არა აქვს. ნებისმიერი გამოკითხვით, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაციები ატარებენ, სასკოლო განათლებას პრობლემად არ აღიქვამს მოსახლეობის 4-5%-ზე მეტი. გასაგებია, რომ მათ სხვა, არსებითი პრობლემები აქვთ, მაგალითად, უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ., მაგრამ ეს მუდმივი პრობლემა იქნება, თუ ვერ მოვახერხებთ განათლებისა და განსაკუთრებით სასკოლო განათლების გაუმჯობესებას, რადგან მოქალაქე სასკოლო განათლების ბაზაზე ყალიბდება. ამ საქმეში არა მარტო განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელები, არამედ საზოგადოებაც მოვიკოჭლებთ.

- თქვენი აზრით, რა არის უპირველესად გასაკეთებელი?

- კომპლექსურად ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაწყებული მოქმედი მასწავლებლების გადამზადებითა და ახალი მასწავლებლების დასაქმებით, დამთავრებული სასკოლო-სასწავლო პროგრამებით. ყველა შენატრის ესტონეთის მაგალითს, სადაც დიდი ხანია დანერგილია ონლაინპროგრამა, რომელიც მოსწავლესაც, მშობელსაც და სკოლის ადმინისტრაციასაც აძლევს საშუალებას, ნებისმიერ წამს ნახოს, რა შედეგები, როგორი აკადემიური მოსწრება აქვს სხვადასხვა საგანში ამა თუ იმ მოსწავლეს, რა დავალება აქვს, რამდენი გაცდენა და ა.შ.

- ეს მოდელი ხომ ჩვენთანაც ადვილი დასანერგია და ზოგიერთ სკოლაში მოქმედებს კიდეც. - ამაში ყველა სკოლა უნდა იყოს ჩართული. თუ მოვინდომებთ, არსებობს მოდელები, რომელთა დანერგვა შესაძლებელია გონივრულ დროში. ესტონეთმა სასკოლო რეფორმა 90-იანი წლებიდან დაიწყო და 25 წლის შემდეგ მიაღწია შედეგს. დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოს პირველ ხუთეულშია მოსწავლეების განათლების დონით. შეიძლება 5-10 წელიწადში შედეგს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ დღეს თუ არ დავიწყეთ, 25 წლის მერეც ასეთივე მდგომარეობა გვექნება. PISA-ს კვლევებით, ჩვენი მოსწავლეები ზუსტად ისეთივე შედეგებს აჩვენებენ, რაც 2009 წელს აჩვენეს. პროგრესი არ ჩანს, თითქმის 10 წელი დაკარგული გვაქვს!

ძალიან დიდი უკმაყოფილებაა სასკოლო წიგნების გამო, სამუშაოა ელექტრონული პროგრამების დანერგვაზე, მომზადებასა და გავრცელებაზე - პროგრამის გამოყენება ყველას უნდა შეეძლოს.

- გამოსაშვები გამოცდების ან თუნდაც უნარ-ჩვევების გამოცდის გაუქმება როგორ აისახება ამ პრობლემაზე? - საქმეც ის არის, რომ ცვლილებები ისე ხდება, პროფესიული საზოგადოება არ არის დარწმუნებული, იყო თუ არა ეს გააზრებული, უძღოდა თუ არა ამას ხანგრძლივი სჯა-ბაასი და კონსულტაციები.

- არადა, ბევრი რამ მართლაც არ ჰგავდა გააზრებულს, თუნდაც "დედა ენის" ან ჰაგიოგრაფიის სკოლიდან გატანა-დაბრუნება და კიდევ ბევრი რამ... - განათლების სფერო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად უნდა ვითარდებოდეს. იმისათვის, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს, გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს არ უნდა ვიღებდეთ... ამიტომაც განათლების სისტემის სრულყოფაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა შეიძლება გამოსავალი იყოს.

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება 80-მდე ქვეყანაში და სამ წელიწადში ერთხელ 15 წლის მოზარდებში განათლების დონეს ამოწმებს. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო. 2018 წელს კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 300-ზე მეტი სკოლის 5000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. PISA-ს კვლევაში პირველ ხუთ ადგილზე არიან ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, კანადა და ფინეთი.