"ეტყობა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანთან სავაჭროდ უნდათ" - კვირის პალიტრა

"ეტყობა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანთან სავაჭროდ უნდათ"

რა უნდათ ქართველ მესაზღვრეებს სოფლის შესასვლელში, როდესაც გასაკონტროლებელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარია

"ჩვენი ხელისუფლებისთვის სოფლის ბედი სულერთია"

მასალა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. მართალია, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ როცა საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვას ეხება, თვალის მოხუჭვა არ ეგების.

სოფელი ერისიმედი სიღნაღის რაიონში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა. მართალია, ოფიციალურად საქართველოს იურისდიქციაშია, მაგრამ სოფელში ვერ შეხვალთ, თუ სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოზე მესაზღვრემ რეგისტრაციაში არ გაგატარათ. საგუშაგო კი,  სანამ  სოფელში შეხვალთ, 1 კილომეტრშია. უცნაურია, რომ ჩვენს მესაზღვრეებს საგუშაგო ზედ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე კი არა (საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვარს ვგულისხმობ, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი აგერ უკვე 17 წელია ვერა და ვერ დადგინდა), სოფლის შესასვლელთან მოუწყვიათ, თითქოს არც აინტერესებთ, რა ხდება საგუშაგოს იქით.

იქით კი ქართული სოფელია, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ქისტები სახლობენ. ერისიმედელები შეზღუდული მიმოსვლის გამო ძალიან წუხან. თუ სოფლიდან გავიდნენ, უკან უპასპორტოდ ვერ ბრუნდებიან. ხშირად ყოფილა, ნათესავები სწვევიათ, მაგრამ რაკი სტუმრებს პასპორტი არ ჰქონიათ, საგუშაგოდან გაუბრუნებიათ. ქართველებისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართი დასახლებული პუნქტიდან 1 კილომეტრში კი არა, 10 მეტრში აქვთ გავლებული.

KvirisPalitra.Geსასაზღვრო კონტროლი ერისიმედში 2010 წლის აპრილიდან გამკაცრდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სოფლის მკვიდრი ქისტი, 16 წლის ახმედ გაურგაშვილი მოკლა.

"ახმედი ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული. რომ ბრუნდებოდა, დაინახა, საქონელი ღობის იქით გადასულა. მათ მობრუნებას შეეცადა და ამ დროს ტყვია თავში მოხვდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ გაუფრთხილებლად ესროლა. შემთხვევის ადგილზე მთელი სოფელი მივიდა. გარდაცვლილს არ გვატანდნენ.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ავტომატები მოგვიშვირეს და რუსულად გვაფრთხილებდნენ, არ მოხვიდეთ, თორემ გესვრითო. ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე ეგდო, მაგრამ მიახლოების უფლებას არ გვაძლევდნენ",

- გვიამბეს ერისიმედელებმა. კახეთის მედიასაშუალებებმა იმ პერიოდში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ქართველი მესაზღვრეები არ აკონტროლებენ და ერისიმედის მოსახლეობა შს სამინისტროსაგან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გაკონტროლებას ითხოვდა.

გაუგებარია, რა უნდათ ქართველ მესაზღვრეებს სოფლის შესასვლელში, როდესაც გასაკონტროლებელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარია. ამ გაურკვევლობამ აფიქრებინათ ერისიმედელებს, რომ ამ სოფელს საქართველოს ხელისუფლება მალე აზერბაიჯანს დაუთმობს(!). როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველო-აზერბაიჯანის სადემილიტაციო ორმხრივი სამთავრობო კომისიიდან სანდო წყარომ აცნობა, სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერბაიჯანს რჩება(!).

ერისიმედისა და ერისიმედელთა ბედი რომ გაურკვეველი და სავალალოა, გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებამაც დაადასტურა:

"სოფელი ერისიმედი არის იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუკი იქ მიმოსვლის რაიმე შეზღუდვა არსებობს, იმის გამო, რომ ის სადავო ტერიტორიაზეა. სოფელ ერისიმედის საკითხი დელიმიტაციის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ეს ჯგუფი მიიღებს".

KvirisPalitra.Ge"ახალი მემარჯვენეების" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრმა მალხაზ ხუციშვილმა ნინო კალანდაძის ამ განცხადებას სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო უწოდა.

- კარგა ხანია ვითხოვთ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საზღვართან გადაიტანონ, მაგრამ უშედეგოდ. რადგან ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ სოფლის ბედი სულერთია, აზერბაიჯანელებს გაუჩნდათ პრეტენზიები.  სოფლის მოსახლეობას მიმოსვლა შეზღუდული აქვს. დაუშვებელია ქართულ სოფელში შესასვლელად ისეთი პროცედურების გავლა გიწევდეს, თითქოს ირანის საზღვარზე გადადიხარ. ამ გარემოებამ გაუჩინა აზერბაიჯანულ მხარეს სურვილი, ეს ტერიტორია მოეთხოვა.

მესაზღვრეების მოკლული ბიჭის საქმე დღესაც არ არის გამოძიებული. რამდენადაც ვიცი, ქართულ მხარეს არც მოუთხოვია დამნაშავის დასჯა.  ეტყობა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანთან სავაჭროდ უნდათ და არც ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებს გამოვრიცხავ. შეიძლება აზერბაიჯანელებისგან რაღაცას ელიან  საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე.

საქართველოში ხომ უამრავი აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ. ნინო კალანდაძის განცხადებამ დაგვარწმუნა, რომ ამ ტერიტორიისთვის საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს თავის გამოდებას. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთზე საბჭოთა კავშირის დროს საზღვარი მდინარე ალაზნის გასწვრივ გადიოდა.

მაშინ ალაზანი ერისიმედის იქით მიედინებოდა, ახლა კალაპოტი შეიცვალა და ერისიმედის აქეთ მოედინება. როგორ შეიძლება მდინარის კალაპოტის ცვლილება გახდეს ტერიტორიის დათმობის მიზეზი? ხომ შეიძლება სხვაგანაც მოძებნოს მოდავების საბაბი აზერბაიჯანმა, სხვა მიწებიც მოითხოვოს? ქართულ მხარეს იმის თავიც არა აქვს, დაამტკიცოს, რომ დავითგარეჯი ჩვენია.

სოფელი ერისიმედი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს  დაარსდა და მას შემდეგ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ სოფლის არაქართულობის საკითხი. წლების განმავლობაში ერისიმედის მოსახლეობა ძალიან იჩაგრებოდა. უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ არც უფიქრიათ სოფლის დატოვება. ახლა ხელისუფლება აიძულებს, დაცალონ სოფელი.

ნაციონალურ ხელისუფლებას მივმართავ: ყველა ღონეს მიმართოს, რომ ძირძველი ქართული მიწა-წყალი უცხოტომელთა ხელში არ ჩავარდეს.

იზრუნოს, რომ მომავალში სერგო ორჯონიკიძესთან ერთად არ მოიხსენიონ.

KvirisPalitra.Geმამუკა არეშიძე: - საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საზღვრის დემარკაციაზე. დავითგარეჯის მონაკვეთს (ბერთუბანს), რომელიც აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული,  აზერბაიჯანი არ თმობს. როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანს საქართველოს სხვა ტერიტორია შესთავაზა. არ არის გამორიცხული, ეს ერისიმედი იყოს.

სოფელი მოუხერხებელ ადგილას არის. იქ არც გზაა და არც სასმელი წყალი. იქ 80-მდე ოჯახი ცხოვრობს და შეიძლება ისინი სხვაგან გადაასახლონ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს მოსახლეობამ არ იცის.

არ შეიძლება მოსახლეობა მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ამყოფო. მეშინია, არ მოხდეს ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, როდესაც ჩვენებმა წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია მისცეს აზერბაიჯანს, სანაცვლოდ კი ვერაფერი  მიიღეს.

ჩემთვის ასევე გაუგებარია ბლოკპოსტის მდებარეობა და ფუნქცია, რომელიც სოფელ ერისიმედის შესასვლელშია.

- ერთმა მკითხა, ალაზანს აზერბაიჯანის მხარეს რომ ეცვალა კალაპოტი, ის დათმობდა ტერიტორიასო?

- რა თქმა უნდა, არა. იმის გამო, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, საქართველომ ტერიტორია არ უნდა დათმოს. როდესაც საზღვრის დემარკაციაზეა ლაპარაკი, ხელმძღვანელობენ იმ ადმინისტრაციული საზღვრით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საქართველო-აზერბაიჯანს შორის იყო. თუ დავითგარეჯის შემთხვევაში ითვალისწინებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვარს, რატომ არ უნდა გაითვალისწინონ ერისიმედის შემთხვევაშიც?

კახა ხანდოლიშვილი, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრი: - ერისიმედის ტერიტორია 1993 წლიდან სადავოა საქართველო-აზერბაიჯანს შორის. ალაზანი მუდმივად იცვლის კალაპოტს და შეუძლებელია ის იყოს საზღვრის განმსაზღვრელი. 17 წელია აზერბაიჯანულ მხარესთან დემარკაციაზეა ლაპარაკი, მაგრამ პროცესი ძალიან გაჭიანურდა, რადგან რამდენიმე სადავო ტერიტორიის საკითხი ვერ გადაიჭრა.

- გამორიცხავთ, რომ ერისიმედის ტერიტორია დავითგარეჯში გაიცვალოს?

- სოფლის დათმობაზე არა მგონია ლაპარაკი იყოს. შეიძლება დაითმოს სახნავ-სათესი ან საძოვარი. სხვადასხვა დოკუმენტში საზღვარი სხვადასხვა ადგილას არის აღნიშნული. რადგან საბჭოთა კავშირის დროს საქართველო-აზერბაიჯანს შორის მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი იყო, ხშირად რაიკომების დონეზე ხდებოდა საზღვრის გადასინჯვა.

მას შემდეგ, რაც საქართველო და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ, შეიქმნა საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაცია-დემილიტაციის სახელმწიფო კომისია, რომელმაც ყველა დოკუმენტი შეისწავლა, მაგრამ არის 3-4 საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან. კომისია ვერ გადაწყვეტს ტერიტორიულ დავას. ანალოგიური პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანს რუსეთთან, მაგრამ წელს გადაწყდა მედვედევ-ალიევის შეხვედრის დროს.

- რა გამართლებას უძებნით ერისიმედის  შესასვლელში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს?

- ბლოკპოსტის სოფლის შესასვლელში გაკეთება ერისიმედელებს ვერ დაიცავს ისეთი უბედური შემთხვევისაგან, რომელიც აპრილში მოხდა. სანამ საზღვარი დემარკირებული არ არის, არ არის ჩასმული სასაზღვრო ბოძი, საკითხი, თუ ვინ გააკონტროლებს სადავო ტერიტორიას,  არაფორმალური მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს. სადავო ტერიტორიაზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ერთობლივი პატრულირება რომ ყოფილიყო, აზერბაიჯანელი მესაზღვრე არ ესროდა საქართველოს მოქალაქეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, იმ მავთულხლართიდან, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან,  ერისიმედის სკოლის საპირფარეშო რამდენიმე მეტრშია. მოსწავლეები ამბობენ, ხშირად საპირფარეშოში ვერ მივდივართ, რადგან იქვე შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და გვეშინიაო. "ქართველი მესაზღვრეები მარტო იქ დგანან, სადაც პუნქტი აქვთ მოწყობილი.

იმ მხარეზე, სადაც მკვლელობა მოხდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შემოდიან და საქონელიც გადაჰყავთ ჩვენგან. ისინი ჩვენს ჭაბურღილზე წყალსაც სვამენ და იმის გამო, რომ შეიარაღებული არიან, სოფლელები წყლის მოსატანადაც ვერ მიდიან იმის შიშით, რომ არ ესროლონ", - აი, ასეთია ქვეყნის ხელისუფლებისაგან  დავიწყებულ ერისიმედელთა რეალური ყოფა.

ფოტოები გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის საიტიდან.

ფოტოების ავტორი: გელა მთივლიშვილი