"ყოველთვის მჯეროდა, რომ სადღაც არის ხალხი, რომელმაც იცის, რა სჭირდება დროს" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მჯეროდა, რომ სადღაც არის ხალხი, რომელმაც იცის, რა სჭირდება დროს"

რომანი 8-ჯერ დაიბეჭდა და დაახლოებით 40 000 ეგზემპლარი გაიყიდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თარგმნა და მალე უცხოეთში გაიყიდება რომანის ინგლისურენოვანი ვერსიაც

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" წელს მესამედ ჩატარდა და მართლაც უნიკალური აღმოჩნდა: მისი დახმარებით სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც ახალი სათქმელი მოიტანა საზოგადოებისთვის - ბედნიერების მიღწევისათვის აუცილებელია კომფორტის ზონიდან გასვლა! ანუ იმ ზონიდან, რომელშიც ადამიანი სულიერი ღირებულებებისგან არის დაცლილი და მხოლოდ მატერიალურზე ზრუნავს.

საზოგადოების სულიერ მდგომარეობას ყველაზე უკეთ მწერლობა ხედავს. იმ ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებებიდან, რომლებიც კონკურსის შედეგად ბესტსელერებად იქცა, არის ია კარგარეთელის "სულ სხვა უდაბნო", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად - რომანი 8-ჯერ დაიბეჭდა და დაახლოებით 40000 ეგზემპლარი გაიყიდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თარგმნა და მალე უცხოეთში გაიყიდება რომანის ინგლისურენოვანი ვერსიაც. რომანის შესახებ და სხვა თემებზე ია კარგარეთელს ვესაუბრეთ.

- რომ არა ეს კონკურსი, ალბათ, ჩვენს სათქმელს ვერ ვეტყოდით საზოგადოებას. მსგავსი დახმარება ჯერ არავის გაუწევია ახალგაზრდა მწერლებისთვის. თუმცა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

მოხდა საოცარი რამ - ამ კონკურსის შემდეგ ათასობით ახალგაზრდა მკითხველი დაუბრუნდა წიგნს, ქართულ ლიტერატურას. ბოლო დროს ახალგაზრდა თაობა მხოლოდ უცხოელი მწერლებით იყო გატაცებული, კონკურსმა კი ეს ტენდენცია შეცვალა, დამწყებ მწერლებს კი საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა.

მაგალითად, მე ყოველთვის მიჭირდა საუბარი იმაზე, რაც მაწუხებდა. ამის მიზეზი ის სულიერი გამოფიტულობაც იყო, რასაც გარშემო ვხედავ, კონკურსის წყალობით კი ყველაფერი ჩემს წიგნში ვთქვი - ვთქვი, რომ ცუდ დღეში ვართ, ვართ სულიერებისაგან დაცლილი და აღარ გვცალია ერთმანეთის სულში ჩასახედად. დრო აღარ გვრჩება. ვკმაყოფილდებით მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობებით, მობილურ ტელეფონს ერთხელ დააწკაპუნებ და ამით ამოიწურება ყველაფერი. ეს კლავს ადამიანს, ფიტულად აქცევს. როდესაც ჩვენ ვიზრდებით ფიზიკურად და ვერ ვზრდით ჩვენს სულებს, შემოვიფარგლებით მხოლოდ მატერიალურზე ზრუნვით, ვკარგავთ სამყაროსთან ჰარმონიას და ვიღუპებით. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანები მატერიალური კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდნენ და კვლავ უნდა გამონახონ დრო ერთმანეთისთვის, სიყვარულისთვის, ბუნებისთვის... რა მნიშვნელობა აქვს სულიერად თუ ფიზიკურად, მთავარი უბედურება მაინც ის იქნება, როცა უკან მივიხედავთ და ვეღარ გავიგებთ, რატომ ვიცხოვრეთ.

- სხვათა შორის, სულიერებისგან დაცლის თემა წლევანდელ კონკურსზეც, კერძოდ, რომანით "ფეხბურთის მოთამაშე" შემოვიდა. თუმცა შენი "სულ სხვა უდაბნო" ეგვიპტურ არშიაზეა მორგებული, რასაც, ალბათ, თავისი დატვირთვა აქვს, - აღმოსავლური რომანები ისტორიულად ჩვენთვის უცხო არასოდეს ყოფილა.

- "სულ სხვა უდაბნოს" არაფერი აქვს საერთო ეგვიპტესთან. კონკურსის ჟიურიც აღნიშნავდა, მიუხედავად იმისა, არშია უცხოურია, აქ ყველაფერი ჩვენიაო. უბრალოდ, ეგვიპტე მიყვარს. ალბათ, ამ ქვეყანასთან ჩემი სულიერი ძაფები იმანაც გააბა, რომ დედას უყვარს და მასზე მიამბობდა, ჩემი დაც იქ სწავლობდა. სულ ეს იყო. რომანის მთავარი გმირები: თამთა, იუსუფი, ეგვიპტე, უდაბნო მხოლოდ სიმბოლოებია. თამთა სპარსული სახელია და გამარჯვებულს ნიშნავს. იუსუფის სახელიც სიმბოლურია, ბიბლიურად ღვთის მოცემულ სიხარულს ნიშნავს. უდაბნო კი ის ადგილია, სადაც ძველი, პრიმიტიული "მე" კვდება და ახალი ადამიანი იბადება, იბადება ის სულიერი ღირსებები, რომელთა შესახებ თავადაც არაფერი იცოდა. ამის შესაცნობად მას აუცილებლად უდაბნო სჭირდება - ანუ დიდი ტკივილის გადატანა. ისევე როგორც უდაბნოში მიმავალმა ებრაელებმა არ იცოდნენ, რა იყო გოლეულით სავსე აღთქმული ქვეყანა, რადგანაც ეგვიპტეში პრასსა და ნიორზე იყვნენ გაზრდილი. ისე კი, საკუთარ თავში ამ ღირსებების წამოწევის გარეშეც თამთა თითქოს ისეთი ჩვეულებრივი გოგო იყო, როგორიც ყველა სხვა, მასაც ვერ წარმოედგინა კომფორტის ზონიდან გასვლა. ისიც "მობილური ტელეფონივით" მარტივად ფიქრობდა - მოივლიდა ეგვიპტეს და დაბრუნდებოდა შინ ერთ კვირაში.

- როგორ გახდა თამთა ისეთი, რომ ათიათასობით მკითხველი მიიზიდა? - ყველაფერზე მაღლა დგება, ყოველგვარ ტკივილზე, შურისძიებაზე... მოსპობს საკუთარ გულში ყველა სიძულვილს, რაც შეიძლება ადამიანს დამანგრეველი იმედგაცრუებისას გაუჩნდეს და მივა იქამდე, რომ პატიება შეძლოს და როდესაც თამთას გულში სიძულვილი განადგურდება, ჩადგება ნამდვილი პატიების სიმშვიდე, მხოლოდ მაშინ მოუვლენს ღმერთი სიხარულს იუსუფის სახით. არადა, ეუბნებოდნენ, რომ დიდი იმედგაცრუების შემდეგ მაინც დაებრუნებინა სიყვარული. დაებრუნებინა ისე, როგორც სხვები იბრუნებენ და დაევიწყებინა ღირსება.

- ღვთიურადაც ასეა, - როდესაც ადამიანი პატიებას მართლა ახერხებს, გულიდან გამოირეცხავს სიძულვილს, ის ნამდვილად მაშინ ხდება ბედნიერი. - არადა, როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ პატიება უნდა შეძლონ, ისინი მპასუხობენ, ვერ შევძლებთ, ეს ხომ ნიშნავს, მასთან დავბრუნდეთ, ვინც მოგვატყუა, გვიღალატაო, არადა, პატიება არ ნიშნავს დაბრუნებას, ის სიძულვილისაგან გათავისუფლებასა და ამით თავის გაბედნიერებას ნიშნავს. მიხარია, რომ მკითხველი სწორად იგებს, რისი თქმაც მინდოდა ამ რომანით - რომ დიახ, ამაღლდებიან და ღირსებას არა სიძულვილით, არამედ სიძულვილზე გამარჯვებით დაიბრუნებენ და იქნებიან ნამდვილად ძლიერი ქალები.

რაც შეეხება წიგნის ტირაჟს, ნამდვილად მეამაყება - კიდევ ერთხელ მომადგა ცრემლი თვალზე, როდესაც ვნახე, რომ მისი ტირაჟი 40 000 ეგზემპლარს მიუახლოვდა. მადლობა ამისთვის გამომცემლობა "პალიტრა LL"-ს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სადღაც არის ხალხი, რომელმაც იცის, რა სჭირდება დროს.

ამ გამომცემლობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ მწერლობაში ახალი თაობა ახალი სიტყვით შემოეყვანა.