ტექდათვალიერების ერთწლიანი შედეგი - კვირის პალიტრა

ტექდათვალიერების ერთწლიანი შედეგი

"60 ლარია ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება, გაუვლელობის გამო ჯარიმა კი - 50 ლარი. თუ დაჯარიმებიდან ერთ კვირაში დაფარავენ ჯარიმის საფასურს, 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან. საქართველოს მასშტაბით ტექინსპექტირებას აკონტროლებს როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიცია..."

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ჩვენს ქვეყანაში ტექდათვალიერება ყველა ტიპის ავტომანქანებისთვის სავალდებულო გახდა. როგორ ვიცით, ის შემოიღეს ორი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად - გზებზე უსაფრთხოების დაცვისა და გამონაბოლქვის შემცირებისთვის. როგორი მდგომარეობაა დღეს და რა სიახლეები იგეგმება ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გვესაუბრება.

- ქვეყნის ავტოპარკში ოფიციალურად რეგისტრირებული 1 300 000 ავტომანქანაა. მათგან 600 ათასზე მეტმა მიაკითხა ტექინსპექტირების ცენტრს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის იმდენი ტრანსპორტი, რაც სტატისტიკით ქვეყნდება.

- იქნებ ტექდათვალიერების გარეშე დადიან? - 60 ლარია ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება, გაუვლელობის გამო ჯარიმა კი - 50 ლარი. თუ დაჯარიმებიდან ერთ კვირაში დაფარავენ ჯარიმის საფასურს, 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან. საქართველოს მასშტაბით ტექინსპექტირებას აკონტროლებს როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიცია.

- ჭკვიანი კამერებიც ხომ აფიქსირებს ავტომანქანებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლია? - სავარაუდოდ, არ ჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც იმ ადგილებში მოძრაობენ, რომელთაც ჭკვიანი კამერები ვერ სწვდება, ძირითადად, რეგიონებში. დაჯარიმების ისეთი მექანიზმის შემოღებაა საჭირო, რომელიც წაახალისებს მძღოლს, რომ მივიდეს და რეგისტრაციიდან მოხსნას პასიური სტატუსის მქონე ავტომობილი, რათა დავინახოთ რეალობა.

- კიდევ რა ხარვეზებს ხედავთ? - სამწუხაროდ, არ აღირიცხება, რა პროცენტული წილი მოდის გაუმართავი ტრანსპორტის გამო ავარიებზე. აქედან გამომდინარე, შედარებას ვერ ვახერხებთ.

რაც შეეხება გამონაბოლქვს, სიახლე არ არის, რომ სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით ისევ დადიან ტექინსპექტირებაგავლილი ავტომანქანები, რომლებიც შავ ბოლს აფრქვევენ. ამის აღმოსაფხვრელი მექანიზმი, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ქუჩაში გამონაბოლქვის გაკონტროლებაა. სხვანაირად პრობლემას არ მოევლება.

- ხომ შეიძლება გააჩერო მძღოლი, რომლის ავტომობილსაც გამონაბოლქვი აქვს, მან კი თავი იმართლოს, რომ სწორედ ახლა გაუფუჭდა და ხელოსანთან მიჰყავს მანქანა? - არის ორი კატეგორიის დახარვეზება. პირველი - არ შეიძლება მანქანის გადაადგილება ევაკუატორის გარეშე. მეორე - შეგიძლია 1 თვის განმავლობაში იარო დახარვეზებული ავტომანქანით. ცნობილია, რომ პირველ ჯერზე დახარვეზებული ავტომანქანების 28% არ მოვიდა განმეორებით ტექინსპექტირებაზე, რადგან თუ ავტომობილის შეკეთება იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ჯარიმა, ერთიანად 500 ლარის გადახდას, ურჩევნიათ, ყოველთვიურად გადაიხადონ 40 ლარი (ფასდაკლებით) ჯარიმა და იარონ ტექინპექტირების გარეშე. ახლა 30 დღეში ერთხელ ჯარიმდებიან, მაგრამ არსებობს ახალი ინიციატივა, რომ დაჯარიმდნენ 72 საათში ერთხელ.

- ამბობენ, რომ ახალი წლიდან ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს კატალიზატორი. - კატალიზატორის არსებობა არ შემოწმდება, შემოწმდება გამონაბოლქვის სტანდარტი. დღეს დაშვებულია 0,8% ჩO-ს გამონაბოლქვი, მაგრამ ეს მაჩვენებელი გამკაცრდება თუ ავტომობილი ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

ევროპის ქვეყნებში წლის განმავლობაში 6-დან 9 მილიონამდე ავტომობილის უტილიზაცია ხდება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ამგვარი მომსახურება, არადა, გადასამუშავებელი ავტომობილები ნამდვილად დაგვიგროვდა. იქნებ ჯართში ჩავაბაროთ? ზოგს შეიძლება უღირდეს და ქვეყნისთვისაც ხსნაა.

რაც შეეხება საწვავის ხარისხს... დიზელის ნაწილში ნამდვილად არის გამოწვევა. ევრო 4 სტანდარტს დიდი შემომტანები იცავენ, მაგრამ რეგიონებში მაინც არის პატარა-პატარა სადგურები, რომლებიც ალბათ, სცოდავენ, თუმცა ამას ვერ ვამტკიცებთ, იმიტომ, რომ სინჯის აღების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. სახელმწიფო გვარწმუნებს, რომ დაწესებული სტანდარტი ყველგან კმაყოფილდება, მაგრამ არ არის ეს დამაჯერებელი...

- იმასაც ამბობენ, რომ ავტომანქანის ტექნიკურად შემოწმებისას ოპერატორებიც არ არიან ერთნაირად მკაცრი ყველა მძღოლის მიმართ. რეფორმის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ოპერატორის დაკავების შესახებაც...

- ამ შემთხვევაში კორუფციული გარიგება კი არა, შეცდომა იყო, გაურკვევლობა საკანონმდებლო ჩანაწერში, რომელსაც ერთი ოპერატორი შეიძლება ერთნაირად იგებდეს, მერე - მეორენაირად. აქაც პერსონალის მომზადებაა საჭირო, რომ ყველა ერთი სტანდარტით მოქმედებდეს. ვნახოთ, წლის დასაწყისში პარლამენტი რას იტყვის და როგორ შეაფასებს რეფორმის მიმდინარეობას, შედეგებს კი სახელმწიფო და არასამთავრობოები ერთად შეაფასებენ.