"მაქმანიანი" ძველი თბილისი - კვირის პალიტრა

"მაქმანიანი" ძველი თბილისი

"ებრაელი ვაჭრის სახლი იეთიმ გურჯის ქუჩაზე. სწორედ ამ ქუჩის "პავაროტში" ცხოვრობდა ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ"

ადამიანი შეჩვეულ სილამაზეს იშვიათად აღიქვამს, თუმცა ძველ თბილისს ეს არ ეხება - ის მუდამ გვაოცებს. როგორც ამბობენ, ეს ძველი თბილისის კულტურული მრავალფეროვნების შედეგია, მთავარი "ჯადო" კი, ალბათ, იმ სიყვარულშია, რითაც ქალაქი შენდებოდა. არსებობს ისტორიული ფაქტები, როცა თბილისის მაშენებელი ამქრები ქალაქში ბევრ რამეს უფასოდ აკეთებდნენ. ძველი თბილისის ჭვირულ არქიტექტურას "მაქმანიანი" მოგვიანებით დაარქვეს და ძალიანაც მოუხდა. ეს საოცარი სახლები თითქოს მართლაც მაქმანივით მსუბუქია და იმაზე გვიამბობენ, რომ მათი მობინადრენი გულღია და ალალი ხალხი იყო. ამ სახლებიდან დღეს ცოტაღა შემორჩა, კიდევ უფრო ცოტა იმ ხალხის შთამომავლობა, ვისთვისაც ეს სახლები აშენდა. თვით "ევას პავაროტის" მაქმანიან სახლშიც აღარ ცხოვრობს ევას მრავალრიცხოვანი შთამომავალი. სამაგიეროდ, ამ სახლებმა თითქოს სული შეიძინა - ქალაქი მათ ტკივილს ისე აღიქვამს, როგორც ადამიანებისას, თორემ მშენებლობების მონსტრებს აქამდე ვერ გადაურჩებოდნენ. ხელოვნებათმცოდნე ლევან აროშიძის თქმით, სწორედ ამ ჭვირულმა, მაქმანიანმა აივნებმა დაამტკიცა, რომ ქართულ კულტურას იმუნიტეტი ჰქონდა.

- ისევე როგორც ადამიანი, ხელოვნებაც, მათ შორის არქიტექტურა, ატარებს იმ ხალხის გენეტიკურ კოდს, ვინც მას ქმნის. როდესაც არქიტექტურას გამიზნულად ვამახინჯებთ, ესეც გენეტიკური კოდის ნიშანია, ოღონდ ცუდი. თითქმის ორი საუკუნის წინ, როდესაც ჩვენი ქალაქის "მაქმანიანი" სახლები შენდებოდა, სახელმწიფოებრიობა უკვე დაკარგული გვქონდა, სამაგიეროდ, ქართული ჭვირული კულტურა აღორძინდა და იმდენად მოხიბლა თბილისში ჩამოსული ევროპელი არქიტექტორები, რომ მშენებლობის განუყოფელ ნაწილად აქციეს - თავად სახლები შეიძლება ევროპული იყო, მაგრამ აივნები აუცილებლად ქართული ჰქონდა. ამ სტილს აღმოსავლური სტილიც შეერია ოდნავ და ასე შეიქმნა თბილისური არქიტექტურა. მასში არა მხოლოდ სილამაზე იკითხება, არამედ თბილისელების ფსიქოლოგია, თბილისური აივნები მოწმობს, რომ აქ გულღია და წრფელი ხალხი ცხოვრობდა. მართალია, ევროპელი არქიტექტორები ჩამოიყვანეს, მაგრამ სინამდვილეში თბილისს იმერელი და რაჭველი ხუროები, თბილისელი ამქრები აშენებდნენ, რომლებიც ევროპელ არქიტექტორებთან თანამშრომლობდნენ. ისე, რაჭველები მხოლოდ თბილისს კი არა, მთელ ჩრდილოეთ კავკასიას აშენებდნენ, მთელი რაჭა "მოგზაური მშენებლობა" იყო. ამ ხალხთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მუშაობდნენ თბილისელი ამქრებიც, რომლებიც ღირსების ფენომენად გვევლინებოდნენ - სარწმუნოების მიუხედავად, რომელიმე წმინდანის მფარველობაში ერთიანდებოდნენ და მთელ თბილისში კეთილი საქმეების გაკეთების საბაბს ეძებდნენ. გასამრჯელოსაც, რასაკვირველია, იღებდნენ, მაგრამ თუკი ნახავდნენ, რომ რომელიმე სახლი ვერ შენდებოდა, შეესეოდნენ და ააშენებდნენ, ან კიბეს მიადგამდნენ, ან ჭიშკარს ჩამოჰკიდებდნენ. როდესაც თბილისში შავი ჭირი მძვინვარებდა და ყველა გაიხიზნა, ამქრები ავადმყოფების მოსავლელად დარჩნენ და ამით სიკვდილისთვის გადადეს თავი.

- ეს "სული", თუ შეიძლება ასეც ვუწოდოთ, ძველი თბილისის არქიტექტურას თითქოს ახლაც ეტყობა. აივნები ცხადია, ხარისხიანი ხისგან შენდებოდა, თორემ ამხელა დროს როგორ გაუძლებდა.

- უამრავი ხის ქარხანა იყო, ხე კი ხარისხიანი და კარგად გამომშრალი. ასე რომ არა, აივნები პირველივე წელიწადს დაიბრიცებოდა, თანაც ყველა სახლის ეზოში ხე იდგა და ყველა აივანზე ვაზი იყო. დღეს რომ ევროპული ქალაქების მწვანე აივნების გვშურს, საუკუნე-ნახევრის წინ თბილისური აივნებიც ასევე იყო გამწვანებული. ყველა სახლის ეზოში ეკოლოგიური ზონა იყო.

- ამ სახლებს შორის რომელიმეში თუ ცხოვრობენ მათი პირველი მფლობელების შთამომავლები?

- რუსთაველზე, კინოს სახლის უკან არის ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი სახლი, რომელშიც, საბედნიეროდ, იმ ხალხის შთამომავლები ისევ ცხოვრობენ, ვისთვისაც აშენდა. სახლი ქალაქის მდიდარმა კომერსანტმა ვასილ გაბაშვილმა აჩუქა ქალიშვილს, მარიამს. გაბაშვილს 8 შვილი ჰყავდა და სხვა სახლებიც ჰქონდა. მარიამი, ვისაც ეს სახლი აჩუქა, მამის სურვილის მიუხედავად, არა თავადს, არამედ გლეხს, ნიკოლოზ ყიფშიძეს გაჰყვა ცოლად. თუმცა სიძე ამ საჩუქარს ნამდვილად იმსახურებდა. ის შესანიშნავი სპეციალისტი იყო, სხვათა შორის, იოსებ სტალინის პირადი ექიმიც გახლდათ. სახლი დანგრევას სწორედ ნიკოლოზმა გადაარჩინა, როდესაც სტალინს სახლის სურათი აჩვენა, გთხოვთ, ამის დანგრევა არ დაუშვათო. სტალინის ბრძანებით სახლი ხელუხლებელი დატოვეს, თუმცა გაბაშვილებს ქონება ჩამოართვეს და მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს. ყიფშიძეებმა წლების შემდეგ აქ შესახლებული ხალხის სხვაგან დაბინავება, სახლის დაბრუნება შეძლეს და რესტავრაციაც თავისივე ხარჯით გააკეთეს. "ებრაელი ვაჭრის სახლი იეთიმ გურჯის ქუჩაზე. სწორედ ამ ქუჩის 'პავაროტში' ცხოვრობდა ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ" არის სახლები, რომელთაც ძველი მფლობელების სახელები შემორჩა. ასეთია, მაგალითად, ებრაელი ვაჭრის სახლი იეთიმ გურჯის ქუჩაზე. სწორედ ამ ქუჩის "პავაროტში" ცხოვრობდა ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ და, ალბათ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ევას პავაროტში მივდივარო!

მოგვიანებით ეს გამოთქმა რაიმე ბუნდოვანისკენ წასვლის აღსანიშნავად გავრცელდა და დღესაც გაიგონებთ. ევას შთამომავლები დღეს ისრაელში ცხოვრობენ. გასულ საუკუნეში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის ხალხი, რომელთაც ფაშფაშა და კეთილი ევა ახსოვდათ, კლიენტებს ნისიად რომ ატანდა საქონელს, ფული როცა გექნებათ, მაშინ მომიტანეთო. მან იცოდა, რომ არავინ მოატყუებდა.

- ზოგჯერ დრო ყველაფერს წყვეტს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზოგიერთმა სახლმა დრო უკვე "მოჭამა" და რესტავრაციას აღარ ექვემდებარება? მაგალითად, ნინოშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე ულამაზესი სახლი დგას, რომელიც აშკარად მალე დაიწყებს ნგრევას.

- ნებისმიერი ძველი სახლი ექვემდებარება აღორძინებას, თუ სპეციალურად არ მიუშვებ დასანგრევად. ხალხი საბჭოთა ხელისუფლების დროსაც იბრძოდა ძველი თბილისის არქიტექტურის გადასარჩენად. მაგალითად,"მშრალი ხიდი 1934, 1954 და 1971 წლებში დასანგრევთა სიაში იყო. საბედნიეროდ, აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც ეს ხიდი გადაარჩინეს. დღეს ყველა ვხედავთ, რამდენად აგრესიული და მახრჩობელაა თბილისის ახალი არქიტექტურა. მსგავსი რამ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამაც განიცადა, მაგალითად, იტალიამ და მერე მიხვდნენ, რა საშინელებასაც აკეთებდნენ. იქნებ ოდესმე ჩვენც მოვიდეთ გონზე.