"რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ატკინა და აწყენინა - ამით ზაზას ვერავინ გაგვიცოცხლებს" - კვირის პალიტრა

"რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ატკინა და აწყენინა - ამით ზაზას ვერავინ გაგვიცოცხლებს"

რამდენიმე დღის წინ ყველასათვის საყვარელი რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. 53 წლის რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მან კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში დატოვა და ამის შესახებ

"ფეისბუკზეც" დაწერა. სოციალურ ქსელშივე მისი გარდაცვალების შემდეგ არაერთი ვერსია დაიწერა, სადაც იუწყებოდნენ, რომ თანამდებობის დატოვებას წინ კონფლიქტური სიტუაცია უძღოდა.

"დაცარიელებულ, ჩამქრალ კინოს სახლს თავისი კეთილი სული შთაბერა"

ელენე რევიშვილი, კინორეჟისორი:

- კონფლიქტთან დაკავშირებით ზაზას ოჯახის გადაწყვეტილებით ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ. იმ ინფორმაციებით კი, უფრო სწორად - ვერსიებით, რომლებიც სოციალური ქსელით ვრცელდება, ვიღაცები თავის გამოჩენას ცდილობენ. ზოგიერთი, ვინც ამ ვერსიებში დაასახელეს, არც კი მონაწილეობდა ამ ამბებში. ერთი ქალბატონის სტატუსი გავრცელდა, რომელიც ზაზას არც იცნობდა, თანაც - ტყუილი დაწერა. სოსო ჯაჭვლიანს ამ ამბებთან არაფერი აკავშირებს. ვითხოვთ, ოჯახის დაუკითხავად ზაზას პრობლემებზე ლაპარაკის უფლებას თავს ნურავინ მისცემს.

ზაზა დიდი ბავშვივით იყო. ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ვინც ცხოვრებაში მინახავს. სამართლიანი, ღირსეული... მისი შემოქმედებაც ამ ფასეულობებზე იყო აგებული. ზაზა მამაჩემის, გიორგი რევიშვილის მეგობარი იყო. მამა თბილისის ომის დროს გარდაიცვალა და მას შემდეგ ზაზასთან მუდმივად მქონდა ურთიერთობა. თავს მის შვილად ვთვლი. საქმიანად ერთი წლის წინ დავახლოვდით, როცა ზაზა საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. ახალი კადრების მიღება რომ დაიწყო, მეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მივედი და მისი გუნდის წევრი გავხდი, მაგრამ არასდროს მქონია პრივილეგია იმის გამო, რომ ზაზას ახლობელი ვიყავი. აკადემიაში კინოპროექტების მენეჯერად და ზაზას თანაშემწედ ვმუშაობდი. ძალიან დიდი რეფორმა გაატარა - დაცარიელებულ, ჩამქრალ კინოს სახლს თავისი კეთილი სული შთაბერა. ორი კინოდარბაზიც გაკეთდა. დავიწყეთ პროექტების განხორციელება. ძალიან გვეხმარებოდა ზაზას საზღვარგარეთული კონტაქტები და ავტორიტეტი - მოგეხსენებათ, ის ამერიკის კინოაკადემიის წევრი იყო.

- ბოლო დროს ტელეფონის ნომერი გამოცვალა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობაო.

- ზაზას არ სჭირდებოდა ხმაური. ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს. ზაზას ცხოვრების წესი იყო მისი ოჯახი - მეუღლე, შვილები, დედა და კინო.

ამ ეტაპზე თავის სამუშაო გუნდთან ურთიერთობდა - ფილმს ვიღებდით, გარეთ კი რა ხდებოდა, ვინ რით ცხოვრობდა და რა ბოროტებას სჩადიოდა, ჩვენი საზრუნავი არ იყო. ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ აგვისტოში, როცა ზაზა და მასთან ერთად მისი გუნდიც რაღაც არაგულწრფელსა და ბინძურს გამოერიდნენ. განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. არაჯანსაღ პროცესებში არასდროს ჩაერეოდა.

ზაზამ დაამთავრა უკრაინულ-გერმანული ფილმი "ანტონი", რომელიც ებრაელებისა და გერმანელების ოჯახზე მოგვითხრობს და რომლის პრემიერა საქართველოში 2020 წლის აპრილში გაიმართება. ეს ფილმიც ძალიან ჰგავს ზაზას - ურთიერთობებზე, გულწრფელობასა და სიყვარულზეა. ფილმში ასახულია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის პერიოდი. მოქმედება უკრაინის სოფელში ხდება. ფილმს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა მეორე ფილმის დასაწყებად ემზადებოდა და...

ზაზა მასზე სუსტს არასოდეს ზემოდან არ დახედავდა და არასოდეს დაარტყამდა. ყოველთვის იცოდა თავისი შესაძლებლობები და მაქსიმალურად ცდილობდა, ეს შესაძლებლობები თავის ფილმებში გამოეყენებინა. არ უნდოდა, დრო და ენერგია სხვა რამეში დაეხარჯა. მართალია, იყო ნერვიულობა, წყენა, მაგრამ გავიარეთ ეგ ეტაპი და ახლა სულ სხვა ეტაპზე იყო - ანთებული, სიცოცხლით სავსე.

ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა და როგორ, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, როცა ზაზა აღარ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ატკინა და აწყენინა - ამით ხომ მას ვერავინ გაგვიცოცხლებს... ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და როგორი ღირსეულიც იყო, ისე ღირსეულად გავაცილოთ... იხილეთ სრულად