არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავას - დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით - კვირის პალიტრა

არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავას - დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით

თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც თან ბიოიკოტის წერილებს წერთ, თან ბიუროს სხდომას ესწრებით. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს თინა ბოკუჩავას.

არჩილ თალაკვაძემ ბოკუჩავას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

რაზეც თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ ეპატაჟი და ბუტაფორია არის თალაკვაძე, "ბორკილებს რომ ატრიალებს აქ". "ბუტაფორია ხარ თავიდან ბოლომდე. არავინ არაფერს გეკითხება, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინე, რომ ციხეში შეგვიშვა", - მიმართა ბოკუჩავამ თალაკვაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოკუჩავას დამშვიდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით", - მიმართა თალაკვაძემ ბოკუჩავას.

თალაკვაძეს უპასუხა ბოკუჩავამ. "ღვედები თქვენ შეიკარით ძალიან ცუდი გზა გელოდებათ. კადაფიზაციისკენ მიდიხართ. მარტივია პასუხი, გვიშვებთ თუ არა პოლიტპატიმრებთან?", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ციხეში შეშვების და პატიმრების მონახულების უფლებას ითხოვდა ბიუროს სხდომაზე სერგო რატიანიც.

დეპუტატების შეკამათებას რეპლიკით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

"ვერ შეგიშვებთ იმიტომ, რომ მოასხამთ რაღაცას და პატიმრები გვეცოდება. 2012 წელს შესულიყავით პატიმრებთან, თქვენი მართლა... პატიმრებს დაენახე, რას გიზამენ ის პატიმრები. წამო, ერთად შევიდეთ", - მიმართა ყაველაშვილმა სერგო რატიანს.