"სახანძრო მანქანის სათავსო გავხსენი და... ბელი გადმოგორდა. არასოდეს დამავიწყდება კორპუსის მოსახლეობის რეაქცია" - კვირის პალიტრა

"სახანძრო მანქანის სათავსო გავხსენი და... ბელი გადმოგორდა. არასოდეს დამავიწყდება კორპუსის მოსახლეობის რეაქცია"

სწავლის დამთავრების შემდეგ, არჩევანი ცეცხლთან და სტიქიასთან ბრძოლაზე გააკეთა და მეხანძრე-მაშველის პროფესია აირჩია. 10 წელზე მეტია, ამ საქმეს ემსახურება და ამ დროის განმავლობაში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია... ვაკე-საბურთალოს სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი ლეიტენანტი, ცვლის მეთაური ირაკლი დავითიძე სახალისო ისტორიას იხსენებს:

- ერთხელ, მონადირეებმა ჩვენს სამსახურს დათვის ბელი გადმოსცეს, პატარა იყო, რამდენიმე თვის. დედა დათვს რა მოუვიდა, არ ვიცი... ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში "ნუ გეშინია დედა" რომ არის, მერაბიას რომ ზრდიან სამხედროები, ისე გავზარდეთ ჩვენც ის ბელი. პატარა, შავი, მრგვალი ბურთივით იყო, მხიარული. ჯერ რძეს ვასმევდით, შემდეგ, რომ გაიზარდა, ხორცი და პური მიგვქონდა... დაახლოებით, სამი თვე გვყავდა. ძალიან შეგვიყვარდა, მაგრამ ქალაქის ცენტრში დათვი ხომ არ გვეყოლებოდა და რაჭის ტყეში გავუშვით. ზოოპარკის ადმინისტრაციას შევთავაზეთ, მაგრამ გვყავსო, შემოგვითვალეს.

რაღაც დროის შემდეგ, კიდევ ერთი ბელი მოგვიყვანეს და ისიც ასე გავზარდეთ, გამოცდილება უკვე გვქონდა... ზაფხულში ტყის ხანძრები ხშირია და ზოგჯერ ერთი გამოძახებიდან პირდაპირ მეორეზე მივდივართ. ეს მეორე ბელიც ისე გვყავდა მიჩვეული, ეზოს გარეთ არ გადიოდა, ბავშვივით ხეებზე დაძვრებოდა, გვეთამაშებოდა. ერთხელ, გამოძახებიდან დაბრუნებულებს მანქანის სათავსში, სადაც სამუშაო იარაღებს ვინახავდით, საჭირო ნივთები უნდა მოგვეწესრიგებინა. "მიშკაც" ჩვენ გარშემო ტრიალებდა. ეტყობა, დრო იხელთა და ერთ სათავსში შეძვრა. ამ დროს განგაში ჩაირთო და ოპერატიულად წავედით სხვა გამოძახებაზე, სადაც კორპუსის ეზოში ბალახი იწვოდა. მოსახლეობა გარეთ იყო და საკუთარი ძალებით ებრძოდა ხანძარს. როგორც კი მანქანის სათავსო გავხსენით, ძალიან სასაცილოდ ბელი გადმოგორდა... არასოდეს დამავიწყდება კორპუსის მოსახლეობის რეაქცია - რამდენიმეწუთიანი პაუზა ჰქონდათ. თავიდან ჩვენც დავიბენით, თუმცა, შემდეგ ავუხსენით, ჩვენი დათვია, არ შეგეშინდეთო. კარგად იხალისეს. ხანძარი რომ ჩავაქრეთ, ისევ უკან შეგორდა და გამოგვყვა. ამის მერე ძალიან ბევრს ვხუმრობდით, - მეხანძრე დათვი გვყავსო. ძალიან ბასრი კბილები ჰქონდა და თამაშისას ხანდახან გამკრავდა ხოლმე, ყოველი შემთხვევისთვის ავიცერით და იმ ზაფხულს არც ალკოჰოლი დაგვილევია... შემდეგ შვებულებაში გავედი, რომ დავბრუნდი, უკვე აღარ დამხვდა, ტყეში გაუშვიათ. იხილეთ სრულად

ლალი პაპასკირი