"21 წლის ვიყავი გიო რომ წავიდა, წავიდა სამუდამოდ, ის ყველასგან განსხვავებული იყო, ალბათ ამიტომაც ვერ დაიტია ამ სამყარომ" - კვირის პალიტრა

"21 წლის ვიყავი გიო რომ წავიდა, წავიდა სამუდამოდ, ის ყველასგან განსხვავებული იყო, ალბათ ამიტომაც ვერ დაიტია ამ სამყარომ"

დედაქალაქში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ცხოვრება საკმაოდ რთულ პირობებში გადაწყვიტა და სვან ბიჭზე დაოჯახების შემდეგ, მეუღლესთან ერთად, სვანეთში, მესტიაში გადავიდა საცხოვრებლად... ტრაგედია, რომელიც შეემთხვა, დიდი უსამართლობაა - სამწლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ მისი მეუღლე გიორგი ნაკანი ავარიაში დაიღუპა. ის კი ორი პატარა ბავშვით მარტო დარჩა. ელენემ შეუძლებელი შეძლო და თავსდატეხილი ტკივილის შემდეგ ფეხზე წამოდგა - ის სვანეთში აქტიურად ჩაერთო ცხოვრებისა და განვითარების იმ ეტაპზე, რასაც სვანეთის აღორძინებისკენ მიმავალი გზა ჰქვია...

29 წლის ელენე განაია: - დავიბადე და გავიზარდე თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური საგნებისადმი მქონდა მიდრეკილება და მიყვარდა ინგლისური ენა, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან სექტორზე ჩავირიცხე. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სწავლა და მეგობრებთან დროის გატარება იყო, ვფიქრობ, მათი წყალობით, ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად იქცა - უნივერსიტეტის წვეულებაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში, გავიცანი ადამიანი, რომელმაც სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება... ჩვენი გაცნობიდან ორი თვის შემდეგ, უკვე შეყვარებულები ვიყავით. 1 წლის თავზე კი ოჯახი შევქმენით, იმჟამად 19 წლის ვიყავი და მიუხედავად მცირე ასაკისა უკვე საბანკო სექტორში ვმუშაობდი. 20 წლის ვიყავი, როდესაც პირველი გოგონა მარიამი შეგვეძინა და მოულოდნელად სამუშაოდ თბილისიდან მესტიაში გადავედი ერთი წლით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში შევიყვარე და გავითავისე სვანეთი, სვანი ხალხი და მთის წეს-ჩვეულებანი. ხასიათიც მიწყობდა ხელს, თანაც თვითონაც ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, ალბათ ამიტომ არ გამიჭირდა მთაში ცხოვრება და მთის ტრადიციების პატივისცემა, მგონი, მეც ბუნებით მათსავით მკაცრი და ამტანი ვარ, ბევრი რამ გადამხდა... 21 წლის ვიყავი გიო რომ წავიდა, წავიდა სამუდამოდ...

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი და განსაკუთრებული ადამიანი იყო და არის, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ალბათ მასზე ლაპარაკი და ქება... მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან ჩვეულებრივ მოკვდავთაგან. ვფიქრობ, გიორგი სწორედ ასეთი იყო და ამიტომაც ვერ დაიტია ამ სამყარომ... ვარ ორი უსაყვარლესი სვანი გოგონას  დედა.

- ძალიან ძნელია სიტყვებით იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც გადაგხდა, თუმცა შენ შეუძლებელი შეძელი და სხვისთვის სამაგალითო ადამიანი ხარ... ბევრს უკვირს, რომ ამ მძიმე ამბის შემდეგ დარჩი და გააგრძელე ცხოვრება სვანეთში...

- არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ვფიქრობ, ისევ ღმერთის წყალობით გავაგრძელე ცხოვრება, მაგრამ უკვე სხვა მიზნებითა და მიმართულებებით. რთულია, როდესაც ადამიანს მიზანი არ აქვს ცხოვრების, ესეთ დროს ალბათ დროც უაზროდ იხარჯება და ენერგიაც... გიორგის საოცარი ოჯახის წევრები ჰყავს, პირველი მიზეზი ეს იყო ჩემი მესტიაში დარჩენის, მერე გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ის მოზღვავებული ენერგია და ენთუზიაზმი, რაც ჩემში არსებობდა სიკეთით უნდა გამომეყენებინა. გადავწყვიტე მაგისტრატურაზე ჩამებარებინა.

აქედან დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად დავინიშნე. ცოტა ხნის შემდეგ კი, პარალელურად ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ეს მართლაც დიდი გამოწვევა იყო, იმუშაო ახალგაზრდებთან, რომლებიც რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე დიდ მხარდაჭერას საჭიროებენ.

- უამრავი პრობლემაა საქართველოს მთიანეთში და როგორც ვიცი, სვანეთის მასშტაბით მცხოვრებ ადამიანებთან ერთად, აქტიურად ხარ ჩართული მათი ყოველდღიური პრობლემების მოგვარების საკითხში…

- გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მკაცრი კლიმატური პირობები უფრო და უფრო ბევრ პრობლემას ქმნის, დიდ ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები ამ მხრივ უფრო განებივრებულები არიან, მათი ჩართულობა სხვადასხვა შემოქმედებით, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების. ამას ემატება მუნიციპალური ტრანსპორტის არ ქონა, რაც ხელს უშლის მათ სხვადასხვა სერვისსა თუ მომსახურებაზე წვდომაზე. თითოეული მთაში მცხოვრები ადამიანი ჩემთვის გმირია, ისინი ქმნიან და წერენ ისტორიას, ისტორიას თუ როგორ შეინარჩუნეს მთა და არ დატოვეს.

90-იან წლებში სტიქიის დროს საკმაოდ ბევრი სოფელი დაიცალა, მაგრამ რეგიონის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, დღეს შესაძლებლობა აქვს ახალგაზრდას რომ დაუბრუნდეს კერას და შემოსავალი ჰქონდეს, საკმაოდ ბევრი ახალგზრდა დაბრუნდა. ისეთი აქტიურები და კრეატიულები არიან, შესაშური გონიერებითა და აზროვნებით გამოირჩევიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, სამწუხაროდ, არათანაბრადაა განვითარებული ჩვენი რეგიონი. ვფიქრობ, ამ პროცესში ისევ და ისევ ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათი უნარებითა და ჩართულობით უკეთესობისკენ შეცვალონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ მთაში და მაქვს შესაძლებლობა ჩემი რესურსი და ენერგია მოვახმარო ამ კუთხის განვითარებას, სულ ვამბობ, ადამიანმა მხოლოდ საკუთარ შვილზე არ უნდა იფიქროს, ის თანაბრად უნდა ფიქრობდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, რომ ხვალ და ზეგ არ ნახოს ის შედეგი, რაც არა თანაბარი განვითარებითაა განპირობებული ჩვენს საზოგადოებაში.

მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ დაბრუნდნენ, მათი ენერგია და გამოცდილება ჭირდება ჩვენს ქვეყანას... ორი და სამი უკვე ძალაა, ასე რომ ვფიქრობ თქვენი დაბრუნება უკეთესობისკენ შეცვლის როგორც რეგიონს ასევე ჩვენს ქვეყანას წინ წასწევს.

ასე მგონია, აქ მთაში უფრო ბევრ რამეს შევძლებ ვიდრე რომელიმე დიდ ქალაქში, იქ რომ წავიდე ალბათ უფრო პირადი მიზნებისთვის წავალ, მაგრამ აქ საზოგადოებრივი კეთილდღეობა მეფიქრება და ახალგაზრდები, რომლებიც გავიმეორებ და ვიტყვი, რომ გასაოცარი აზროვნებითა და გონიერებით გამოირჩევიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მიმართულების მიცემა.

მთაში, მიუხედავად უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემებისა მაინც კარგია, აქ სულ სხვა სითბო და სიყვარულია, აქ მკაცრი ზამთარია, მაგრამ ხალხი სითბოთი და სიყვარულით ცხოვრობს, აქ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია, მაგრამ ხალხი არ შიმშილობს, აქ შეიძლება წაკამათდნენ, მაგრამ სიძულვილი არ არის, სხვაგან შეიძლება უღმერთობაა, მაგრამ აქ ღმერთია…

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)