აუტიზმი - "ჩაკეტილი" ბავშვი - კვირის პალიტრა

აუტიზმი - "ჩაკეტილი" ბავშვი

"სულაც არ არის უტოპია იმაზე ფიქრი, რომ აუტისტი ბავშვი ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრებას და მუშაობას შეძლებს"

ბავშვი თუ სამი წლის ასაკში ვერ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს გაბმულად, თითქოს დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს, მშობლებთან არ ურთიერთობს, არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ, სათამაშოებს ახირებულივით, ყოველთვის ერთი და იმავე თანამიმდევრობით, ფერის შესაბამისად (მაგალითად, წითელ სათამაშოებს - ერთად) ალაგებს და არასდროს გიყურებს თვალებში, შესაძლოა, პატარას აუტიზმი სჭირდეს. აუტისტ ბავშვებს განსაკუთრებით ადამიანის სახე აღიზიანებთ, ამიტომაც გაურბიან პირდაპირ მზერას. ასეთი ბავშვი არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს, მაგრამ შეუძლია შეჭამოს ქაღალდი, ფოთლები.

მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი), რითაც ცდილობენ შფოთვის და უსიამოვნო გარემოთი გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ. განსაკუთრებული უნარი. ახალი გარემო და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნები, შესაძლოა, მათთვის უარყოფითი ემოციისა და შიშის მიზეზი გახდეს. აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, იცვამენ ერთნაირი თანამიმდევრობით.

აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარებას აფერხებს. ყალიბდება 3 წლამდე და ზოგადი სტატისტიკით, ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. გამომწვევი მიზეზები უცნობია. დაავადება თანდათან ვითარდება, ვლინდება 15 თვის ასაკიდან და საბოლოოდ ყალიბდება 3 წლის ასაკში.

ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ აუტიზმის დიაგნოზის დასმაში მულტფილმებიც დაგვეხმარება. სპეციალისტების განმარტებით, ჯანმრთელი ჩვილები სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებენ მულტფილმების გმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებული ჩვილები რეაგირებენ მხოლოდ ხმებზე. ასეთი დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.

ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-ე-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი, შესაძლოა, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ, ამიტომაც  დაავადების გამომწვევ მიზეზად ყველაზე ხშირად სტრესს მიიჩნევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ აშშ-ში 30 წლის წინ ყოველ 10000 ბავშვში მხოლოდ ერთი იყო აუტიზმით დაავადებული, ბოლო წლებში დაავადება ყოველი 150 ბავშვიდან ერთში იჩენს თავს, ამიტომ ექიმები აუტიზმის ეპიდემიის საშიშროებაზეც კი ლაპარაკობენ.

ასევე გაჩნდა მოსაზრება, რომ დაავადების კიდევ ერთი გამომწვევი, შესაძლოა იყოს ვაქცინები, რომელთაც  ჩვილობის ასაკიდან იყენებენ და რომლებიც შეიცავს მძიმე მეტალებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2006 წელს აშშ-ში ასეთი ვაქცინების გამოყენება სახელმწიფოს მოთხოვნით აკრძალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე: "დიდი ხანია დასრულდა კვლევა მთელ მსოფლიოში, მაგრამ არ დასტურდება, რომ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არსებობს. საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა რეკომენდებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. თავის დროზე ძირითადად თიომერსალზე იყო გამახვილებული ყურადღება, როგორც საეჭვო კომპონენტზე.

არის ვაქცინები, რომლებიც ამ კომპონენტის გარეშე ვერ გამოდის. თუმცა, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება მისი დაუყოვნებლივ ამოღების შესახებ. არსებობს რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით გამოიყენონ ეს კომპონენტი. ჩვენთან შემოტანილი ვაქცინა თიომერსალს არ შეიცავს (გავრცელებული ინფორმაციით, თიომერსალი იყო ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაში. -ავტ.)."

პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში არ ხდება ვაქცინაციის შემდგომი კვლევა იმ კუთხით, მართლაც იწვევს თუ არა იგი აუტიზმს, რადგან ასეთი კვლევები თურმე მხოლოდ ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც მილიონობით ბავშვი იყენებს ვაქცინას. აუტიზმის ხუთ წელიწადში  ერთი და ათ წელიწადში დაფიქსირებული ორი შემთხვევა კი სტატისტიკურ მონაცემებს ვერ იძლევა.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეა ჩანადირი აუცილებლობად მიიჩნევს ასეთი კვლევების ჩატარებას.

მეტიც, მისი აზრით, დაავადება გვიან საფეხურზე ვლინდება სწორედ იმის გამო, რომ  კვლევა  არ ტარდება ადრეულ ეტაპზე, რაც მკურნალობის პროცესს გააუმჯობესებდა, რადგან 2 წლამდე ასაკში მხოლოდ აუტისტური სპექტრის დარღვევა ხდება, დაავადება კი შემდეგ ყალიბდება.

თეა ჩანადირი: "პირველადი საფეხურის პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და სხვებს სპეციალური ტესტების საშუალებით უნდა ევალებოდეთ ჩვილობის ასაკიდან ბავშვზე დაკვირვება, ხომ არ აქვს პატარას აუტიზმის ნიშნები. ეს უნდა გამოიკვლიონ 12-იდან 18 თვის ასაკამდე. მუდმივად უნდა დაისვას კითხვა, რა შემადგენლობისაა ესა თუ ის ვაქცინა, ხომ არ შეიცავს იგი საეჭვო კომპონენტებს.

კანადაში ერთი აუტისტი ბავშვისთვის სახელმწიფო წელიწადში 30.000 დოლარს ხარჯავს. ასევე არსებობს დახმარების პროგრამები ევროპასა და ამერიკაში, რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც კი შეუძლებელია, ასეთი ტიპის ბავშვების რეაბილიტაცია და მკურნალობა მშობლებმა მხოლოდ საკუთარი ხარჯებით შეძლონ. ასევე მოსაგვარებელია აუტისტი ბავშვების განათლების საკითხიც. მათთვის სპეციალური სკოლა ან კლასი, თუნდაც ფასიანი, უნდა შეიქმნას და ჰყავდეთ სპეციალურად მომზადებული პედაგოგი და არა - ნევროლოგი."

იკურნება თუ არა აუტიზმი? გადაჭრითი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მედიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ აუტიზმს ადრეულ პერიოდში აღმოვაჩენთ, ის მკურნალობას დაექვემდებარება. მედიცინა დღეს იყენებს როგორც მედიკამენტურ, ისე ალტერნატიულ საშუალებებს. აუტისტი ბავშვების სამკურნალოდ იყენებენ ძაღლებსაც. ერთ-ერთი ასეთი "მკურნალია" ავსტრალიური მეცხვარე ნაგაზი ჰენრი. მასთან  ურთიერთობის შედეგად აუტისტი ბავშვების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ფრანგმა მეცნიერებმა  აუტიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს ოქსიტოცინის სპრეი და შედეგები აქაც შთამბეჭდავია.

ასევე არსებობს უამრავი სხვა სამკურნალო საშუალება. მედიკოსების თქმით, მთავარია დროულად დადგინდეს დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა. ამასთან, აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის უმთავრესია ოჯახის წევრების განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა. ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ იგი ოჯახის ჩვეულებრივი წევრია. როგორც ექიმები ფიქრობენ, სულაც არ არის უტოპია იმაზე ფიქრი, რომ აუტისტი ბავშვი ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრებას და მუშაობას შეძლებს.