მანდატურთუხუცესი, ანუ როგორ გავაფუჭოთ კარგი იდეა - კვირის პალიტრა

მანდატურთუხუცესი, ანუ როგორ გავაფუჭოთ კარგი იდეა

როდესაც განათლების და მეცნიერების მინისტრმა  თავისი საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა, ყურადღება გაამახვილა სკოლებში წესრიგის დამყარებაზე. განაცხადა, სკოლებში გაცდენა და გაკვეთილებზე დაგვიანებაც კი მკვეთრად შემცირდაო. იკითხავთ, წესრიგის დაცვაში ცუდი რა არისო? ამ კითხვაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

გააჩნია, წესრიგს რის ფასად ვამყარებთ, გაცდენები ციხეებში საერთოდ არ არისო. ამით ბატონმა ზურაბიშვილმა ის თქვა, რომ სკოლებში წესრიგის დამყარება არ ღირს იმად, რომ ისინი ციხეებად ვაქციოთ. პირდაპირ ვიტყვი, მანდატურების ინსტიტუტის შემოღება  სულაც არ იყო ცუდი იდეა. სკოლებში ბავშვებს შორის ხშირი იყო საქმის გარჩევები და ზოგჯერ ცივი იარაღის გამოყენებაც. როდესაც მანდატურების ინსტიტუტი შემოჰქონდა, ხელისუფლება აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებდა.

მანდატური იმისთვის არის საჭირო, რომ მშობელმა თავი მშვიდად იგრძნოს, ბავშვს სკოლაში რომ გავუშვებ, უსაფრთხოდ იყოსო. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან მიმზიდველი და კარგიც იყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბისა და საქმის გარჩევის აღკვეთა მანდატურისთვის შეუსრულებელი დავალებაა, რადგან თუ ბავშვებს ჩხუბი უნდათ, ისინი სკოლის ტერიტორიაზე სულაც არ იჩხუბებენ, საქმეს სხვაგანაც გაარჩევენ.

არა, მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე ჩხუბის აღკვეთა და მისი პრევენციაც კარგი საქმეა, რადგან დიდი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა სწორედ პატარ-პატარა წაკინკლავებას მოჰყვება ხოლმე, რაც უმეტესად სწორედ სკოლის ტერიტორიაზე ხდება. ამიტომ, თუ ჩვენ სკოლაში არ დავუშვებთ კონფლიქტის დაწყებას ან გაღვივებას, შეიძლება საქმის გარჩევაც და ჩხუბიც თავიდან ავიცილოთ. მოკლედ, ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ამისათვის მანდატური სკოლაში საჭირო იყო. თუმცა, როგორც ჩვენს ხელისუფლებას სჩვევია, ამჯერადაც მოახერხა და კარგი იდეა გააფუჭა.

დღეს მანდატურებს არა მარტო პოლიტიკოსები აკრიტიკებენ, არამედ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მანდატურის ფუნქცია უზომოდ გაიბერა, გამრავალფეროვნდა და  გასცდა მხოლოდ სასკოლო დანაშაულის აღკვეთას. აღმოჩნდა, რომ მანდატური არა მარტო მოსწავლეს, არამედ მასწავლებელსაც აკონტროლებდა. მაგალითად, გაირკვა, რომ მანდატურს უნდა გაეკონტროლებინა, ხომ არ აგვიანებდა ვინმე გაკვეთილზე, და თუ აგვიანებდა, მასწავლებელი "არა"-ს წერდა თუ არა. ამას წინათ ჩემმა კოლეგამ თავისი შვილის მონათხრობი მიამბო. მანდატურს, ფაქტობრივად, გაკვეთილი ჩაუშლია, რადგან დაუნახავს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გაკვეთილზე ქუდით იჯდა, კლასში შესულა და ბავშვისთვის ქუდის მოხდა მოუთხოვია.

ბავშვს უთქვამს, გაცივებული ვარ და დედამ ქუდის მოხდა ამიკრძალაო.  წასულა ეს მანდატური და სასწავლო ნაწილი მოუყვანია. ყოფილა ერთი საქმის გარჩევა. რაც ყველაზე საინტერესოა, მასწავლებელს ხმა ვერ ამოუღია, რადგან დღეს მანდატურების მასწავლებლებს უფრო ეშინიათ,  ვიდრე მოსწავლეებს. აქ მთავარი ის კი არ არის, უნდა ეხუროს თუ არა ბავშვს გაკვეთილზე ქუდი, თუ ის ავად არის. შეიძლება, არც უნდა ეხუროს. მთავარი ისაა, რომ მასწავლებლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, მისცემს თუ არა ბავშვს ამის უფლებას. ამის გამო ვიღაც სხვა გაკვეთილზე არ უნდა უვარდებოდეს და ისე არ უნდა იქცეოდეს, თითქოს უფროსი ის არის. ამით ხომ მასწავლებლის ავტორიტეტი ძალიან ეცემა?

რა თქმა უნდა, წესრიგი კარგია, მაგრამ მხოლოდ ორი მომენტის გათვალისწინებით:  პირველი - წესრიგი სკოლაში სკოლის ადმინისტრაციამ უნდა დაამყაროს (ხოლო თუ ვერ ამყარებს, ადმინისტრაცია უნდა გამოიცვალოს) და მეორე - გადამეტებული შეიძლება არც წესრიგი ვარგოდეს, რადგან სკოლა მართლაც ციხეს დაემსგავსება.  ცელქობის გარეშე სკოლის წლები შეიძლება ტანჯვას დაემსგავსოს. წარმოიდგინეთ, როგორია მთელი თორმეტი წელი სმენაზე სიარული.

რაც შეეხება უშუალოდ მინისტრს (რომელსაც ძალისმიერი მეთოდებისკენ მიდრეკილების გამო ერთხელ შიშკინი ვუწოდე), რადგან მთავარ მიღწევად თავადაც ე. წ. წესრიგის დამყარებას მიიჩნევს, მგონი, მანდატურთუხუცესი უფროა, ვიდრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მით უმეტეს, თუ მისი მეტყველების კულტურასაც გავითვალისწინებთ. ასე რომ, ასეთი "ბლატნოი" განათლების მინისტრი ჯერ არ გვყოლია, უფრო სწორად, მანდატურთუხუცესი.

კვირის ფრაზა

"ძალიან ბევრს გაუტყდა ჩემი მისვლა 173-ე სკოლაში. ვაცხადებ, რომ ყოველთვის მივალ იქ, სადაც მსგავსი სიტუაცია იქნება".

დიმიტრი შაშკინი, 10 დეკემბერი,

ჟურნალისტებთან საუბრისას