"ღირს კი ეშმაკთან ხელმეორედ გარიგება"? - კვირის პალიტრა

"ღირს კი ეშმაკთან ხელმეორედ გარიგება"?

- პრობლემები გაქვს დედასთან?

- მოსწიე მარიხუანა!

- პრობლემები გაქვს მამასთან?

- მოსწიე მარიხუანა!

- პრობლემები გაქვს სკოლაში?

- მოსწიე მარიხუანა!

- პრობლემები გაქვს მარიხუანასთან?

- გადადი ჰეროინზე...

ჰოლანდიელი მოსწავლეების სიმღერიდან

მარიხუანა (ჰაშიში, პლანი, კანაბისი, კანაფი) ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია დედამიწაზე და მოხმარების მასშტაბით მხოლოდ ალკოჰოლს ჩამოუვარდება. ექიმები მის აკრძალვას მოითხოვენ, თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია (უფლებათა დამცველი და სხვა) მარიხუანას ნარკოტიკად არ მიიჩნევს. ჩვენთან კულუარებში უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ მარიხუანას მოხმარების შესაძლო დეკრიმინალიზაციაზე, ამით შეშფოთებულნი არიან ექიმებიც. თუმცა, თავიანთ პოზიციებს მხოლოდ პრივატული საუბრებისას აფიქსირებენ.

გელა ლეჟავა, ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: - "ჩვენი შეხედულება მარიხუანაზე საერთოდ არ შეესაბამება მის ე.წ. ნარკოტიკულ წონას. მას ბევრად მავნე შედეგი მოაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.  მიუხედავად ათეულობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისა და ზოგიერთი ექიმის მოსაზრებისა,  ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ნივთიერება, რომელიც მარიხუანის ნარკოტიკულობას განაპირობებს. - ავტ.) დღემდე რჩება  გაეროსა და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციებით მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების ნუსხაში. ხშირად მომისმენია, - მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკიაო. ჩვენში ასეთი შეხედულება განპირობებულია იმით, რომ ჩვენებური მარიხუანა ზემოხსენებულ ნივთიერებას მცირე რაოდენობით შეიცავს. სწორედ ამ მიზეზით მომხმარებლის 40% უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადის!"

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ბევრ ქვეყანაში სცადეს. გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კატასტროფულად მოიმატა მარიხუანის მწეველთა რიცხვმა. უფრო მეტიც, სტუდენტთა 51% მარიხუანას ეწეოდა, ამათან ერთაAდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვიც. ხელისუფლება იძულებული გახდა, სასწრაფო ზომები მიეღო...

აჭარის რეგიონში მარიხუანის შესაძლო ლეგალიზაციამ შეიძლება საქართველო ნარკოტურიზმის ცენტრადაც აქციოს. ამას ჰოლანდიის მაგალითიც მოწმობს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰოლანდიის მთავრობამ კაფე-შოპებში მარიხუანის რეალიზაციის ნება დართო. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდებოდა, თუმცა...

ამაოდ, ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვმა კატასტროფული ზრდა დაიწყო. გარდა ამისა, ქვეყანას ასეულათასობით უცხოელი ნარკომომხმარებელი მოაწყდა... შექმნილი სიტუაციის გამო ჰოლანდიის ხელისუფლება იძულებული გახდა, კაფე-შოპებში მარიხუანის გაყიდვა შეემცირებინა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ აიკრძალა უცხოელი მოქალაქეებისთვის მისი მიყიდვა.

გელა ლეჟავა: - მოზარდებისთვის განსაკუთრებით საშიშია ანაშა, რომლის მოხმარებაც სკოლის ასაკიდან იწყება, რაც მოზარდებში ნერვული სისტემის პათოლოგიებს იწვევს. სწორედ ამის გამო მთელმა მსოფლიომ ომი გამოუცხადა ე.წ. სპაისებს, რომლის შემადგენლობაში  გვხდება ხელოვნურად შექმნილი ტეტრაჰიდროკანაბინოლის ანალოგები.

20 ნოემბერს კალიფორნიაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა. ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა, რომლის მიზანიც მსოფლიოში ნარკოტიკების ლეგალიზაციაა, რეფერენდუმი 1 მილიონი დოლარით დააფინანსა. რეფერენდუმამდე კალიფორნიის გუბერნატორს სამმა პრეზიდენტმა მიმართა და მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა. საინტერესოა, რომ კალიფორნიის მოსახლეობამ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა.

რა იმალება საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თუ ლეგალიზაციის მიღმა - ტურისტების მოზიდვა თუ ის ეკონომიკური მოგება, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მოიტანს? ცნობისთვის: ინდური კანაფი კარგად ხარობს ნავენახარ მიწაზე და ასტრონომიული მოგებაც მოაქვს. არ არის გამორიცხული, კახეთში ვენახის ნაცვლად მალე კანაფის პლანტაციები ვიხილოთ. დამაფიქრებელია, ასეთი მწვავე ნარკოსიტუაციის პირობებში ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი რომ დუმს. არადა, ყველა ქვეყანაში ამ დროს განგაშს სწორედ ნარკოლოგიური სამსახურები ტეხენ...

მაშინ, როდესაც  ყოველწლიურად ნარკოტიკებით საქართველო იმდენ ახალგაზრდას კარგავს, რამდენიც ომშიც არ დაუკარგავს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ათიათასობით ნარკომანიით დაავადებული პირისთვის მკურნალობის ნაცვლად  მხოლოდ ნარკოტიკული ულუფის (მეტადონის) მიყიდვა შეგვიძლია, როდესაც ასობით გაუბედურებული დედა უკვე მერამდენედ იშვერს ხელს აფთიაქისკენ, სადაც სიკვდილი იყიდება, დავფიქრდეთ, ღირს კი ეშმაკთან ხელმეორედ გარიგება?

ასისინების მეთური მეომრებს ჰაშიშით ათრობდა

შუა აზიაში არსებობდა სისასტიკით ცნობილი მუსლიმანური სექტა - ასისინები (არაბულად ჰაშიშინი - ბალახის მჭამელი). მთიელად წოდებული მათი მეთაური მორიგი სასაკლაოს წინ მეომრებს ჰაშიშით ათრობდა. 1925 წელს ეგვიპტემ მიმართა ჰააგის კონფერენციას და მარიხუანის აკრძალული ნარკოტიკების ნუსხაში შეტანა სთხოვა.

მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს მუდმივ აპათიას, ძილიანობას, მეხსიერებისა და აბსტრაქციული აზროვნების მოშლას, დეპრესიას, მუდმივ შფოთვას და ხშირად თვითმკვლელობას, მოძრაობის კოორდინაციის მოშლას, თვალის რეფლექსების დარღვევას, ქრონიკულ ფარინგიტს, სასუნთქი გზების ხშირ ინფექციებს, ფილტვის კიბოს, აგრეთვე პოტენციისა და ლიბიდოს შემცირებას,  რაც საბოლოოდ უშვილობას იწვევს...