"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!"
მას მერე, რაც პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" პირველი ტომები წიგნის ბაზარზე გამოჩნდა, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძველებურად წიგნის ერთგული რჩება. ფაქტობრივად, ორ დღეში ქრება ყოველი მომდევნო წიგნი მაღაზიებსა და ჯიხურებში. მსურველთა რიცხვი კი იმატებს და იმატებს.

ჩვენ გვიყვარს წიგნი... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყიდოთ და წავიკითხოთ, შვილებს, შვილიშვილებს წავაკითხოთ. ჩვენ ვითხოვთ, 50 წიგნის ჩამონათვალში მოხვდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წიგნები. ასევე ვყიდულობთ "ქართული პროზის საგანძურით" გამომავალ
მართლაც ქართულ საგანძურს... და ჩვენ ცოტანი არა ვართ, - ამას გაყიდული წიგნების დიდი ტირაჟი ადასტურებს.

"კვირის პალიტრის" მკითხველთა დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანები. მათი საუბრის თემა წიგნი გახლდათ.
KvirisPalitra.Geმარიკა დარჩია, პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" იდეის
ავტორი, მედიასახლ "კვირის პალიტრის" კრეატიული დირექტორი:

- ჩვენი მედიასახლის ინიციატივა გახლდათ, ჟურნალ-გაზეთებთან ერთად წიგნები გამოგვეშვა. ჟურნალ "გზასთან" ერთად გამომავალ "ქართული პროზის საგანძურს" უამრავი მყიდველი გამოუჩნდა. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც წიგნებს უკავშირდებოდა.

დიდი მოთხოვნაა 50 წიგნზეც. გახსოვთ, რა ცხარე დებატები იმართებოდა ამ დარბაზში იმ თემაზე, უნდა შევიდეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ამ ჩამონათვალში. თითქმის ათი ათასამდე კაცი გამოვკითხეთ, ველოდებით, რომ აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოიზიდო და გამოაფხიზლო მკითხველი. წიგნი საუკეთესო თავშესაფარია, მეგობარია... ჩვენ ყველას გვჭირდება წიგნი, თუმცა ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელმისაწვდომობასაც. ამ წიგნების ფასი ის ღირებულებაა, რომელიც ფასეულობაში გადადის.


KvirisPalitra.Geბექა სუხიტაშვილი, თსუ-ის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი:
- მე წიგნის მეგობარი ვარ... ბავშვობიდან ისეთივე დამოკიდებულება მაქვს წიგნთან, როგორიც ადამიანთან.

- როცა თქვით, წიგნის მეგობარი ვარო, ვიფიქრე, ინტერნეტსივრცეში ხომ არ არის რამე გაერთიანება სახელად "წიგნის მეგობარი", რადგან ვიცი, რომ აქტიურად სარგებლობთ ინტერნეტით, ბლოგერი ბრძანდებით...
- კარგი იქნება, თუ ინტერნეტსივრცეში მსგავსი რამ გაჩნდება, ჯერჯერობით არ არის. ვიცი, რომ  "ბიბლუსი" აპირებს მსგავსი ჯგუფის შექმნას. ველოდებით...


- ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ პროექტს "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!".


KvirisPalitra.Geგიორგი გიორგაშვილი, პროექტის თანამშრომელი:
- აქტივობა დიდია, დღის განმავლობაში 80 კაცი მაინც გვწერს თავის 50 წიგნის ჩამონათვალს. ბოლოს ასეთი კითხვა დავდეთ:

დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" უნდა შევიდეს ორმოცდაათეულში თუ "დანაშაული და სასჯელი"? ეს კითხვა შემთხვევით არ გაჩენილა, ორივე წიგნი მკითხველმა დაასახელა, მაგრამ ლიდერობს "ძმები კარამაზოვები", მის მომხრეთა რიცხვი 3000-მდე გაიზარდა.

ამასთან, კამათობენ ბიბლიის თაობაზეც. როგორ ფიქრობთ, უნდა შევიდეს ბიბლია 50 წიგნის ჩამონათვალში?

ზვიად გურული, ჟურნალისტი:

- სიმართლე გითხრათ, აზრადაც არ მომივიდოდა, ბიბლია დამესახელებინა სიის ჩამონათვალში. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და რატომ უნდა მოხვდეს სიაში?


KvirisPalitra.Geმაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:
- ბიბლიასთან დაკავშირებით მკითხველთა აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს სიაში, თუმცა მოწინააღმდეგეთა რიცხვიც საკმაოა.

ეს კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ მათთვის ეს არის ზეწიგნი, წიგნთა წიგნი, რომელიც ყოველგვარ ჩამონათვალზე მაღლა დგას. რაც შეეხება "ძმებ კარამაზოვებს",   ჩვენ ვთარგმნით და ვფიქრობ, კარგ საქმესაც ვაკეთებთ.


ზვიად გურული:
- ჩვენს ახალგაზრდობაში რუსულად ვკითხულობდით, მაგრამ ჩვენი შვილების თაობამ რუსული არ იცის. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი წიგნები ითარგმნოს.


KvirisPalitra.Geგია გუგუშვილი, მხატვარი:
- რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს,   "ვეფხისტყაოსანი" დეფიციტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტის პარალელურად გამოდის სხვა პროექტის წიგნებიც, მაგალითად "ქართული პროზის საგანძური" და ამაზეც დიდი მოთხოვნაა. მარკეტში შეხვალ, მოიკითხავ წიგნს და გეტყვიან, რომ აღარ არის... ერთი ამბავია, ვინ მიასწრებს დილაუთენია, რომ იყიდოს.

და ეს ხდება მაშინ, როცა ვამბობთ, ყველაფერი კომპიუტერშია, მან ჩაანაცვლა წიგნიო. საბედნიეროდ, მთლად ასეც არ ყოფილა. წიგნის მოთხოვნა ლამის გენეტიკურია და სულ იარსებებს. ამიტომაც მინდა ამ პროექტის მიმართ მადლიერება გამოვხატო. სწორედ მან გამოაფხიზლა სიტუაცია, თავის ადგილას დააყენა ბევრი რამ.

წიგნის სიყვარული ისევ გაუღვიძა ხალხს. მხატვარი ვარ და ხშირად მიწევს წიგნების ილუსტრირება. ამ საქმეში კარგად ვარ ჩახედული და ვაღიარებ: პროექტები "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" და "ქართული პროზის საგანძური" ძალიან მომწონს.

- ჯერ კიდევ ბევრი გამოთქვამს წუხილს, ორმოცდაათეულში ესა და ეს წიგნი რატომ არ შევიდაო.

მარიკა დარჩია:
-  შეუძლებელია ისეთი ორმოცდაათეულის დაბეჭდვა, რომ  ყველას სურვილს დაემთხვეს, მაგრამ ძირითად სიას ემთხვევა, წიგნები თუ არა, ავტორები მაინც... ეკა ხოფერიას გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ. კულტურის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ გადმომცა თავისი 30 წიგნის ჩამონათვალი, საინტერესო, განათლებული და წიგნიერი ადამიანის სია გახლავთ. ნაწარმოებები არ ემთხვევა, მაგრამ ავტორები  თითქმის იგივეა, რაც უკვე შევიდა ჩამონათვალში.

- ყველა წიგნი ჩვენთვის ნაცნობია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილებისთვის ბევრი ავტორი შესაძლოა უცნობი იყოს. მთავარია, დაინტერესდნენ, ეს პროექტი ხომ ამას ემსახურება.

ზვიად გურული:
- ჩემი უმცროსი შვილი 10 წლის არის და დიდი ენთუზიაზმით არის ჩართული ამ საქმეში. არ შემიძლია, არ შევეხო "ქართული პროზის საგანძურის" სერიას. მიხარია, რომ ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" მალე  გამოვა.


გიორგი გიორგაშვილი:
- ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ წიგნის დაბეჭდვის უფლებას პროექტის არსებობის პირველი დღეებიდანვე ველოდით და, ბოლოს და ბოლოს, მოვიპოვეთ. 20 დეკემბერს მკითხველი ოთარ ჭილაძის ბრწყინვალე რომანს მიიღებს.


KvirisPalitra.Geთამარ ჯავახიშვილი, პედაგოგი:
- ამ პროექტთან ინტერნეტსივრცით მაქვს კავშირი. იქ მოხვედრილმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი თავისი მეგობრებიანად ჩაძირული ყოფილა ამ პროექტში. გასახარია, რომ ეს თაობა წიგნს უბრუნდება. სკოლაში ვმუშაობ და კარგად ვიცი, ბოლო 5-6 წელი ბავშვები თითქმის არაფერს კითხულობდნენ. თქვენი პროექტები დაეხმარა მათ, რომ წიგნისაკენ მობრუნებულიყვნენ.


KvirisPalitra.Geნათია დემეტრაშვილი, სტუდენტი:
- მეორე კლასიდან ვკითხულობდი, მერე ერთხანს აღარაფერი წამიკითხავს და ახლა 2-3 წელია ისევ მივუბრუნდი წიგნს.

მარიკა დარჩია:
- ბევრი ამბობს, რომ წიგნებით გატაცება მოდურია. იყოს მოდური, აავსოს მხოლოდ წიგნის თაროები... გავა დრო, ვიღაცას გამოურთავენ ინტერნეტს გადაუხდელობის გამო, გარეთ წვიმა იქნება და გადმოიღებს იმ თაროდან რომელიმე წიგნს და... მერე ვეღარც მოშორდება. ამიტომაც იყოს მოდა, მივესალმები...


თამარ ჯავახიშვილი:

- სხვათა შორის, უკვე არის ახალგაზრდათა წრეები, სადაც სირცხვილია უწიგნურობა. ცდილობენ, არაფერი გამორჩეთ. მე ისტორიის პედაგოგი ვარ. მაგალითად, გავდივართ რომელიმე ეპოქას, სახელმძღვანელოში არის ორი წყარო... ვაძლევ დავალებას გაეცნონ მხატვრულ ლიტერატურას იმ ეპოქის ირგვლივ, ვუხსნი, რომ მხატვრული ლიტერატურა არ არის წყარო, რომ იქ ბევრი რამ შეიძლება მცდარი იყოს... და მაინც, ისინი კითხულობენ და სულ სხვა დამოკიდებულება უჩნდებათ ეპოქის მიმართ.


მარიკა დარჩია:
- როცა ბავშვები გიჟდებიან ბეგბედერსა და კოელიოზე და არ ახსენებენ ოთარ ჭილაძეს, ასე მგონია, ჭკუასუსტობა დაგვეტაკა. ასეთი მკითხველი მართლა უნდა ჩასვა "კარცერი-ლუქსში" და "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" წააკითხო.


KvirisPalitra.Geსალომე მეცხვარიშვილი, ჟურნალისტი:

- დღეს წიგნის თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ მიკვირს კიდეც. გავოგნდი, როცა ბაღიდან მოსულმა ხუთი წლის ბავშვმა მთხოვა, დე, "50 წიგნი" მიყიდე რაო. მივხვდი, ამაზე ბაღშიც ლაპარაკობენ. ბავშვებმაც კი გაიგეს...


გია გუგუშვილი:

- ამაზე მეტი არგუმენტი რა არის! ესე იგი კარგად მიეწოდება საზოგადოებას. კომპიუტერი და დისკი საქმეს არ შველის. წიგნი ყველაზე სხარტი ურთიერთობის საშუალებაა.


ბექა სუხიტაშვილი:
- მე კომპიუტერმა წიგნი ვერ შემიცვალა, მაგრამ... ერთხელ თქვენს პროექტებზე ვსაუბრობდი. აღმოჩნდა, რომ სხვა უნივერსიტეტებში არაფერი იცოდნენ სტუდენტებმა.


მარიკა დარჩია:

- არის რაღაც სექტორი, რომელმაც არ იცის... ამიტომ თქვენ მოგვმართეთ და ჩვენ მზად ვართ, ყველგან მოვიდეთ.


ნათია დემეტრაშვილი:
- სამწუხაროდ, ახალგაზრდების ნაწილს საუბარი და მსჯელობა უჭირს, შემოიფარგლებიან შეფასებით: მაგარია, ეს გმირი მომწონს. ჩემი მეგობრები ვერ ერთვებიან კამათში...


თამარ ჯავახიშვილი:
- კი ვამბობთ, ხალხი წიგნის კითხვას გადაეჩვიაო, მაგრამ ვიცი, ბევრი კითხულობს.


მარიკა დარჩია:

- როცა ადამიანს საჭმლის ფულიც კი არა აქვს, ბუნებრივია, წიგნს ვერ იყიდის. ჩვენი პროექტით გამოსული წიგნების დაბალმა ფასმა კი ხელმისაწვდომი გახადა წიგნი.  ასე რომ, ფასსაც აქვს მნიშვნელობა.


ზვიად გურული:

- თანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რას იშოვი ბუკინისტთან? გაცვეთილ, დაფლეთილ წიგნს... ან კარგ მდგომარეობაში შემორჩენილს, მაგრამ შვიდ ლარად ვერ იყიდი, სამად - მით უმეტეს. "ქართული პროზის საგანძურს" მხოლოდ სამ ლარად ყიდულობ. ეს შენთვისაც  და ჯიბისთვისაც კარგია. კვირაში სამი ლარი არაფერია.  "50 წიგნი" კი თვეში ორჯერ 7-7 ლარი დაგიჯდება... დღეში 50 თეთრი გამოდის. ამ თანხას შეელევი, ცხადია.


მაია ალუდაური:

- ბევრი რამ იყო მოდური და აღარ არის, ჩაილურის წყალი დალია... მაგალითად, "ალქიმიკოსი". ამ წიგნზე ლაპარაკობდა მთელი თბილისი. ამ დროს "იავნანამ რა ჰქმნა?!" ვინ დაწერაო, რომ გეკითხა, ვერ გიპასუხებდა "ალქიმიკოსით" გატაცებული... ჩვენმა პროექტმა ცხადყო, რომ თურმე მოსახლეობას წიგნი ისევ აინტერესებს. რატომ არ ყიდულობდა? ვერ ყიდულობდა.


გია გუგუშვილი:

- დაგავიწყდათ, წიგნი რომ ჩამოგვეტანა მოსკოვიდან, რამდენს ვიხდიდით? ას და მეტ ლარსაც კი... თუმცა მას მერე სოციალურმა მდგომარეობამ ბევრი რამ შეცვალა.


მაია ალუდაური:
- სხვათა შორის, დღეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია. დამიკავშირდა ერთი პრესტიჟული რესტორანი და გვთხოვა, ახალი წლის ღამეს გათამაშებისათვის დავაწესოთ "50 წიგნის" ტალონიო.


სალომე მეცხვარიშვილი:
- ვიღაც თუ ყიდულობს და არ კითხულობს, მისი შვილი ხომ მაინც წაიკითხავს.


გიორგი გიორგაშვილი:
- მინდა ერთი კითხვა დავსვა, რომელსაც უამრავი ადამიანი გვეკითხება ინტერნეტით: რატომ არ გამოსცემთ წიგნებს შესაბამისი ტირაჟით, რატომაა აუცილებელი დილის 9 საათზე ჯიხურთან დგომაო?


მაია ალუდაური:
- ვერ დავადგინეთ, რამდენია საკმარისი ტირაჟი...  იმ ტირაჟით, რომლითაც ჩვენ გამოვეცით წიგნები,  რამდენი ხანია საქართველოში წიგნი არ გაყიდულა! 15 ათასი ორ დღეში გაიყიდა. ველოდებით რეპრინტს. გვინდა ბაზარი გაჯერდეს... 


მარიკა დარჩია:

- მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ველოდით, ერთადერთი საშველი ის არის, გამოვიწეროთ და შინ მოგვიტანენ.
- საინტერესოა, მესამე ათეულიც თუ გამოიკვეთა?


გიორგი გიორგაშვილი:

- მხოლოდ რამდენიმეს დასახელება შეგვიძლია: ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის", აკუტაგავა... შტეფან ცვაიგი...


ნათია დემეტრაშვილი:

- შტეფან ცვაიგი არ მომწონს, არარეალური დამოკიდებულებაა ქალის შინაგანი სამყაროსადმი, ყველა მეუბნებოდა, ძალიან მაგარიაო, წავიკითხე და გაკვირვებული დავრჩი...

- მნიშვნელოვანია ჩვენი ქართველი მწერლებიც, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის "50 წიგნში" დაიბეჭდება.

მარიკა დარჩია:
- ითხოვენ ილიას, ვაჟას, ძალიან ბევრი ხმა აქვს სულხან-საბას. ეს არის სარკე, რას ინახავს ჩვენი ლიტერატურული მეხსიერება... ამიტომაცაა საინტერესო ჩვენი პროექტი. ვნახოთ, რა ახსოვს საზოგადოებას, როგორ იცვლება ლიტერატურული გემოვნება. რაც მთავარია, ხმების დათვლა გრძელდება...


პროექის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ბლოგზე.
თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ Facebook-ზე.
samvel xachikian
28 მარტი 2011 15:45
დღეს ვიყიდე "ტრიუმფალური თაღი" აღმაშნებელის გამზირზე განთავსებულ ბიბლუსის მაღაზიაში. . მაგრამ ეს წიგნი არ გავს დანარჩენ ტომებს. ფერი აქვს ღია ყავისფერი, და ღია ნაცრისფერი, როგორც დანარჩენებს. ყდაზე სათაური და ავტორის ინიციალები დაბეჭდილია არასიმეტრიულად. ფურცლები ერთმანეთზე მიკრულია უხეშად. მაინტერესებს ეს თქვენი დაბეჭდილი წიგნია, თუ რაიმე კლონი შემომაჩეჩეს. შეიძლება თუ არა გავცვალო წიგნი. სად და როდის?
TEONA
01 მარტი 2011 12:10
დიდი მადლობა ამ გამომცემლობისთვის.ძალიან კარგი წიგნებია,ძალიან გამიხარდება და მესიამოვნება თუ ამ წიგნებში იკნება "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"-ც.რისტვისაც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
tabatadze paata
04 იანვარი 2011 18:18
ერთ-ერთ წიგნად რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა ცხოვრებაში მე მიმაჩნია ჭაბუა ამირეჯიმის დათა თუთაშხია თუ მოხვდება ამ პროექტში ეს წიგნი ძალიან გამიხარდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა