გადაშლილი წიგნი მაგიდაზე - კვირის პალიტრა

გადაშლილი წიგნი მაგიდაზე

ბესიკ ხარანაული გაძლევთ საშუალებას, იყოთ მარტო და იყოთ მართალი

ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება, "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" რომ წავიკითხე და ბედნიერი ვიყავი. ბესიკ ხარანაული ყოველთვის მნიშვნელოვანი შემოქმედი იყო, მაგრამ გასაოცრად დიდი სითამამე და ვაჟკაცობა ჰქონია თურმე.

ერთ დღეს შინ ვეწვიე. თვალი საწერი მაგიდისკენ გამექცა: აქ, ამ მაგიდასთან იწერება ჩემთვის და ბევრი ჩემისთანასთვის საგულისხმო სტრიქონები, - გავიფიქრე, - აქ ადგამენ უსახელოდ გადაყრილ, მივიწყებულ სიზმრებს ნიშებს, საფლავის ქვებს, რომლებზეც ეპიგრაფებად აკრძალული ფიქრებიც აწერია და აკრძალვის ღირსად არცნობილიც.

კიდევ კარგი, გაუწიგნურებულთ, მხოლოდ სახელად რომ იწებებენ ლიტერატურის სიყვარულსა და მწერლებთან სულიერ სიახლოვეს, ბევრი რამ არ წაუკითხავთ და არც ამ მაგიდასთან შექმნილისა იციან ანი და ჰოე, თორემ ვინ იცის...

"ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" ბევრ დავიწყებულ, არახელსაყრელ სიმართლეზე გელაპარაკებათ. თითქოს წინ გიზით ავტორი და ძალიან ახლო მეგობარს ფიქრებს გიზიარებთ. კიდევ კარგი, ორნი ხართ, სხვა არ გისმენთ, თორემ ისეთ სიმართლეებს ჩაგიჩურჩულებთ, გული შეგეკუმშებათ. ბესიკ ხარანაული გაძლევთ საშუალებას, იყოთ მარტო და იყოთ მართალი. ეს ისეთი იშვიათი განცდაა, აუცილებლად შენად უნდა აქციო კაცმა. ბოლოს და ბოლოს, ყველას ბლომად გვაქვს უსახელო სიზმრები და დროა, ეპიგრაფებით მაინც დავარქვათ სახელი ყოველ მათგანს.

"რამდენი ნიჭი ეკარგება ადამიანს აბსურდის ძიებაში. რა სასაცილოა, როცა მას ეძებენ სხვაგან. დილას რომ გავიღვიძეთ, ჩვენს მაგიდაზე დაწერილი წიგნი აღმოჩნდა. გავიკვირვეთ, წავიკითხეთ, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, სხვებისთვისაც არ დაგვემალა. ავტორის სახელსა და გვარზე ვყარეთ კენჭი და ვისაც შეხვდა, იმისი მოვაწერეთ.

წიგნი თავისთავად არავისია. იგი არ არის არც ჩემი, არც ბავშვების - ერთის თუ მეორის, და... დედაჩვენისაც კი არაა... უბრალოდ, წიგნია, რომელიც, რომ გავიღვიძეთ, გადაშლილი დაგვხვდა ჩვენს მაგიდაზე", - ასე ბესიკ ხარანაულის მეტი ვერავინ იტყოდა.

ისე, იქნებ, თქვენც გეთქვათ, რომ წაიკითხავდით. განა სიმართლეს ადრესატი და კუთვნილება გააჩნია? სიმართლე ყველასია... წიგნიც, თავისთავად.

ავტორი პირდაპირია და არც იმისი ერიდება, რომ საკუთარ თავზე გელაპარაკოს. ის და შენ არც არაფერს გაუყვიხართ ამ წიგნში. მთის მწვერვალზე, დედის საფლავზე ასაგორებელი ლოდი ძალიან მძიმეა, მაგრამ უნდა ააგოროთ!

"ერთ დღესაც, ალკოჰოლით გადაქანცულ მწერალს ეწვევიან 8-10-ისა და 14-15-ისა და აუწყებენ იმ ქარიშხლის დროს დედის საფლავზე წაქცეული ჯვრის ამბავს - მწერალი ხომ დედის საფლავის სანახავად არ დადის...

მწერალი მიდის მდინარის სათავეში, მთაზე, რომელსაც ხალხი დევების ნაბურთალს ეძახის, რომ უთვალავი დიდ-პატარა ლოდიდან ერთ-ერთი ამოარჩიოს და დედის საფლავზე დადოს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ლოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა და მანქანაში უნდა ჩაედო, ძალზე მძიმეა... მწერალი წვალობს, ოფლად იღვრება...  ამასთანავე, მას არასოდეს უფიქრია, რომ ამდენი თანამგრძნობი ეყოლებოდა ირგვლივ - დილის მზე, შუადღის მზე, ცა, ვარსკვლავები, მთვარე... არასოდეს უგრძნია, რომ  ვინმეს ოდესმე ეგულშემატკივრა მისთვის ბრძოლაში.

დაქანცული დავარდება ლოდთან... სიკვდილი მარტო იმიტომ არ უნდა, რომ სიმხდალე იქნებოდა დამცირებული სიკვდილი. ძილ-ბურანში პირქვე გდია ლოდთან, უღონოდ და უიმედოდ. ეს მისი საიდუმლოა, არ უნდა ხალხი მიიხმაროს, თვითონ უნდა გააკეთოს, თვითონ უნდა დადოს ლოდი, მარტომ... ამ დროს მას ზურგზე ხელს დაადებს 8-10-ისა: - წამოდი, მე ვიცი ხერხიო - ხელში უჭირავს მდინარისგან დიდი ხნის ნალოკი, ნარიყი კეტი და ეუბნება:

- ლოდი ამ კეტით მივაგოროთ დაღმართამდე და თავქვეზე რომ არ დაგვიგორდეს, ყოველ მხრისქცევაზე ძირში ქვა შევუდოთ ხოლმეო. მაგრამ ლოდი ერთ ადგილზე იწყებს ბრუნვას და ხვდებიან, რომ მეორე კეტი სჭირდებათ. იშოვეს კიდევაც. სამწუხაროდ, უღელში როსტია და ობოლა არ ებნენ - მაგარი კამეჩები.

ამ დროს ტყიდან თითქოს კენტავრი გამოვიდაო, გამოჩნდება 14-15-ისა... სამივე ერთად ასწევენ ლოდს და დედის საფლავზე წაიღებენ.

რა უცნაური მზის ჩახჩახი იცის სასაფლაოზე!

დილით ჩიტების და მენახირეების ხმები აღვიძებს მწერალს. ახლა მას ყველაფერი ახარებს: ხედავს კუნელს და ასკილს, რომლებიც აქვე ამოსულან... ყველაფერი სიხარულს ჰგვრის და გრძნობს, რომ ბედნიერებას გემოს განწირულება აძლევს"...

რამდენი წლისაც უნდა იყო, მარტო ვერ დარჩები. შენთან იქნებიან შენივე წარსულის  8-10-ისა თუ 14-15-ისა... იქნებ 60-ის ან მეტი წლისაც - შენი საკუთარი წარსული. ჰოდა, სიმარტოვე რაღა სახსენებელია. ბესიკ ხარანაულის "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" ყველაზე ღრმა და დიდსულოვან ერთობასა და ერთსულოვნებაზე გელაპარაკებათ.

მომავალ ხუთშაბათს "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" "ქართული პროზის საგანძურის" სერიით შეემატება თქვენს ბიბლიოთეკას.