"იმედის" ხელმძღვანელობამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამითხოვა" - კვირის პალიტრა

"იმედის" ხელმძღვანელობამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამითხოვა"

ნათია კობერიძე: მოდელირებული "ქრონიკა" საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა მათე კირვალიძემ მოამზადა"(!)

ჟურნალისტი ნათია კობერიძე საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" მეშვეობით გაიცნო, თუმცა, ამ გადაცემაში სკანდალური ე.წ. მოდელირებული "ქრონიკის" ჩვენების შემდეგ ტელეწამყვანი მალე გაუჩინარდა ეკრანიდან... ნათია კობერიძე ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსვლის მიზეზებსა და ქართული მედიის პრობლემებზე გვესაუბრება:

- ჩემი მეუღლე, ვახტანგ მაისურაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და "პირველი კავკასიურის" პროგრამირების ხელმძღვანელია. ერთმანეთი ტელევიზიაში გავიცანით და 1996 წელს ოჯახიც შევქმენით. გვყავს ორი ქალიშვილი - 13 წლის ელენე და 10 წლის ანა. ჟურნალისტობა 1994 წელს, "პირველ არხზე" დავიწყე. შემდეგ გადავედი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, სადაც საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა. ვმუშაობდი "ინტერნიუსში", "იმედში"...

- დღევანდელ ქართულ მედიას როგორ შეაფასებთ?

- ქართული მედია ყველა ჩვენგანის ტკივილია. მინდა, რომ უკეთესი იყოს. ვისურვებდი განათლებულ და პროფესიონალ ჟურნალისტებს.

- საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს და ამ ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებს...

- მეც მაყურებელი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ასეა. ამის უარყოფა უხერხული იქნება. თუმცა, როდესაც "პირველ არხზე" ვმუშაობდი, ეს ასე არ იყო..

- არადა, გია ჭანტურია ისე ომახიანად მოვიდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სათავეში, ბევრმა იფიქრა, რომ ამ ტელეკომპანიის მუშაობის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა.

- გეთანხმებით. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო გამოშვებას საზოგადოების ნდობა უნდა ჰქონდეს. მის ნათქვამს წყალი არ უნდა გაუვიდეს.

- ტელეკომპანია "მაესტროზე" რას ფიქრობთ?

- არ მიყვარს ეს ტელეკომპანია და არც მის გადაცემებს ვუყურებ..

- რატომ? მიზეზი ის ხომ არ არის, "იმედის" ხელმძღვანელის, გიორგი არველაძისა და პროდიუსერ ეკა წამალაშვილის ფარული ჩანაწერი რომ გაუშვეს ეთერში?

- სხვათა შორის, ამ საკითხზე ეკამ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი გაყალბებული და შეთითხნილი იყო... რაც შეეხება ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვებას, გაცილებით დაბალანსებულია და მაყურებელი ალტერნატიულ ინფორმაციასაც შეიტყობს, რასაც ნაციონალურ არხებზე ვერ მოახერხებს.

- ამ ყველაფერს ტელეკომპანია "იმედზე" მუშაობის დროსაც ხომ ამჩნევდით? საინტერესოა, თუ აპროტესტებდით არხის ხელმძღვანელობასთან?

- არა, რადგან ეს ჩემი პრეროგატივა არ იყო. მათ საქმეში არ ჩავრეულვარ. თუმცა ჟურნალისტები ერთმანეთში ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რაც არ მოგვწონდა.

- გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟიდან" რატომ წახვედით? ამბობენ, რომ ამ გადაცემიდან გაგათავისუფლეს...

- დიახ, გამათავისუფლეს. "იმედის" ხელმძღვანელობამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამითხოვა.

- რატომ?

- კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. არხის ხელმძღვანელობასთან არ გვქონდა სარედაქციო თანხმობა. მე და არველაძის გუნდს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული თვალსაზრისი გვქონდა იმ პროდუქტზე, რის შექმნასაც ვცდილობდით.

- კონკრეტულად?

- ვერ გეტყვით, რომ რომელიმე თემა დამიბლოკეს, თუმცა ვიცი, რომ არველაძის გუნდს არ მოსწონდა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ამიტომაც ველოდი, რომ გადაცემიდან გამიშვებდნენ. ასეც მოხდა.

- დღეს როგორ შეაფასებთ თქვენ მიერ მომზადებულ მოდელირებულ "ქრონიკას"? ხომ არ ნანობთ?

- ეს თემა არ ძველდება... რაც შეეხება შეფასებას, გეტყვით, რომ მოდელირებული "ქრონიკა" სერიოზული კანონდარღვევა იყო.

- გადაცემის ეთერში გასვლამდე ვერ მიხვდით, რომ კანონს არღვევდით?

- ვერ გავაცნობიერე. მაგრამ როგორც კი ხალხის, სრულიად საქართველოს რეაქცია შევიტყვე, მაშინ მივხვდი... ტიტრი რომ დაედოთ, არაფერი მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მოდელირება ჟურნალისტიკის ჟანრია. გადაცემა მივუძღვენით საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, თუმცა გადაცემა გაკეთდა პროვოკაციული ფორმით. ეს გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ მიიღო და მოდელირებული "ქრონიკა" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ხელმძღვანელ  მათე კირვალიძეს მოამზადებინა (!).

- როგორც გადაცემის წამყვანმა, არ მოითხოვეთ, რომ გადაცემისთვის ტიტრი დაედოთ?

- არა, რადგან ვიცოდი, რომ ექნებოდა... თუმცა ამის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვე. მოკლედ, ბოდიში არაერთხელ მოვიხადე და ყოველთვის მოვიხდი.

- ამ გადაცემის შემდეგ ხალხისგან საყვედური, კრიტიკა არ მოგისმენიათ?

- როდესაც საჯარო საქმიანობას ეწევი, ყველანაირი კრიტიკისთვის მზად უნდა იყო და არც უნდა გწყინდეს. ამ შემთხვევაში კრიტიკას ვიმსახურებდი.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ტელეკომპანია "პირველ კავკასიურში" ვარ ორი პროექტის პროდიუსერი.

- ტელეკომპანია "იმედმა" კვლავ რომ მიგიწვიოთ სამუშაოდ?

- ვიდრე ეს ხელმძღვანელობაა, "იმედში" არ ვიმუშავებ.

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

ნინო მაისურაძე

გაზეთი "ყველა სიახლე", #49