შხამიანი ნექტრით გაბრუებული "ნახირი"?! - კვირის პალიტრა

შხამიანი ნექტრით გაბრუებული "ნახირი"?!

რამდენიმე ხნის წინ ერთი სასულიერო პირი გავიცანი.  იშვიათად, როცა თავისუფალ დროს გამოვძებნი, ერთ ჩემს მეგობართან გავრბივარ. იქ პატარა სალონი გვაქვს მოწყობილი ერთმანეთის შეხედულებების გასაზიარებლად. ჰოდა, სამსჯელო და სალაპარაკოც რა არის, თუ არა ჩვენი ყოფის სიმძიმე და მუდმივი ძიება ადამიანის ადგილისა ამ სამყაროში.

მღვდელმსახური, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ რამდენიმეწლიანი ევროპული ცხოვრების შემდეგ დაბრუნებულა სამშობლოში. ჩანაწერები, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, უცხოეთში ყოფნისას გააკეთა, ჯერ კიდევ ერისკაცობაში:

"დიდი ბოინგის სისტემის საჰაერო ლაინერი რბილად დაეშვა საფრენ ბილიკზე. მფრინავთა ეკიპაჟის უფროსმა დინჯი, კეთილი ხმით რამდენიმე ევროპულ ენაზე გამოაცხადა, რომ საჰაერო მარშრუტი თბილისი-პრაღა-ლონდონი დასრულდა. რამდენიმე წუთში აღმოვჩნდი ევროპის უდიდეს საჰაერო ნავმისადგომში, რომელიც "ჰითროუს" სახელით არის ცნობილი. რა ერის და რა ფერის ადამიანს არ ნახავთ აქ:

ზოგს ჩამომსვლელს და ზოგს დამხვედრს. მეც  მელოდებოდა ერთი ქართველი არალეგალი ემიგრანტი, რომელიც  თხუთმეტი წელი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. მხურვალე მოკითხვის შემდეგ შენობიდან გავედით და გაწკრიალებული ტაქსი ავიყვანეთ გაწკრიალებული მძღოლით. ჩემმა დამხვდურმა გამართული ინგლისურით აუხსნა მძღოლს მისამართი და შემდეგ მომიბრუნდა:

- სასტუმრო ძვირი ღირს. ამიტომ ჩემთან დარჩი, კარგი ბინა მაქვს - ორი საძილე ოთახით.  მერე კი წავიდეთ, "ნახირს" გაგაცნობ.

გამიკვირდა, რა ყოჩაღია, უკვე ნახირიც გაუჩენია-მეთქი, -  ვაა!  ნახირიცა გყავს?

ჩემი მეგზური სიცილით მოკვდა.

- არა, ძმაო! ვერ გამიგე. რის ნახირი, რა ნახირი! ჩვენები არიან, ქართველები, ემიგრანტები! სათვისტომოს თუ რაღაცას ეძახიან თავიანთ თავს, მე კი "ნახირი" შევარქვი. თვითონაც იციან და არც სწყინთ. იციან, ჩემი მეგობარი რომ ჩამოვიდა და გველოდებიან...

როცა ეგრეთ წოდებული "ნახირის" სანახავად მივედი, უკვე გველოდა ქართული სუფრა და ქართველ ემიგრანტთა სათვისტომო. სუფრასთან ათიოდე კაცი იჯდა. ოჯახის პატრონი ორმოციოდე წლის მამაკაცი იყო, ოთხი შვილის მამა.

იქ მყოფებმა ისე დამაყარეს კითხვები საქართველოზე, თითქოს ინფორმაციულ ბლოკადაში იყვნენ და ყოველდღე არ ესაუბრებოდნენ  ახლობლებსა და ნათესავებს. მეც დიდი ხალისით ვყვებოდი ყველაფერს, მაგრამ მივხვდი, რომ ისინი ჩემზე უკეთესად იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ საყოფაცხოვრებო მოვლენების თაობაზე.

რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ჩემს მასპინძლებს საუბრის მადა გაეხსნათ და დიდი ხალისით გამაცნეს თავიანთი ყოფა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.

- გადასარევი ქვეყანა და უკეთილშობილესი ხალხია,  - დაასწრო ყველას ერთმა ქალმა, რომელიც სამოც წელს გადაცილებული იქნებოდა, მაგრამ ისე იყო შეღებილ-გამოპრანჭული, მასთან ასაკის ხსენებას აზრი არ ჰქონდა, - აბა, ამ ხალხზე ცუდი როგორ ვთქვა? ბინებიც მოგვცეს, ჩასაცმელიც. ყოველ კვირაში ორმოცდაათ გირვანქას გვაძლევენ სულზე. სულ რომ არ იმუშაო, ამ ფულით მშვენივრად გაიტან თავს. ეს ჩვენი ხალხი კი, ხომ იცი, მაინც ქურდობს. მაიმუნობენ და მერე, როცა აქედან გააძევებენ, კიდევ ამათ აგინებენ.

- ცოტა ფრთხილად იყავი, ფრთები არ გამოგებას და არ გაფრინდე. ერთი ქართველი წმინდანი მაინც დარჩეს ლონდონში, - სიცილით გადაუკრა სიტყვა ჩემმა დამხვდურმა ქალს.

- რა კუჭი აგეწვა? სწორად შენნაირებს ვგულისხმობ. შურით სკდები ხომ, ჩვენ რომ დახმარებას გვაძლევენ და შენ - არა. მითრეულიყავი იმ დასაწვავ ჰოუმოფისში და შენც დაგინიშნავდნენ. თხუთმეტი წელია აქ ხარ და რა გაგიკეთებია? ყველაფერს ნარკოტიკებში ხარჯავ. ეგერ რუსთაველი ორი ბიჭი რო ცხოვრობს ჩესტერფილდში, ორი წელია აქ არიან და უკვე ათ-ათი ათასი დოლარი გაგზავნეს სახლში.

- შენ, ქალო, ნამუსი გაქვს? შენ ის თამრო არა ხარ, მთელი ინგლისის მთავრობას რომ ატყუებ, საქართველოდან პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობისათვის მდევნიან და იმიტომ გამოვიქეციო?

- აბა, სიღარიბესა და ვალებს გამოვექეცი-მეთქი რომ მეთქვა, ლტოლვილის სტატუსს ვინ მომცემდა? - მოიგერია შეტევა ქალმა.

- ქარხანაში რომ აწყობ ახალჩამოსულებს და ფულს რომ ართმევ? მესმის, მოაწყო და ფული გამოართვა, მაგრამ მერე ყოველდღიურ გამომუშავებაში წილშიც რომ  უჯდები!

- აბა, ჩემს ვალებს რა გაისტუმრებს? მე, ინვალიდმა ქალმა, როგორ ვიმუშაო ქარხანაში? თანაც ჩემი ბოლო ჯგუფი, რომლებთანაც ახლა ვთანამშრომლობ, ქართველები კი არა, ირანელი ქურთები არიან.

- ისინი, ისეთი ირანელი ქურთები არიან, როგორიც შენ ჩინელი იმპერატრიცა! - ნიშნის მოგებით გააწყვეტინა ჩემმა დამხვდურმა, რამაც დამსწრე საზოგადოებაში სიცილი გამოიწვია.

- შენს თავს მიხედე, შე კა-გე-ბეშნიკო! შენ თუ კარგი კაცი ხარ, კომუნისტური წყობის დროს როგორ მოხვდი ინგლისში? იმიტომაცაა, ყველაფერი რომ იცი და მოსვენებას არ გვაძლევ. - გამოააშკარავა "აგენტი" გაკაპასებულმა ქალმა.

- ოოო, ეგ ნამდვილად მართალია. ძლივს არ წამოსცდა ამ ქალს სიმართლე! - წამოიძახა ჩემმა დამხვდურმა, ღვინით სავსე ჭიქას გადასწვდა და ქალბატონის სადღეგრძელო დალია.

გაპრანჭულმა "შრომის ბირჟის უფროსმაც" სიამოვნებით მიუჭახუნა ჭიქა და ნაზად შესვა სამადლობელი.

მალე გავიგე, რომ ოჯახის პატრონს, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა, სულაც არ ეპიტნავებოდა ლონდონი. რამდენიმე წლის განმავლობაში ინგლისურიც კი ვერ უსწავლია. ექვს სულზე იმდენ დახმარებას იღებდა, რომ მუშაობის დაწყება არც კი უფიქრია, მაგრამ მაინც ვერ ძლებდა ინგლისში. მხოლოდ შვილების გულისთვის ითმენდა ყველაფერს. იქნებ როგორმე აქაური უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრონ და მერე გზა ხსნილი ექნებათო. ინგლისურს ყველაფერს აძაგებდა, ლუდის გარდა.

კიდევ ერთ სტუმარს, პატარაბავშვიან ახალგაზრდა ქალს ისეთი ამბები მოუყოლია ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ საწყალ ინგლისელებს თურმე ცრემლები ახლაც სდით.

მერე გლდანელი ცოლ-ქმრის ჯერი დადგა, რომლებიც ეთნიკური კონფლიქტის "მსხვერპლობას" იბრალებდნენ, აფხაზურ თუ ოსურ ეროვნულ "უმცირესობას" წარმოადგენდნენ და ბრიტანეთში ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი იყვნენ.

გაგრძელდა ისევ სადღეგრძელოები, ქართული სიმღერები და ცეკვა. ბოლოს ჩემი დამხვდური წასასვლელად მოემზადა. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად, სასმლით სავსე ჭიქა აიღო და თანამეინახეებს მიმართა:

- აბა, ჩემო კარგებო, სულ გეუბნებოდით და კიდევ ერთხელ გეტყვით: დროზე, დროზე მოაგროვეთ ეგ თქვენი დოლარები თუ სტერლინგები და დაახვიეთ აქედან. დაახვიეთ, სანამ გვიან არ არის, მაგრამ მგონი, უკვე გვიანია, - სევდიანად დაამთავრა, სასმისი სულმოუთქმელად გამოცალა, ხელი გადამხვია და ღიღინით ჩემთან ერთად დატოვა იქაურობა.

- რას იტყვი, მოგეწონა "ნახირი"? - მკითხა ჩემმა დამხვდურმა, ტაქსიში რომ ჩავსხედით.

- ამათაც, როგორც ყველას, უხარიათ, სწყინთ, უყვართ და სძულთ, - მხრების აჩეჩით ვუპასუხე მე.

- მაგას არ გეკითხები, - გულგრილად გააგრძელა ჩემმა დამხვდურმა, - ახლავე აგიხსნი ყველაფერს. ხომ გახსოვს, მე ნარკომანს და დაღუპულს რომ მეძახდნენ. გარკვეულწილად ეს სიმართლეა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩემზე მეტი ნარკომანები თავად არიან.

მაგ საწყლებმა არ იციან, რაში აქვთ თავი გაყოფილი. ამიტომაც სულ ვეუბნები, დაახვიეთ აქედან, სანამ დროა-მეთქი. აქაური ცხოვრება, რომელსაც ეგ ხალხი ასე ბრმად ეწაფება, ნარკოტიკია, კოკაინი, ძმაო! გასინჯავ თუ არა, აღგაგზნებს, პრობლემებს გიხსნის. ეს საცოდავი ხალხი კი გასინჯავს ამ "კოკაინს" და მორჩა"...

- მოიცა, მოიცა, - გავაწყვეტინე მოურიდებლად, - მაშინ, აქ მცხოვრებთა უმრავლესობა სტაჟიანი ნარკომანები ყოფილან და კარგა ხნის მკვდრები ან ჭკუიდან გადასულები უნდა იყვნენ.

- ლონდონი მსოფლიოს ცენტრია, აქედან იწყება ყველაფერი. აქ დაიგეგმა რევოლუცია საფრანგეთში, აქედან გააბრუეს მაშინ ხალხი ახალგამომცხვარი ნარკოტიკით - ახალი აზროვნებით, რომელიც მთელ ევროპას მოედო; მერე რუსული ბოლშევიზმი - ესეც ძლიერმოქმედი გამაყუჩებელი საშუალება; კომუნიზმი - ბედნიერი ბავშვობა. გახსოვს, ოსტაპ ბენდერი: "რა ღირს ოპიუმი ხალხისათვის".

ისინი ამ "ოპიუმით" აბრუებდნენ ხალხს, მაგრამ დამარცხდნენ. ხშირად მარცხდებიან, რასაც ძალიან განიცდიან და ახალ-ახალ ძლიერმოქმედ ნარკოტიკს იგონებენ. ახლაც გამოიგონეს გაცილებით ძლიერი ნარკოტიკი, რომლის ცდუნებისაგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია. მე "კოკაინი" დავარქვი:

ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, ფულადი დახმარება, უფასო სწავლა, სამედიცინო დახმარება, ევროსტანდარტები, ევროპის გაერთიანება - და ასე, ნელი აჩქარებით მთელი მსოფლიოს გაერთიანება.

აღარ იქნებიან ერები, რელიგია, აღარ იქნება ომები და მოიტანენ ბედნიერ, მდიდარ ცხოვრებას, ყველა ადამიანს თანასწორს გახდიან. ალბათ, იკითხავ, ამაში ცუდი რა არისო. ცუდი ძალიან ბევრია. წარმოიდგინე ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებული მსოფლიოს მმართველობას აიღებს ხელში. მის უგუნურებასა და განდიდების მანიას ხომ საზღვარი არ ექნება. ღმერთს გაუტოლდება და მაშინ გამოჩნდება ერთიანი ბედნიერი მსოფლიოს შხამიანი ნექტარი...

ამ ნარკოტიკის წინააღმდეგ ჩვენ, ქართველებს, წინაპრებმა უტყუარი იარაღი დაგვიტოვეს: ენა, მამული, სარწმუნოება, მაგრამ ეს ძალიან ცოტასღა ახსოვს. ამიტომ დროზე უნდა ავახვიოთ აქედან, დროზე...

როდესაც უკან ვბრუნდებოდი, თვითმფრინავში საშინელი გრძნობა დამეუფლა. ლტოლვა ვიგრძენი, ლტოლვა, რომელიც ჩემი დამხვდურის მივიწყებულ სიტყვებს ფოლადის სიმტკიცეს აძლევდა. ხარის ბღავილივით მესმოდა მისი ხმა ყურებში: "ამათი შემოთავაზებული ცხოვრება ნარკოტიკია, ძმაო, ნარკოტიკი".