"იქ ჩემი ქალაქი ვიპოვე - ჩემი მანანა" - კვირის პალიტრა

"იქ ჩემი ქალაქი ვიპოვე - ჩემი მანანა"

დევნილის ჩანაწერები

"ვინ თქვა, ტკივილი, რომელსაც უსამშობლოობით განიცდი, წლების შემდეგ ყუჩდებაო?.."

"ახლაც ცხადად მიდგას თვალწინ  ჩვენი ქალაქი, მშვიდად მოტორტმანე ზღვა და თოლია. ეს სურათი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება"

ჩემო მონატრებულო ქალაქო! დრო არ ცვლის და არც აფერმკრთალებს შენზე მოგონებებს. ახლაც ცხადად მიდგას თვალწინ ჩვენი ქალაქი, მშვიდად მოტორტმანე ზღვა და თოლია. ეს სურათი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება.

შენზე ფიქრებით დაღლილს, ხშირად გაქცევაც მინდება, იმ ადგილიდან დროებით გარიდება, სადაც ყველაფერი ისევ შენი მოგონებებით სუნთქავს,  სადაც ყველა ნივთსა და სახსოვარს შენი მზის ნათელი ადგას, სადაც დანახულ წყლის გუბურასაც შავი ზღვის, ანუ "ჩემი ოკეანის" ნამცეცა ნაწილად აღვიქვამ. ასე მგონია, თუ თბილისს დავტოვებ, დარდსა და ნაღველს მას დავუტოვებ...

დღე პირველი...

ბაზალეთში, ორდღიან სემინარებზე სიამოვნებით გავეშურე. იგი ლტოლვილთა დანიის საბჭომ და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მოაწყვეს და დევნილთა თემაზე მომუშავე ჟურნალისტები მიგვიწვიეს. ქალაქის ორომტრიალს გარიდებულთათვის პანსიონატი "ბაზალეთი" სავანედ მომეჩვენა.

თუმცა, ვიცოდი, რომ ბაზალეთის ტბა "ჩემს ოკეანესთან" გატოლებას არ მოინდომებდა და ფიქრებს ვერ ამიშლიდა.

...ურთიერთგაცნობისა და გრაფიკის წარდგენის შემდეგ ყავის დარბაზში გადავინაცვლეთ. მომსახურე პერსონალმა ყავა ჩამოგვისხა და ლანგარზე დალაგებულ ნამცხვარსა და ხილის წვენებზე მიგვითითა, მიირთვითო.  ხმა მეცნაურა, კარგად დავაკვირდი ჩალისფერთმიან მიმტანს. ერთხელაც შევხედე... სამკერდე ნიშანმა "მანანა" იქაურობას მომწყვიტა... თავი შევახსენე...

სოხუმელი მანანა კლევჩუკი (მე-14 რუსული საშუალო სკოლის მოსწავლე, დედით ქართველი),  ჩემი ყოფილი მოსწავლე იდგა ჩემ წინ და ომგამოვლილი თაობის სევდაჩაღვრილი თვალებით მიმზერდა... სოხუმური სილაღე აღარ ჰქონდა მანანას...

...ტკივილი ნალექად აეკრა ხსოვნის კედლებს. წლებმა წასაღები წაიღო და დასაღვრელი ცრემლიც თითქოს დაიღვარა. როდესაც სკოლა და კლასი შევახსენე, თითქოს დამშვიდდა.

- სოხუმიდან გამოქცეულები ვინ სად მიმოვიფანტეთ, - მეუბნება მანანა, - ოჯახის წევრებიც: დედა - სენაკში ცხოვრობს, და - თბილისში, სასტუმრო "ბახტრიონში", მე - დუშეთშიო.

მანანამ აფხაზეთში ნაპოვნ სიყვარულზეც მიამბო, საომრად ჩამოსულ ზურაბ ბაბულაშვილზე, რომელსაც თავისი ბედი დაუკავშირა. მაშინ არაფერი იცოდა მანანამ მთიულეთიდან აფხაზეთისკენ დაძრულ მთიელ ბიჭებზე, მამულისათვის თავდადების საოცარი მაგალითი რომ მისცეს შთამომავლობას, ბრძოლის ველზე დაეცნენ და "ახალი არაგველების" სახელით ჩაეწერნენ უახლესი ომების ისტორიაში. მთის შვილთა საგმირო საქმეებით ამაყობს მთიულეთი. თოთხმეტი წლის ლევან ბაბულაშვილმა და მისმა თანატოლებმა მამების მაგალითით იციან, თუ როგორ იბადებიან გმირები, როგორ იწერება ისტორია.

სოხუმს დანატრებული მანანა კი... სიყრმეგამოტოვებული და ადრე დაბრძენებული მეჩვენა. მის თაობას განგებამ გზადაგზა ყველაფერი შემოაცალა, რაც ძვირფასი იყო და შემდეგ ღირებულად უნდა ქცეულიყო. ესენი ჩვენი ნატკენი შვილები არიან, ომმა ბუნდოვანი აწმყო და გაურკვეველი მომავალი რომ გამოაყოლა აფხაზეთიდან.

საღამოს ტბის პირას ჩამოვსხედით და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.

დღე მეორე...

სემინარის დამთავრების შემდეგ ლტოლვილთა დანიის საბჭოს  წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლაურამ მკითხა:

- ტკივილი, რომელსაც უსამშობლოობით განიცდით, წლების შემდეგ ყუჩდება თუ?..

ამ ქვეყნიდან წასული დედის მონატრებას შევადარე ეს ტკივილი, წლების სიმრავლესთან ერთად რომ მატულობს. ამიტომაც ვეძახით ქართველები დედასამშობლოს-მეთქი. საღამოსპირს დავტოვეთ იქაურობა. თბილისში ვბრუნდებოდით და გული ნაიარევ  ჭრილობასავით მტკიოდა. იქ, ტბის სიახლოვეს ნაპოვნი ჩემი დაკარგული ქალაქი  - მანანა დავტოვე.