"დღეს ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ უნდა გავუძლოთ" - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა - კვირის პალიტრა

"დღეს ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ უნდა გავუძლოთ" - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა

ამონარიდები პატრიარქის 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქადაგებებიდან...

დღეს, 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა. "კვირის პალიტრის" რედაქცია ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან თარიღს და დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, გამძლეობას უსურვებს. გმადლობთ ყველაფრისთვის, ჩვენო პატრიარქო!

ახლა კი თვალი გადავავლოთ ამონარიდებს პატრიარქის 2019 წლის ქადაგებებიდან და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რისკენ მოგვიწოდებდა და რა სტკიოდა ქართველი ერის სულიერ მამას.

10.02.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან "არ უნდა შეგვეშინდეს"

"ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. ეს კი მან, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ რატომღაც ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილია, უფრო ადვილად ვხედავთ სხვას, სხვის ნაკლს. "მომანიჭე მე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა" - ვკითხულობთ ლოცვაში. ცხოვრებამ, ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ "განცდა თვისთა ცოდვათა" არც ისე იოლი ყოფილა. რატომაა ძნელი "განცდა თვისთა ცოდვათა?" იმიტომ, რომ ადამიანი სუსტია.

ძნელია "განცდა თვისთა ცოდვათა" იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავზე დაყრდნობით ვერ მიაღწევს ამას, არამედ უნდა მიიღოს მადლი ღვთისაგან, შეწევნა ღვთისაგან.

ადამიანი სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა; სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო და ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ. რთულია ეს ბოლო ჟამი, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს..."

03.03.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან"დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად..."

"დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: "მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში, და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი". და მარცხენა მხარეს მყოფთ ეტყვის: "მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით". ეს მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა აკეთოს ყოველმა ადამიანმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია: "ჟამი ახლოს არს" და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის და მთელი მსოფლიოს მარჯვენით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნების ყოფა, ღვთის ნების ქმნა".

10.03.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან "ღმერთმა ინებოს, რომ დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი"

"წმინდა ეფრემ ასური ამბობს: "ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". ეს გზა - "განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა" ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი.

არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ მე არავითარი ცოდვა არა მაქვსო, - პასუხობენ.

მოძღვარი ეუბნება, მე მოძღვარი ვარ და მეც მაქვს ცოდვაო. შენც, შეიძლება, გქონდესო. მე არა მაქვსო, პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშული აქვს, სული დათრგუნვილია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი".

16.06.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან "საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს"

"დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი, ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც უფალი გვაძლევს ჩვენ ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, გადაარჩენს საქართველოს. საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს".

13.07.2019

ამონარიდი თორმეტი მოციქულის სადღესასწაულო ქადაგებიდან "...და ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

"ყოველი მოციქული იყო არა მარტო ღვთის გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელიც, სიხარულის მაუწყებელი. მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ომისდროინდელი ამბავი. სკოლაში მოწყობილი იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და ერთი პატარა ბიჭი, 12-14 წლისა, მიდიოდა მათთან და შორიდან უყვიროდა ჯარისკაცებს: შენ მალე მორჩები, შენ განიკურნები, შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს, შენს ოჯახს. ამ ბიჭს დაარქვეს "მახარობელი". როცა რაღაც პერიოდი არ გამოჩნდებოდა, წუხდნენ დაჭრილები, სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო. მე მინდა ლოცვა-კურთხევა მოგცეთ მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, მახარობელი სხვისთვის. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი".

11.08.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან "დღეს ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ უნდა გავუძლოთ"

"ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამიტომაც ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთის წყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ მას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ჭკვიანები, ბრძენნი არიან, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ახალი თაობა გამოსტაცოს ღმერთს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები გაუძლებენ განსაცდელს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისეთი წარსული და გამოცდილება გვაქვს, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისაგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდების ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ისინი დასძლევენ პრობლემებს".

14.10.2019

ამონარიდი სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო ქადაგებიდან "წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ"

"საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVსაუკუნეში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას".

17.11.2019

ამონარიდი საკვირაო ქადაგებიდან "ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა"

"თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. "მამაო ჩვენოს" რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს". თქვენ გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი "მომეც ჩვენ დღეს?" ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსულიც - ყველაფერი ღვთის ხელშია".