სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში! - კვირის პალიტრა

სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!

უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე

რა ბედი ელის ნგრევის პირას მისულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა უნიკალური აღმოჩენების მომსწრე შეიძლება გახდეს საქართველო უახლოეს მომავალში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.

- საუბარი მინდა დავიწყოთ ციხე-სოფელ მუცოს წარმატებით - პირველად ისტორიაში ქართული ძეგლი ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა. გამარჯვებულს ავლენს არა კვალიფიციური ჟიური, არამედ ევროპის მოსახლეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში უამრავი ძეგლია, რომელიც ამ სტატუსს იმსახურებს, მე გამარჯვებას მაინცდამაინც არ ველოდი. როგორი ემოციაა, როცა აცხადებენ, რომ ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა ძეგლი პატარა საქართველოდან?

- როგორც უკვე ვიცით, მუცოს სარეაბილიტაციო პროექტი "ევროპა ნოსტრას" გამარჯვებული გახდა. 149 ქვეყნიდან მხოლოდ 26 პროექტი გავიდა და ერთ-ერთი მუცო იყო. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ამ 26-დან ევროპელი საზოგადოება ხმის მიცემით რჩეულს დაასახელებდა. დაჯილდოებას შატლის თეატრში ესწრებოდნენ პრეზიდენტ მაკრონის თანაშემწე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში, ევროკომისარი განათლებისა და კულტურის საკითხებში, "ევროპა ნოსტრას" ხელმძღვანელი პლასიდო დომინგო, აკადემიური წრეები, პარიზის ბომონდი და სხვა პროექტების გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან. თავდაპირველად ველოდი, რომ გრან-პრის შვიდეულში მოვხვდებოდით, მაგრამ როცა ისინი დაასახელეს და ამ სიაში არ აღმოვჩნდით, ძალიან მეწყინა. მუსიკალური შესვენების შემდეგ დაიწყო პირველი სამი გამარჯვებულის დასახელება. ჯერ რომელიღაც ქვეყანა გამოაცხადეს, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, ვერც გავიგონე. ამას მოჰყვა მეორე ადგილზე გასულის გამოცხადება და როდესაც მაკრონის თანაშემწემ პირველი ადგილი ანუ გამარჯვებული დაასახელა და მუცო მომესმა, ვერც დავიჯერე. დარბაზში ატყდა ტაში, ოვაციები... მოლოცვების შემდეგ მადლობის გადახდის დროც დადგა და სცენაზე იხმეს საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სცენაზე რომ დავინახე, მახსოვს, მაკრონის მრჩეველს მივუტრიალდი და ვუთხარი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სიტყვით ის გამოვა-მეთქი. ყველა ღონეს ვხმარობდი, თავი როგორმე დამეძვრინა, მაგრამ უარი მივიღე... სცენაზე როგორ ავედი, არ მახსოვს; დამავიწყდა ყველა სიტყვა, რაც უნდა მეთქვა, არადა, ამ სიტყვაზე დიდხანს ვმუშაობდი. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ დავიწყე (ინგლისურად) - მე ვაპირებ, ვილაპარაკო ქართულად და ჩემი პრეზიდენტი თარგმანში დამეხმარება-მეთქი. ამ სიტყვებზე დარბაზში მხარდაჭერის სიცილი ატყდა. რაც უნდა მელაპარაკა და რამდენი მადლობაც უნდა გადამეხადა, მაინც ვერ გამოვხატავდი იმ ემოციას, რაც ამ გამარჯვებით დამეუფლა. ასე იუნესკოს სხდომებზე არ მინერვიულია.

- რას ნიშნავს მუცოსთვის ეს გამარჯვება?

- საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლების რუკას რომ დავხედოთ, პირველ ადგილზე იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლებია - სვეტიცხოველი, ჯვარი, გელათი და ჩაჟაში (უშგული). მუცოს გამარჯვება, ცნობადობის თვალსაზრისით, ამ ძეგლებთან გატოლებას ნიშნავს. ამაზე ნაკლები ხარისხი ჩვენ არ უნდა გვქონდეს.

- ასეთი წარმატებებისა და ბოლო წლებში მსოფლიოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიუხედავად, ჩვენში მემკვიდრეობაზე ზრუნვა მოდური ვერ გახდა, ბიზნესისთვის ძეგლების აღდგენაში ფულის გადახდა მიმზიდველი არ არის. აღარაფერს ვამბობ ძეგლების დაზიანების გახშირებულ ფაქტებზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - მთავარი მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობაა. სულ ვფიქრობთ, რა შევცვალოთ, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ჩართული პროცესში. თანამედროვე გამოწვევების პირობებში სააგენტო ამ მიმართულებით სათანადო აქტიურობას ვერ ახერხებს და ყველა რესურსი ცეცხლის ჩაქრობისკენ არის მიმართული. უამრავ ძეგლს სჭირდებოდა გადაუდებელი ჩარევები, რეაბილიტაცია... ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქმე ის არის, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობამ დამატებითი პრობლემაც წარმოშვა - ეს არის კადრების დეფიციტი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ინტერნეტტელევიზია, პროფესიონალი კადრების სიმცირის თვალსაზრისით კი ჯერჯერობით საიმედო არაფერია. ამ საკითხზე განგაშს ვაცხადებთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წელს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის რესტავრაციის ფაკულტეტზე არავის ჩაუბარებია - ეს მომავალში კადრების უფრო მეტ დეფიციტზე მიუთითებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ჯამური ბიუჯეტი 33 მილიონი ლარია (20 მილიონი - ფონდი "ქართუ", 13 მილიონი - სახელმწიფო), ბაზარზე კი მხოლოდ 28 მოთამაშე გვყავს. არ შეიძლება ერთი კომპანია 8-9 ძეგლის რესტავრაციაზე მუშაობდეს. კონკურენტული გარემო აუცილებელია. როცა ამა თუ იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავთ, დიდხანს ვმსჯელობთ, ვინ უნდა გააკეთოს. ფინანსური რესურსის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაწუხებს, თუმცა გამკეთებელი არავინაა...

- ხშირად ნიჭიერ ახალგაზრდებს არ ეძლევათ საკუთარი ხედვის წარმოჩენის საშუალება და უჩნდებათ განცდა, რომ მათი დასაქმების გარანტიები ამ დარგში ილუზორულია. - მინდა მათ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა - კულტურული მემკვიდრეობისთვის ფულადი რესურსი არასდროს იქნება პრობლემა და, შესაბამისად, დასაქმების გარანტიებიც რეალურია.

- ზაფხულში უშგულში მიმდინარე პროცესები გემახსოვრებათ... მაშინ ამბობდნენ, რომ უხარისხო რესტავრაციაში მილიონები იხარჯებოდა... - რესტავრაციას ყოველთვის ახლავს ხარვეზები და ეს გამოსწორდა. არც ჯანსაღი კრიტიკაა ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ იცით, ამის შემდეგ რა შედეგი მივიღეთ? კომპანია, რომელიც უშგულში მუშაობდა, უარს აცხადებს გაისად სამუშაოების განახლებაზე... მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემა არ გვაქვს, მუშაობენ და წელს 21 ძეგლი გაკეთდა. უშგულში რამდენიმე წლის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა და 35 ძეგლი გაკეთდა. დარჩა 20-მდე შენობა, რომელთა გამკეთებელიც არავინ არის და დღეს ხელფეხშეკრული ვართ. სვანეთში რომ იყოს რამდენიმე კომპანია, ეს პრობლემა არ იქნებოდა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ კლიმატურად და რელიეფურად რთული რეგიონია და ყველა კომპანიას არა აქვს იქ მუშაობის შესაძლებლობა.

- რატომ არ დებს ბიზნესი ფულს მემკვიდრეობის შენარჩუნებაში?

- მათ რამდენჯერმე შევხვდით და კონკრეტული პასუხი არასდროს გაუციათ. შემიძლია თითებზე ჩამოგითვალოთ კომპანიები, რომლებმაც ჩვენთან ითანამშრომლეს...მემკვიდრეობაში რესურსის ჩადება პრესტიჟის საქმე უნდა იყოს. მისგან ამონაგებს ვერ ნახავ, მაგრამ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი დონე.

- ჩვენ ვისაუბრეთ საზოგადოების არაინფორმირებულობაზე, თუმცა ხშირად მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღებენ ცალკეული პირები, როდესაც არჩევანს ბიზნესზე აკეთებენ. ამის მაგალითია თეთრიწყაროს ბარათაშვილების სახლი, სადაც სამუზეუმე სივრცეს ხინკლის სახლის გახსნა არჩიეს. - ჩვენი აქტიურობით ბარათაშვილების სახლი ამოღებულია საპრივატიზაციო ნუსხიდან, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავს იკავებს შენობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის გადმოცემისგან, რაც არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააგენტო ამ შენობას ზურგზე მოიკიდებს და სადმე წაიღებს, ძალიან ცდება. ერთადერთი, რაც გვინდა, ძეგლის დროული რეაბილიტაციაა და ბარათაშვილების სახლი, თავისი სამუზეუმე და კულტურული სივრცეებით, თეთრიწყაროს სავიზიტო ბარათად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას წავაწყდით, როდესაც თეთრიწყაროში სავალალო მდგომარეობაში ჩAავარდნილი მუზეუმის შენობის გადმოცემას ვითხოვდით. გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი, როგორიც ვარძიაში, უფლისციხეში გვაქვს და მერწმუნეთ, ყველაზე პოპულარული გახდებოდა რეგიონში. ამ მოთხოვნის საპასუხოდ საუბარი ისე დამიწყეს, როგორც ინვესტორს... ახლა, როცა ბარათაშვილების სახლს ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ და ნგრევას რომ გადაგვერჩინა, მისი გადმოცემა მოვითხოვეთ, იგივე განწყობა დაგვხვდა... მხოლოდ ის მაიმედებს, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს და მის გაყიდვას ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავს.

- ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ეკლესია-მონასტრებია და დაზიანების ფაქტებიც, მეტწილად, აქ გვხვდება. გარდა ამისა, პირდაპირი ეთერით ვნახეთ, როგორ გაანადგურეს ბათუმში ახალაღმოჩენილი ქვევრი, ასევე ეკლესიის გალავანი ხვამლის მთაზე, ძეგლების დაზიანების ფაქტები იყო დედაქალაქშიც... თუმცა არასდროს დამდგარა დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება-განადგურებისთვის სისხლის სამართლით დევნის მუხლიც მკვდარ მუხლად იქცა. როგორ უნდა ვებრძოლოთ ძეგლის მნგრეველებს 21-ე საუკუნეში? - ეს საკითხიც საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობის ბრალია. ხვამლის მთა ახსენეთ... იქ პროცესის მონაწილეებს უხაროდათ, ეკლესიის რესტავრაციას რომ იწყებდნენ...

- გეთანხმებით, მიაჩნდათ, რომ კეთილშობილურ საქმეს აკეთებდნენ... - თუმცა არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ... იმავეს ვიტყვი ქვევრის შემთხვევაშიც - მუშებისთვის ქვევრი იყო მიწის ქვეშ ნაპოვნი ნივთი, რომელზეც შეეძლოთ, ფეხით გადაევლოთ. რომ სცოდნოდათ, ეს ისტორიის ნაწილია, ალბათ, არ დააზიანებდნენ. ამასთან, თუ ვინმე ბოროტი განზრახვით ძეგლის დაზიანებას მოინდომებს და არ დაისჯება, ყველას ექნება განცდა - თუ სხვა არ დაისაჯა, არც მე დავისჯებიო."

2005 თუ 2006 წელი იყო. მაშინ ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვიყავი. მე და ჩემმა ამჟამინდელმა მოადგილემ, პაატა გაფრინდაშვილმა ძლივს გამოვასწარით ურბნისიდან - იქაური სასულიერო პირის მოწოდებით მრევლმა ცემა-ტყეპა დაგვიპირა...

- რატომ?

- ჩავედით და ურბნისი გაჯით გალესილი დაგვხვდა. რა თქმა უნდა, აღვშფოთდით... სხვათა შორის, დღემდე გაჯით არის გალესილი.

- მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ვხედავთ, განწყობა დღემდე არ შეცვლილა. არც პრობლემის გადაჭრის გზა ჩანს, ამასობაში კი მემკვიდრეობა ნადგურდება... - მაშინ ურბნისის მრევლს რომ სცოდნოდა, როგორი დამაზიანებელია ტაძრის შიგნიდან გალესვა, შესაძლოა, წინამძღვრისთვის წინააღმდეგობაც გაეწია. ურბნისის ტაძარს აგურის უნიკალური წყობა ჰქონდა. როდესაც ეკლესია გაჯით გალესეს მოსახატად, ინტერიერში ეს უნიკალური წყობა დაიკარგა. იგივე შეიძლება ითქვას ყინწვისზეც - დამერწმუნეთ, ეს არ მოხდებოდა, მრევლს განცდა რომ ჰქონოდა, ბერები ძეგლს აზიანებენო...

- მაგრამ რა საჭიროა სახელმწიფო და კანონები, თუ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს... - საქართველოში 20 000 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და წარმოიდგინეთ, რა რესურსი დასჭირდება სააგენტოს, რომ გააკონტროლოს, სადმე რამე არ გაფუჭდეს.

ჩვენ სასულიერო პირებს შევუთვალეთ, რომ ყინწვისში ჩვენი სახსრებით ავყრიდით იატაკს და დავაგებდით ძეგლისთვის შესაბამისს... იატაკის გამოცვლა ფუჭი ხარჯი იყო. როგორც ამბობენ, 40.000 ევრო დაჯდა. ამ თანხის რაციონალურად გამოყენებით ძეგლის ყველა პრობლემა მოიხსნებოდა.

სვანეთში ტურიზმით შემოსავალი რომ გაქვს, მაგრამ თავს ვალდებულად არ თვლი, შენს საკუთრებას შენვე მიხედო და სხვას ელოდები... ასეთი დამოკიდებულებაა ბევრგან... სხვათა შორის, ჩემთან რამდენიმე პრეტენზიულმა მოქალაქემ დარეკა - ვცხოვრობ ისტორიულ ძეგლში, სადღაც სიღნაღში და მე რატომ არ მიკეთებთ ძეგლს, რამე განსხვავებააო? პასუხი ვერ გავეცი. ერთი ის არის, რომ კოშკებს სასწრაფოდ სჭირდება შველა, თორემ მესაკუთრე იქაც არის და აქაც. თუ აქ ვითხოვ მათგან ძეგლის მოვლა-პატრონობას, რატომ არ ვითხოვ იქაც?..

მახსოვს, თბილისში 2000-იანი წლების დასაწყისში ხალხი ისტორიულ ძეგლებში ცხოვრობდა და საძირკველში წყალს შეგნებულად უშვებდა, რათა შენობა დაზიანებულიყო და ინვესტორი შემოეყვანათ... ერთი გოგო მახსენდება, ეკა მხეიძე... ჭონქაძის #11-ში 1880-იან წლებში ირანის ელჩის აშენებული ულამაზესი სახლია, სარკეებიანი ჭერით. მხოლოდ ეს ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო და ძეგლი გადაარჩინა. 2002 წლიდან ამ პროცესში ვიყავი ჩართული. მეზობლები ჩხუბობდნენ, სახლის დემონტაჟი და მის ადგილას კორპუსის აშენება სურდათ, ჭონქაძის #7-ში აშენებული კორპუსის მსგავსად. ძეგლთა დაცვის სააგენტო ძალიან დაგვეხმარა და ამ სახლის რეაბილიტაცია შევძელით. დღეს ამ სახლის ფასი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე მეზობელი კორპუსის.

- დავითგარეჯაში დროდადრო შემოსული განგაშის სიგნალის გამო საქართველო თვალს არ აშორებს იქ მიმდინარე პროცესებს. მინდა შევეხო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხს - აპრილში იქ ჩავიდნენ "ევროპა ნოსტრას" სპეციალისტები და ცნობილი გახდა, რომ საქართველო იწყებდა კლდის ძეგლების მასშტაბურ პროექტს, რომელიც უფლისციხესა და ვანის ქვაბებთან ერთად დავითგარეჯას ძეგლების მდგომარეობის კვლევასაც ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ეს კვლევა სრულად დავითგარეჯას მოიცავს, თუ მხოლოდ იმ ძეგლებს, რომლებიც აქეთ მხარესაა? - ეს მხოლოდ აქეთ მხარეს ეხება. ჩვენს ტერიტორიაზე 21 ძეგლია. მოგეხსენებათ, საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს სახელმწიფო კომისია და ველოდებით, რომ ეს მუშAაობა პოზიტიური შედეგით დასრულდება, თუმცა, სანამ არ გვექნება ოფიციალური ნებართვა, ე.წ. სადავო ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას ვერ შევძლებთ.

- როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო კომისიაში უნდა ყოფილიყო თუ არა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენდირექტორი? - ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო. ჩვენ ამის შესახებ სამინისტროსაც მივწერეთ და ეს საკითხი მათაც დააყენეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია...

- როგორია დღეს ამ ტერიტორიაზე ძეგლების მდგომარეობა? - უდაბნოს ძეგლების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყოველდღიური საშიშროებაა მათი დაზიანების.

- გამოდის, სანამ ორივე ქვეყნის ხელისუფლება საზღვრის დემარკაციის პროცესზე მუშაობს, რაც შეიძლება წლობით გაგრძელდეს, დავითგარეჯა შეიძლება ისე დაინგრეს, რომ გასაყოფიც არაფერი დარჩეს. სახელმწიფო კომისიის მუშაობის პარალელურად არის კი მცდელობა, თუნდაც მეორე მხარის სპეციალისტების ჩართვით უდაბნოს მდგომარეობა შეფასდეს? - ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში შევხვდი "ევროპა ნოსტრას" ხელმძღვანელობას და ვთხოვე, ევროპის მემკვიდრეობის დაცვის მთავარი უწყების (არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ძალიან გავლენიანი) ქოლგის ქვეშ, ორივე მხარის ჩართულობით, ძეგლების მდგომარეობა შეფასდეს. არ დაგიმალავთ და, ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ.

- ანალოგიური სიტუაციაა ხუჯაბის მონასტერშიც. ვიდრე სომხეთთან საზღვრის დემარკაცია პრობლემად რჩება, ხუჯაბის უნიკალური მონასტერი ინგრევა. - ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვმართავთ სომეხ კოლეგებთან. იგეგმებოდა ერთობლივი ჯგუფის შექმნა, თუმცა სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საკადრო გადაადგილებების გამო ეს პროცესი გაჭიანურდა. წელს ველოდებოდით მათ ჩამოსვლას, რომ გვესაუბრა კონკრეტულ ვადებსა და სამოქმედო გეგმაზე. თავდაპირველად აქაც უნდა შეფასდეს ძეგლის მდგომარეობა და ნგრევის შესაჩერებლად გადაუდებელი ღონისძიებები ჩატარდეს.

- ვანის ქვაბების გადარჩენა შესაძლებელია? როგორც ვიცი, იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესები შეუქცევადია. - ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ძეგლის პირველადი კვლევა უკვე მზად არის და გაისადაც გაგრძელდება. ასევე მომზადდება პროექტი გადაუდებელი ღონისძიებების ჩასატარებლად. დავიწყებთ ძეგლის წერტილოვან გამაგრებებს. უკვე მივწერე საპატრიარქოს, რომ მომლოცველებმა ეკლესიის ქვემოთ არ იარონ. განთავსდა შესაბამისი ბანერებიც, ძეგლის ზედა ნაწილი კი საერთოდ გადაიკეტა.

- წელს ისრაელსა და იორდანიაში მუშაობა დაიწყეს ქართულმა ექსპედიციებმა. უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ წელს ახალ აღმოჩენებს? დაბოლოს, შევა თუ არა ვარძია იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში? - ბირ ელ ყუტის გათხრები ისრაელში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მონასტერი პეტრე იბერის დაარსებულია და სწორედ აქ აღმოჩნდა უძველესი ქართული წარწერა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე აქამდე ცნობილი ბოლნისის სიონისა. ჩვენი მიზანია ბირ ელ ყუტი კვიპროსში, ღალიის ტაძრის მსგავსად, გაკეთდეს, როგორც ქართველთა სავანე. ჩატარებულია აზომვითი სამუშაოები და ისტორიაში პირველად აქ ქართველ-ებრაელთა ერთობლივი ექსპედიცია იმუშავებს. ძალიან გვეხმარება ჩვენი კოლეგა სააგენტო ისრაელიდან და ფრანცისკანული ეკლესია, რომლის საკუთრებაც არის ბირ ელ ყუტი. რაც შეეხება იორდანიას, იქაც ვიმუშავებთ და იმედი გვაქვს, ვიპოვით შიხანის ქართველთა მონასტრის კვალს, როგორც ეს მატიანეშია მოთხრობილი. უკვე დადგენილია ორი სავარაუდო ადგილი და დიდი შანსია, იორდანიაში ქართული ტაძრის ნაშთს მივაგნოთ.

რაც შეეხება ვარძიას, მასთან ერთად იუნესკოს ნუსხაში შესატანად წარვადგენთ ენგურჰესსაც, როგორც ინჟინრულ მემკვიდრეობას და შატილი-მუცოს ერთიან კულტურულ ლანდშაფტს.