შუაფხოს 16-ბავშვიან სკოლაში 7 მოსწავლე 10-შვილიანი დირექტორის შვილია - კვირის პალიტრა

შუაფხოს 16-ბავშვიან სკოლაში 7 მოსწავლე 10-შვილიანი დირექტორის შვილია

"ბავშვობაში სულ გავიძახოდი, 9 შვილი უნდა გავაჩინო-მეთქი. ბავშვობის ოცნებას გადავასწარი, 10 შვილი მყავს"

ირმა ცქიფაშვილი 10 შვილის დედა და შუაფხოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. სკოლაში 16 ბავშვი სწავლობს, მათგან 7 ქალბატონი ირმას შვილია. წინასაახალწლოდ ვისზე შეიძლებოდა მოგვეთხრო, თუ არა ამ სამაგალითო და ტკბილ ოჯახზე.

- ბარბარე, იოსები, მარიამი, სალომე, თინა, ჯაბა, ნინო, ნაზი, ელენე, დავითი - ეს ჩემი ანგელოზების სახელებია. ერთი პირველკურსელია, შვიდი - სკოლის მოსწავლე, ორიც - სკოლამდელი ასაკის. ყველაზე უფროსი, ბარბარე 18 წლისაა, ნაბოლარა დავითი კი, სამის.

მაღაროსკარიდან ვარ, ფშაველი გახლავართ, უკანა ფშავის საკრებულოში, სოფელ თხილიანაში გამოვთხოვდი.

- მეუღლე სად გაიცანით? - ჩემი მეუღლე, ზაზა ჯაბანიშვილი, ჩემი ძმის კლასში სწავლობდა. 25 წლისა გავთხოვდი, უმაღლესი სასწავლებელი რომ დავამთავრე. უფროსების, ოჯახების ჩარევით შევუღლდით და არც ვნანობ ამ ნაბიჯს, იმიტომ, რომ იდეალური მეუღლე და მამაა. ჯვარი ანანურში დავიწერეთ, ქორწილის მეორე დღეს კი თხილიანაში ფშაური ტრადიციით საწაღმართოსთვის საკლავი დავკალით.

- რას გულისხმობს საწაღმართო? - ხევისბერი ლოცავს ახალშექმნილ ოჯახს, რომ წაღმა, კარგად წარიმართოს მისი ცხოვრება. კვირის თავზე ფეხის ბრუნება გვქონდა, ტრადიციისამებრ ჩემს მშობლებს ვეწვიეთ.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით? - ბავშვობაში ხუმრობით რომ მკითხავდნენ, რამდენი შვილი უნდა გაგვიჩინოო, სულ გავიძახოდი, 9 შვილი-მეთქი. ბავშვობის ოცნებას გადავასწარი, 10 შვილი მყავს.

როცა სამსახურში ვარ, ბავშვები თავსაც ინახავენ და და-ძმებსაც. ასაკის მიხედვით ყველასთვის გადანაწილებული მაქვს საქმე. სადილ-ვახშამზე ჯერ პატარებს დავსხამთ სუფრასთან, მერე დიდებს. ნაბოლარა ჰყავთ მეტისმეტად გათამამებული.

7 და და 3 ძმა არიან. ერთხელ ერთმანეთში ბჭობდნენ, ისე ვქნათ, ფშავში არც ერთი არ გავთხოვდეთ, რათა ნათესავები მთელ საქართველოში გვყავდესო. ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ სკოლაში ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს, პროექტის "ასწავლე საქართველოში" მოწვეული პედაგოგებიც არიან თითქმის ყველა კუთხიდან. ისინი სკოლაში სხვადასხვა ღFონისძიებაზე თავიანთი კუთხის ტრადიციებს აცნობენ ბავშვებს.

- უფროსმა შვილმა რა პროფესია აირჩია? - ბარბარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს ტურიზმის ფაკულტეტზე. ფშავი ჯერ არ არის ტურისტებისთვის იმდენად მიმზიდველი, როგორიც ხევსურეთი, შატილი, ყაზბეგი და ამან აარჩევინა პროფესია. პროექტიც გააკეთა, უნდა საოჯახო სასტუმრო ააშენოს, ტურისტული ბილიკები მოაწყოს. მესამე გოგონა ეუბნება, შენ ეგ საქმე წამოიწყე, მე კულინარიას შევისწავლი და მზარეულობას შევითავსებო.

- ახალ წელს როგორ ხვდებით? - ფშავში უფრო ძველი ახალი წლის აღნიშვნა ვიცით. გოგას და ბედის კვერებს ვაცხობთ. გოგა მრგვალი პურია, რომელზეც გამოცხობამდე სვამენ ჯვარს. ჯვრის ოთხივე მხარეს სხვადასხვა სიმბოლოს გამოვსახავთ - ბედ-იღბლის, ბარაქის, სწავლა-განათლების, ჯანმრთელობის... გამოცხობის შემდეგ რომელ სიმბოლოიანი კუთხეც უკეთ ამოფუვდება, იმ წელს ოჯახი იმ მიმართულებით იქნები წარმატებული. ოჯახში ვინც პირველი შემოვა, ის არის მეკვლე. მან მარჯვენა ხელით სამჯერ უნდა შემოაგოროს სახლში გოგა. თუ სამივეჯერ წაღმა მხარეს დაეცა, ოჯახი იმ წელს ბევრ სიკეთეს, ხვავსა და ბარაქას უნდა ელოდოს. ოჯახში რამდენი წევრიცაა, იმდენი ბედისკვერი ცხვება. ვისი კვერიც უფრო ამოფუებულია, იმას ყველაზე კარგი წელი ექნება. საახალწლო სურვილებს მე და ჩემი მეუღლე ვუხდენთ ბავშვებს და ვაბრალებთ ხოლმე თოვლის პაპას, წელსაც ასე იქნება.

- რა სურვილები აქვთ?

- როგორც ყველა დღევანდელი თაობის ბავშვს - ტელეფონი, პლანშეტი...

- სოფელში რა პრობლემები გაქვთ? - სკოლა გაგვირემონტეს, არასრული, ცხრაკლასიანი იყო და საშუალოდ (ანუ 12-წლიანად) გადაკეთდა. მუნიციპალური ტრანსპორტიც ემსახურება სოფელს, ინტერნეტიც გვაქვს, სოფლის შიდა გზის გაკეთებასაც გვპირდებიან. ჩემს შვილს უთქვამს მასწავლებლისთვის, რა მაგარი იქნებოდა, ათ-ათი რომ ვიყოთო. ისედაც ათი არა ხართო, - უთქვამს მას. მარტო ჩვენთან კი არა, ყველა ოჯახში ათ-ათი ბავშვი რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რა მხიარულება იქნებოდაო... გულით გისურვებთ სიმრავლესა და მშვიდობას საქართველოში! გილოცავთ დამდეგ 2020 წელს!