აცივება საგრძნობი იქნება - კვირის პალიტრა

აცივება საგრძნობი იქნება

ევროპული, გაუსაძლისი ყინვაარ გვემუქრება

რუსეთმა ცოტა ხნით "დაგვიფარა"

ბოლო დროს ევროპაში ჩრდილოეთის ციკლონის შემოსვლით გამოწვეულ სიცივეს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ზამთრის უფრო მძიIმე შედეგის თავიდან ასაცილებლად დაიხურა სკოლები, შემცირდა სამუშაო საათები. ვითარება იმანაც გაართულა, რომ დიდთოვლობასთან ერთად აღმოსავლეთი ევროპა წყალდიდობასაც ებრძვის. დაიტბორა სერბეთი, ჩერნოგორია, ხორვატია და ბოსნია-ჰერცეგოვინა. კოკისპირულ წვიმას ბოსნია-ჰერცეგოვინაში ღვარცოფები მოჰყვა. სტიქიას სამი კაცი ემსხვერპლა, ორი ათასმა კი სახლ-კარი მიატოვა.

ქართველი სინოპტიკოსების ცნობით, ციკლონი, რომელმაც ევროპაში დიდი ყინვა გამოიწვია, საქართველოსაც გადაუვლის; ამის გამო  ჰაერის ტემპერატურა 13 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში - 12-13 გრადუსით, ხოლო აღმოსავლეთში - 7-8 გრადუსით დაეცემა; აცივდება, თუმცა ქართული ზამთრის სეზონისთვის უჩვეულო ამინდი მოსალოდნელი არ არის.

ჯემალ დოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - ევროპაში მიმდინარე მეტეოროლოგიური პროცესები არქტიკული ციკლონის გავრცელების შედეგია. ცივი ჰაერის მასები ჩვენთან არ შემოვიდა, რადგან საქართველო, ისევე როგორც  მთელი კავკასია, ციკლონის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობს. რადგან ციკლონში ჰაერი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, ჩვენთან სამხრეთ-დასავლეთის ნაკადი შემოდის და სითბო შემოაქვს.

შედეგად, როდესაც ევროპაში ყინვაა, ჩვენთან თბილა. ასე გასტანს ჩვენს ტერიტორიაზე ციკლონის გადმონაცვლებამდე, თუმცა, გაზეთის გამოსვლის დროისათვის, ჰაერის ცივი მასები უკვე დაიწყებს საქართველოში შემოსვლას.

- აქამდე რამ დაგვიფარა ყინვისგან?

- კასპიის ზღვა და რუსეთის ევროპული ნაწილი იყო ნაკლებად მოძრავი მაღალი წნევის არე, რომელიც ბლოკირებას უკეთებდა ევროპიდან გადმონაცვლებულ ცივი ჰაერის მასებს. რუსული ანტიციკლონი ნაკლებად მოძრავია, ამიტომ აბრკოლებდა იგი ევროპიდან ჰაერის მასების გავრცელებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში რუსეთმა (მისდა უნებლიეთ) ძლიერი ყინვებისგან დაგვიცვა, თუმცა ეს დიდხანს ვერ გასტანს. ბარიერი თანდათან იცვლება და ევროპიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები საქართველოშიც გავრცელდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აცივდება. მთიან რაიონებში თოვლიც მოვა, ქარიც ამოვარდება. კატასტროფული არაფერი მოხდება, მაგრამ ამ კარგი ამინდის შემდეგ უეცარი აცივება ჩვენთვის საგრძნობი იქნება.

საქართველოში ყველაზე დიდი ყინვა 1948-49 წლებში იყო, მაშინ ციტრუსი ერთიანად გადახმა. ყველაზე თბილი იყო 1966 წელი,  თუმცა, შესაძლოა, 2010 წლის საშუალო ტემპერატურა უფრო მაღალი აღმოჩნდეს, ჯერ წელი არ დამთავრებულა, ამიტომ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. გვალვები 1999-2000 წლებში დაიწყო.  სიცხეები მოგვიანებითაც გაგრძელდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი უფრო საგრძნობი გახდა და თუმცა აბსოლუტურმა მინიმუმმა ადრეული წლების ნიშნულს ვერ მიაღწია,  ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ბევრ ადგილზე გადაიფარა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ  საქმე მართლაც გლობალური დათბობისკენ მიდის, კლიმატი გლობალურად იცვლება.

- ვარაუდობენ, რომ ევროპაში ყინვა მინუს 65 გრადუსს მიაღწევს.

- ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ გრენლანდიაში. ამჯერად ყველაზე დაბალი ტემპერატურა - -33 გრადუსი პოლონეთში დაფიქსირდა. ევროპის სამხრეთ რაიონებში დათბობა დაიწყო. საფრანგეთში ძალიან ციოდა, მაგრამ მის სამხრეთში უკვე დათბა. სიცივე ახლა დიდ ბრიტანეთშია და თანდათან ინაცვლებს აღმოსავლეთით.

- უახლოესი ათეული წლების განმავლობაში როგორ შეიცვლება კლიმატი?

- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში ტემპერატურა  დაახლოებით 3-4 გრადუსით აიწევს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კლიმატის შეცვლა, საითაც უნდა იყოს მიმართული - დათბობისა თუ აცივებისკენ, ყოველთვის პრობლემას ქმნის.

- რამდენიმე თვის წინ გრენლანდიის ყინულის დაბზარვაც გლობალურ დათბობას უკავშირდება?

- დიახ. ამიტომაც ახლახან კოპენჰაგენში, ბოლო დღეებში კი მექსიკაში, სახელმწიფოების  მეთაურები და მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა შეთანხმდნენ, როგორ შეაჩერონ ეს პროცესი, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ კლიმატის ცვლილებამ ნაკლებად დააზარალოს მოსახლეობა.

- გრენლანდიის დადნობა რა შედეგს მოიტანს?

- რაღა თქმა უნდა, ბევრ  უსიამოვნებას, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ანტარქტიდის დნობა გამოიწვევს. თუ ანტარქტიდა დნობას დაიწყებს, ზღვის დონე 70-80 მეტრით აიწევს და უამრავი ქვეყანა მოექცევა წყალქვეშ. იმის გამო, რომ ზღვები ერთმანეთზეა გადაბმული, პრობლემა მთელ მსოფლიოს შეექმნება. საბედნიეროდ, ანტარქტიდაზე ისეთი დაბალია ტემპერატურა, რომ ეს ძალზე შორეული და ცუდი პროგნოზია.

- რამდენად შესაძლებელია ერთ დღეს  აფრიკის კლიმატური სარტყელი ევროპაში გადმოვიდეს და აფრიკა ევროპად "გადაიქცეს?"

- ეს გეოლოგიურ პროცესებზეა დამოკიდებული, რასაც ათასობით წელი სჭირდება. კონტინენტები მოძრაობს, მაგრამ არა ისე, რომ უახლოეს საუკუნეებში გააფრიკდეს ევროპა და პირიქით. ამ ეტაპზე ყველაზე საშიში ის არის, რომ შეიძლLება ტემპერატურამ აიწიოს და მუდმივად ცხელი და ხანგრძლივი ზაფხული გვქონდეს, ისეთი, როგორიც წელს იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ პროცესი დარეგულირდება, რადგან დათბობა მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან ერთნაირად დათბება.

- ბოლოს როგორ დაგვაიმედებთ, ზამთარში დიდი ყინვა იქნება?

- ყინვა იქნება, მაგრამ არა ევროპული და გაუსაძლისი.