"მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით, მაგრამ მალე ისე მოხდა, რომ მშობლებთან დავბრუნდი" - კვირის პალიტრა

"მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით, მაგრამ მალე ისე მოხდა, რომ მშობლებთან დავბრუნდი"

ხანდაზმულთა ამ პანსიონატს "ბასილიადა" ჰქვია, მოხუცებულების მფარველი წმინდა ბასილის სახელს ატარებს. პანსიონატს რუსუდან ბერიძე ხელმძღვანელობს - ადამიანი, რომელმაც ამ საქმეს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა და გარდაცვლილი მშობლების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ ადამიანებზე მეურვეობა იკისრა.

- უკვე 6 წელია, რაც ხანდაზმულთა პანსიონატი დავაარსე, იდეა გაცილებით ადრე დამებადა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობიდან მოდის.

- უცნაურია, ბავშვობაში ამაზე ფიქრობდით? - ბებიებთან და ბაბუებთან დიდი მიჯაჭვულობა მქონდა. სკოლა რომ დამთავრდებოდა, მეორე დღესვე დედას მივყავდი მაღაზიაში, ჩემთვის წიგნებს, სხვა საჭირო ნივთებს ყიდულობდა და იმერეთში ან გურიაში მიშვებდა. თუ რაიმე სითბო გამაჩნია, ბაბუებისა და ბებიებისგან მომყვება. სოფელში რომ ჩავდიოდი, მათზე ვზრუნავდი. ბებოს დიაბეტი ჰქონდა, მჭადებს ვუცხობდი, მაღაზიაში შავი პურის მოსატანად მივდიოდი.

ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მსახიობმა ლინო ვენტურამ მოახდინა. მიამბეს, რომ ბავშვთა სახლი აქვს, პატარებზე ზრუნავსო და აღვფრთოვანდი. როცა რომელიმე ფილმში ვხედავდი, ვგიჟდებოდი, ყველას ამ ამბავს ვუამბობდი.

წლების წინ, დედას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, შემდეგ - მამას. მათ 20 წელი ვუვლიდი და ამ ხნის განმავლობაში, თბილისი ერთხელაც არ დამიტოვებია. უჩემოდ ყოფნის შიში ჰქონდათ, ვერ მშორდებოდნენ. მაშინ დოლიძეზე ვცხოვრობდით. ჯერ დედა გარდაიცვალა, შემდეგ - მამა.

მამა ძალიან აქტიური კაცი იყო, მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანი გახლდათ. ავიაინჟინერი, კონსტრუქტორი, მშენებელი იყო. მისი გამოთვლით და კონსტრუქციით არაერთი შენობაა ამ ქალაქში აშენებული. ერთ-ერთი "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის ცნობილი შენობაა. მამა ტექნიკურ გათვლებს აკეთებდა, თავისი ჯგუფი ჰყავდა.

მშობლების ავადმყოფობის წლებში, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა არ არსებობდა. გაუთავებელმა ოპერაციებმა და ხარჯებმა დიდი ვალი დაგვიგროვა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალიან კარგი ბინა გაგვეყიდა. გარეუბანში ვნახე ეს შენობა, რომელსაც არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა, შავი კარკასი იყო. ალბათ უფლის ნება გახლდათ, რომ აქამდე მოვსულიყავი. ბინის თანხა მთლიანად იპოთეკარების ვალის გადახდას დასჭირდა. აქ მე და ჩემმა ძმამ მხოლოდ ერთი პატარა ოთახი გავარემონტეთ, რომ ავადმყოფი კაცი შემოგვეყვანა. მხოლოდ იმ ოთახს ვათბობდით. დღემდე მახსოვს ის რიცხვი, პირველად აქ გაზი რომ შემოვიყვანეთ, 5 დეკემბერი იყო, მივედი და ანთებულ გაზს ხელები შევუშვირე. გოგოები მეუბნებოდნენ, დაიწვებიო, მე კი მინდოდა, სითბო მეგრძნო. მანამდე სულ გაყინული ვიძინებდი. დღეს ამ გადასახედიდან მგონია, რომ ის საშინელი სიზმარი იყო, თითქოს სხვა ცხოვრება გახლდათ, რომლის გახსენებაც აღარ მინდა. მალე იმდენი შევძელი, რომ მამაჩემის გარდა, ჭერი, სითბო და სიყვარული სხვა ადამიანებსაც გავუნაწილე - ხანდაზმულთა პანსიონატი დავაარსე.

- ეს როგორ შეძელით? - წავედი ბანკში და ავუხსენი, რომ მქონდა შენობა, სადაც პანსიონატის გაკეთებას ვაპირებდი. ყველა არგუმენტი ჩამოვუყალიბე. მოვიდნენ, შენობა შეაფასეს და თანხა გამოყვეს. ამ თანხით რემონტი დავიწყე, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მივაკითხე, თქვენ თუ გყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ მზრუნველობას, არ აქვთ სახლი და არ იცით, სად წაიყვანოთ, ამ კატეგორიას მივიღებ, თქვენი მხრიდან მათ მცირედი დაფინანსება მაინც თუ ექნება, დანარჩენს მე დავამატებ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ასეთი პროგრამა "სათემო ორგანიზაცია", სადაც გავწევრდი. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება ძალიან მცირედი იყო. ვფიქრობდი, ისე როგორ დავიქცევი, რომ ჩემი დიდი სანაცნობო წრიდან და სამეგობროდან არავინ დამეხმაროს-მეთქი?!. დღეს ჩვენი სახელიც დამკვიდრებული გვაქვს და ნდობის ფაქტორიც. ადამიანთა შემოდინება დროთა განმავლობაში დაიწყო. მეექვსე წელია ვარსებობთ და თითქმის სრულად სავსე პირველად ვართ.

- უცნაურია, ამ დროს მსგავს დაწესებულებებში ყოფნა გაცილებით მეტ ადამიანს ესაჭიროება.

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- ამ საკითხს ვინ წყვეტს? - ეს სახელმწიფო პროგრამაა, მოქალაქეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ, ისინი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ეს პროგრამა ძალას თანდათან იკრებს და შესაბამისად, ჩარიცხვებიც მალ-მალე ხდება. ძალიან ბევრ ხანდაზმულს მარტო უწევს ცხოვრება, უჭირს საკვების, მედიკამენტის სახლამდე მიტანა, წნევის გაზომვა, კომუნალური გადასახადების მოგვარება... ჩვენთან ბენეფიციარები მოდიან რეგიონებიდანაც, მხოლოდ თბილისელებს არ ვემსახურებით.

პირველი 2 წელი სოციალური ქსელიც არ მქონდა. აქ უამრავი სიკეთე ჩუმად კეთდებოდა და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. შემდეგ შემომიძახეს, ამდენს აკეთებ და ეს საჯარო გახადე, იქნებ სხვებსაც დახმარების სურვილი გაუჩნდეთო.

ერთი თვის წინანდელ ამბავს გავიხსენებ: ჩვენ მწოლიარე ავადმყოფები გვყავს. მათი მოვლა რთულია, უნდა ასწიო, ეტლში გადასვა, გამოუცვალო... ამ საქმეს ხშირად თავადაც ვაკეთებ. ერთ დღეს დამირეკა ადამიანმა და მითხრა, ლიფტი მაქვს, ხომ არ დაინტერესდებითო? თავდაპირველად ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ამიხსნა, არსებობს მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური სამაგრები, მწოლიარე ავადმყოფს, ღილაკზე თითის დაჭერით მაღლა სწევს და სასურველ ადგილზე გადააწვენს. დედაჩემისთვის ამერიკიდან გამოვიწირე, დედა გარდამეცვალა და მინდა გავყიდოო. - გეხვეწებით, სხვასთან აღარ დარეკოთ, მალე მოვალ-მეთქი. დედა 130 კილო იყო, მისი აწევა ძალიან მიჭირდა და სულ მსგავს მოწყობილობაზე ვოცნებობდი. ეს კაცი ჩემი მოგვარე აღმოჩნდა. მორიდებით მითხრა, ამერიკაში 3.000 დოლარი ღირდა, ტრანსპორტირების და განბაჟების თანხაც გადამახდევინეს, მაგრამ შენ 3.000 ლარად მოგცემო. სიხარულით ლამის ცუდად გავხდი, დავუბარე, არ გაყიდო, თანხას ძალიან მალე მოგაწვდი-მეთქი. წამოვედი და ვფიქრობ, მე რომ ფული არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო-მეთქი? დიდი მორიდებით, სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ეს ჩვენი პანსიონატისთვის ჰაერივით საჭირო ნივთი იყო. საოცრება მოხდა, თანხა ორდღე-ნახევარში შეგროვდა. ემიგრანტებმა იაქტიურეს. ყველაზე მცირე შემოწირულობა 10 ლარი იყო - ეს რომ ვნახე, ავტირდი, ვინ იცის, ეს 10 ლარი ამ ადამიანისთვის რას ნიშნავს-მეთქი. ამ ნივთის წამოსაღებად ღამის 12 საათზე მივედი, მეორე დილამდე ვეღარ მოვითმინე. იმ ღამესვე დავტესტეთ. ჩემს ბებოს ვეხუმრებოდი, ელემენტი თუ გამოირთო და ჰაერში დარჩი, მერე ნახავ-მეთქი.

ძალიან მინდა, კამერები დავაყენო - განა იმიტომ რომ ვინმეს არ ვენდობი, უბრალოდ, აქ საოცარი ამბები ხდება და მსურს, მზრუნველობისა და თანადგომის საუკეთესო ეპიზოდები, ადამიანური ამბები შემოვინახო.

დღეს ჩემს მოხუცებს არ აკლიათ თევზი, ხორცი... ძალიან გვეხმარება ისნის გამგეობა. კახა ლაბუჩიძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ის ჩემი მოხუცების ფავორიტია. ადამიანი, რომელიც 1-ლ იანვარს შვილთან ერთად აქ მოდის ხოლმე. ის 15 წლის შვილს, ბრჭყვიალა ცხოვრების მიღმა არსებულ ასეთ რეალობასაც უჩვენებს.

- ამჟამად პანსიონატში რამდენი ბენეფიციარია? - 30-მდე ბენეფიციარი გვყავს. მაქვს საშუალება, 10-მდე ადამიანი კიდევ მივიღო.

- თქვენი პირადი ცხოვრებაც ამ საქმეს მიუძღვენით, არა? - დიახ, მყავდა მეუღლე, რომელთან ერთადაც 2 წელი ვიცხოვრე. ერთადერთი თავისუფალი დღე, როცა თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს ვეკუთვნოდი, ჩემი ქორწილის დღე იყო. შემდეგ დედასა და მამასთან გავიქეცი, მათ ჩემგან დახმარება ისევ აქტიურად სჭირდებოდათ. მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით, მაგრამ მალე ისე მოხდა, რომ მშობლებთან დავბრუნდი. შვილი არ მყოლია. წლები რომ გადის და განვლილ დროს ვაანალიზებ, ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ საქმისკენ მოვდიოდი, რასაც დღეს ვაკეთებ. თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნად მოვლენისას, რაღაც მისია გვეკისრება. ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ შვილი მყოლოდა. საამისოდ ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე, ექიმები გაოგნებული იყვნენ. შემდეგ ეს მიზანიც გვერდზე გადაიდო. ახლა ვფიქრობ, საკუთარი ოჯახი რომ მყოლოდა, ამდენს ალბათ ვერ შევძლებდი. ღამეც აქ მძინავს. მე არ ვარ კაბინეტის დირექტორი. ხშირად რიგითი თანამშრომლის ფუნქციებსაც ვითავსებ. აქ სამ სმენად 6 მზრუნველი, დამლაგებელი, მზარეული, ექთანი მუშაობენ. ბენეფიციარებს ჩვენგან შეზღუდვა არ აქვთ. ეს ციხე არ არის, შეუძლიათ ქალაქში გავიდნენ, ახლობელთან სტუმრად წავიდნენ ან სტუმრები აქ მიიღონ. მათ პენსია სრულად აქვთ შენარჩუნებული და თავად განკარგავენ.

- თქვენი საახალწლო სურვილები როგორია? - აქ რომ შემოვედით, რამდენიმე ძველებური ტელევიზორი გვაჩუქეს, ისინი მწყობრიდან უკვე გამოვიდა, 2 შევცვალეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში, როცა გარეთ ცივა და ჩემი მოხუცები ეზოში ვეღარ გადიან, სულ შინ ყოფნა უწევთ. ტელევიზორი ამ ადამიანებისთვის ერთადერთი გასართობია.

- იქნებ ტექნიკის რომელიმე მაღაზია გამოგვეხმაუროს. - ვინმემ ერთი ტელევიზორიც რომ გვაჩუქოს, მადლიერები დავრჩებით. ჩვენ შეგვიძლია, ძველი ტელევიზორები ჩავაბაროთ. ბევრი დიზაინერია, იქნებ ვინმე მოვიდეს და ეზოს მოწყობაში დაგვეხმაროს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დაგეგმვას ვგულისხმობ... ამ შენობაში ყოველთვის იქნება მოხუცთა პანსიონატი და სხვა დაწესებულებად არასდროს გადაკეთდება. ეს სამსართულიანი შენობა ლიფტის გარეშეა. მოხუცებიდან ზოგი ყავარჯნით დადის, ზოგს მოტეხილობა აქვს და ლიფტის საჭიროება არსებობს. სპეციალისტი მოვიყვანე და, როგორც მან დათვალა, 18.000 დოლარია საჭირო, შენობაზე გარედან მისაშენებელი ლიფტი რომ მოეწყოს. ე.წ. დასაჯდომი ლიფტები გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ არ ვიცი, ამას როდის შევძლებ. დღეს ეს ჩემი თავხედი ოცნებაა. იხილეთ სრულად

P.S. ქალბატონ რუსუდან ბერიძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 591 33-77-73

თამუნა კვინიკაძე