"თუ ესკალაცია და დაპირისპირება მოხდა, ისღა დაგვრჩენია, ჩვენც კედლებზე დავწეროთ: ამ ცხოვრების დედაც!"
"თუ ესკალაცია და დაპირისპირება მოხდა, ისღა დაგვრჩენია, ჩვენც კედლებზე დავწეროთ: ამ ცხოვრების დედაც!"
უმძიმესი პროცესებით დატვირთული 2019 წელი მიილია და როდესაც განვლილ პერიოდს გადავხედავთ, ძნელი სათქმელია, უკეთესი მომავალი თუნდაც შორიდან მკაფიოდ ჩანდეს. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს განწყობა, რომ იმედი ბოლოს კვდება და საზოგადოების ხმაურით, ჯანსაღი, მწვავე კრიტიკით პროცესების უკეთესობისკენ შემოტრიალება შესაძლებელია... ქართველი მწერალ კოტე ჯანდიერი­ "კვირის პალიტრასთან" განვლილ წელს ასე აფასებს:

"ამ ბავშვზე უემოციოდ ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვწერ, ვერ ვფიქრობ... ახლა ყველანი ცოტა ხნით დავდუმდეთ, გავიაზროთ, რა ჩავიდინეთ..."


- როგორც იქნა, მიილია ეს
სულისშემხუთველი, ბოღმის, სიძულვილისა და იმედგაცრუების წელი. ის სრულდება საშინელი ტრაგედიით - 15 წლის ყმაწვილის თვითმკვლელობით. რაც უნდა იყოს ამ უბედურების კონკრეტული მიზეზი, მოზარდის მიერ თავის მოკვლა, ისეთი მოვლენაა, რაც სინდისის ქენჯნასა და სინანულს უნდა აღგვიძრავდეს. ამ ბავშვზე უემოციოდ ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვწერ, ვერ ვფიქრობ... პასუხისმგებლობა
მთელ საზოგადოებას გვეკისრება,­ ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე ხელი შევუწყვეთ ან, მინიმუმ, ხელი არ შევუშალეთ სიძულვილის, გაუტანლობის, უსამართლობის ატმოსფეროს, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა 90-იანი წლებიდან. სკოლაც ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას,­ მაგრამ სკოლა რომ ისეთია, როგორიც არის, განა ამაში მთელი საზოგადოების ბრალეულობა არ იკვეთება?

ათწლეულების განმავლობაში რა რეფორმები და ექსპერიმენტები ვატარებინეთ განათლებასთან, კულტურასა და ჰუმანიზმთან მწყრალად მყოფ ჩინოვნიკებს? ზოგი მინისტრი ძნელად აღსაზრდელი, დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვებისთვის სპეციალური იზოლირებული ინტერნატების გახსნას აპირებდა; მაგალითად, მინისტრის შემცვლელი (სხვათა შორის, პენიტენციარული სისტემიდან გადმოყვანილი ჯალათი) მასწავლებლებს საჯაროდ ემუქრებოდა, თქვენს სისხლს დავლევო. რომელი ერთი გავიხსენოთ?!

ან რაები ეწერა ეროვნულ სასწავლო გეგმებსა და კურიკულუმებში. ახლაც დღევანდელი მინისტრის მოადგილე აცხადებს, ფიზიკის კანონები და მათემატიკის ფორმულები ოცდამეერთე საუკუნეში აქტუალური აღარ არის, ახლა მთავარია, სკოლამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე აღზარდოსო.

მერედა, რაში გამოიხატება "საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა?" იქნებ იმაში, რომ გამწარებული ბიჭი, რომელმაც ამ ცხოვრების სამდურავი სკოლის კედელს წითელი საღებავით მიაწერა, პოლიციას ჩავაბარეთ და ხელები დავიბანეთ?

არასამთავრობოები აქცენტს სამართ­ალდამცავ სისტემასა და პოლიციაზე აკეთებენ, მაგრამ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს 10 წლით პატიმრობას რომ უსჯიდნენ, მაშინ ვინმემ იკითხა, სათანადოდ დაცული იყო თუ არა ამ ბავშვის უფლებები მრავალსაათიანი დაკითხვების დროს ჯერ პოლიციაში­, მერე კი სასამართლოში? ჩვენი უზნეობა იქამდე მივიდა, ვიღაცებს ამ ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად და მთავრობის დასამხობად სურთ, ვიღაცებს კი წინა მთავრობის კიდევ ერთხელ გასაშავებლად და პასუხისმგებლობის მთლიანად მათზე გადასატანად.
ლუკას გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გამომძიებელი ქალი რომ დააკავეთ და გაიძახით, რა ვქნათ, წინა რეჟიმიდან მძიმე მემკვიდრეობა გვერგოო, გეკითხებით, რა გააკეთეთ სისტემის გასაჯანსაღებლად და კადრების შესაცვლელად?! სხვათა შორის, ეს ის გამომძიებელია, ყინწვისის საქმეს რომ იძიებდა და საშინელი ცემა-წამების ფასად ახალგაზრდა ნიკა გოგუაძეს აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინა.

იმის მაგივრად, ეს ქალი პასუხისგებაში მიგეცათ, არასრულწლოვანთა დეპარტამენტში გადაიყვანეთ. ამგვარი დამოკიდებულების გამო მოხდა ის, რაც მოხდა. ან გვანცა ყუფარაძის ჯალათი მოსამართლე, განა თქვენ არ გსურდათ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაგენიშნათ?! ამიტომ ყველა მხარემ ჯობს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გულისამრევი პოლიტიკური სპეკულაციები. ახლა ყველანი ცოტა ხნით დავდუმდეთ, გავიაზროთ, რა ჩავიდინეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, რომ ასეთი უბედურება აღარასდროს განმეორდეს.

"ეს ძალები მოსახლეობის გასაღიზიანებლად ხან ეკოლოგიურ, ხან ეთნოფსიქოლოგიურ, ხანაც ისტორიულ ფაქტორებს იყენებენ"


- გასული წლის სხვა სკანდალურ თემებსაც შეგახსენებთ. 21 აპრილს პანკისის­ ხეობაში სამართალდამცავებისა და მოსახ­ლეობის დაპირისპირება ერთი ვერსიით ჰესების აშენებას უკავშირდებოდა, სხვების თქმით, სხვა ინტერესი იკვეთება. რატომ მატულობს იქ პერიოდულად დაძაბულობა?..

- როდესაც შენს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება და უპირისპირდება ერთმანეთს, სიმშვიდეს არ უნდა ელოდე. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და მწარმოებლური სექტორის იაფი ენერგიით უზრუნველყოფა პოლიტიკურად არ აწყობს რუსეთს, ვინაიდან ეკონომიკური, საფინანსო და საზოგადოებრივი სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში რუსული გავლენის შესუსტებას მოიტანს. გარდა ამისა, საშიში მაგალითი­ იქნება რუსეთის გავლენაში მოქცეული სხვა სახელმწიფოებისთვის...

წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შესაძლოა მთლად მომგებიანი არც აზერბაიჯანული "სოკარისთვის" იყოს. ქართულ შიდაეკონომიკურ ცხოვრებაში კი ბაქო-ჯეიჰანის როლის შემცირება და იაფი, ადგილობრივი ჰიდროენერგიის სახით ალტერნატივის გაჩენა შესაძლოა არც თურქეთის ინტერესებში იყოს.

თუ ყველაფერს ამას დავუმატებთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ან ჯერ კიდევ უცნობ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ნებისმიერ ფასად ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, მაშინ ნათელია, რომ ჰესების მშენებლობას საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ეს ძალები მოსახლეობის გასაღიზიანებლად ხან ეკოლოგიურ, ხან ეთნოფსიქოლოგიურ, ხანაც ისტორიულ ფაქტორებს იყენებენ და ამ დროს ხელისუფლებას სათანადო კომუნიკაცია ვერ დაუმყარებია საკუთარ მოქალაქეებთან.

"ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს დავითგარეჯის საკითხში დათმობაზე წასვლას"


- ძალიან დიდი დაძაბულობა იყო დავითგარეჯის გამოც...

- თავიდათავი კომუნისტების მიერ ყოვლად უპასუხისმგებლოდ, არაკვალიფიციურად და დანაშაულებრივი ორაზროვნებით გატარებული სასაზღვრო ხაზია, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მგონი, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც საღად მოაზროვნე ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება დააზიანო ან ეჭვქვეშ დააყენო. ფაქტობრივად, ეს დაუსახლებელი, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი და ინდუსტრიულად განუვითარებელი ტერიტორიაა. თითქოს არ უნდა იყოს რთული ალტერნატიული ფართობების მოძებნა და შეთანხმება, მაგრამ დავითგარეჯა ორი მეგობარი ქვეყნისთვის არა იმდენად საგარეო, რამდენადაც საშინაო პოლიტიკის პრობლემა უფროა. ეს სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის უთვალსაჩინოესი ძეგლია და დღესაც მოქმედი სასულიერო ცენტრი. ვერც ერთი ქართული ხელისუფლება ვერ გაბედავს ამ საკითხში დათმობაზე წასვლას. თავის მხრივ, აზერბაიჯანული ელიტა, რომელიც თავს ქრისტიანული ალბანეთის მემკვიდრედ და შთამომავლად მიიჩნევს, დავითგარეჯის კომპლექსში შემავალ ერთ-ერთ (ქედსგადაღმა) მონასტერს ალბანურად აცხადებს და დათმობის შემთხვევაში ფიქრობს, რომ მთელ მათ პოლიტიკურ-ისტორიულ მითოსს, გნებავთ, სახელმწიფო იდეოლოგიას, საფუძველი გამოეცლება. ეს ძალიან დელიკატური საკითხია. იმედია, ადრე თუ გვიან, პოლიტიკური პრაგმატიზმი გადასძლევს იდეოლოგიურ სტერეოტიპებს და პრობლემა მოგვარდება. სანამ ეს არ მომხდარა, ნებისმიერ დაუფიქრებელ გამონათქვამს ან წინდაუხედავ ქმედებას შესაძლებელია ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგი მოჰყვეს. ადვილი მისახვედრია, ვის ინტერესებშია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება...

"არ ვიცი, არის თუ არა ერთი კაციც კი, რომელიც ღირსების შელახვად არ თვლიდეს გავრილოვის პარლამენტში მოწვევას"


- 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ ქვეყანა ახალ რეალობაში გადავიდა.­ რა დაგვანახა იმ დღეებმა?..

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქვეყანა ახალ რეალობაში გადავიდა. ასე ვერ ვხედავ, რადგან ხელისუფლება ბრიყვული შეცდომების დაშვებას ისევ აგრძელებს, ხოლო ხელისუფლებაში მართლაც ნებისმიერ ფასად დაბრუნების მსურველი "ნაცები" ყველა ამ შეცდომას ისევ გადატრიალების მოწყობის საბაბად იყენებენ.

- ვის ხედავთ ჯანსაღ ძალად?
- არ ვიცი, ფაქტია, ორპარტიულ ჯახს ბოლო არ უჩანს, არამიშისტური ოპოზიცია კი მეტისმეტად სუსტია და მერყევი... მართლა არ ვიცი, არის თუ არა საქართველოში ერთი კაციც კი, რომელიც სრულ უტვინობად, უპასუხისმგებლობად და ღირსების შელახვად არ თვლიდეს გავრილოვის პარლამენტში მოწვევას. ხალხი მართლა აღშფოთდა. შეურაცხყოფილი მოქალაქეები, დაბნეული ხელისუფლება, გაჯიუტებული პარლამენტის თავმჯდომარე ბაქოდან რომ უტიფარ განცხადებებს აკეთებდა და კიდევ უფრო აღიზიანებდა მომიტინგეებს - სხვა რაღა უნდოდათ რევანშისთვის? მათ ჩათვალეს, რომ დადგა ნანატრი მომენტი... შენობაში მყოფი "ნაცების" დეპუტაცია გამალებით გასცემდა საშვებს თავისი აქტივისტების შენობაში შესაყვანად. მერე იყო ლიდერების პარლამენტში შეჭრის მოწოდებები, "ნაცზონდერებისა" და აქტივისტების იერ­იშები პოლიციის კორდონზე. ორი საათი ვუყურებდით, როგორ ურტყამდნენ, ფარებს ართმევდნენ და კიბეზე თავდაყირა მიათრევდნენ პოლიციელებს. მათ კი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ თავდამსხმელთა გასაწევად. ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. რას უცდიდა ხელისუფლება?! ბევრი, ვინც გულწრფელი პროტესტის გამოსახატავად იყო მისული, მიხვდა, საითაც მიდიოდა საქმე და აქცია დატოვა. ბოლოს, ამ ორსაათიანი რტყმითა და შეურაცხყოფით გამხეცებულმა­ პოლიციამ მიიღო ჯერ მოგერიების, შემდეგ კი აქციის დაშლის ბრძანება. "ნაცოპოზიციის" ლიდერები სადღაც გაქრნენ და სპეცრაზმის პირისპირ აღელვებული ახალგაზრდები დარჩნენ. პოლიცია კი მოიქცა ისე, როგორც მოიქცა... "ნაცებმა" თავისას მიაღწიეს - პლასტიკური ტყვიებით თვალებდათხრილი ადამიანები, ათობით დაზარალებული მომიტინგე, მაგრამ მათ შორის არც ერთი ლიდერი და არც ერთი ზონდერი. ეს არის "ნაცების" პოლიტტექნოლოგია, ტაქტიკა და სტრატეგია, როგორმე ვინმე მოაკვლევინონ ან დაასახიჩრებინონ პოლიციას, რითაც მთელი საზოგადოების რისხვას გამოიწვევენ და მერე ამ ტალღაზე "დაასრულონ" ხელისუფლება...

"ნაცოპოზიციამაც" ახალი ჯერ ვერაფერი მოიფიქრა პარლამენტის შენობაში ჰაერის გაფუჭების გარდა"


"ნაცების" ამ ტაქტიკის გაგრძელებაა ბოქლომები, პიკეტები, სირცხვილის კორიდორები და ხელისუფლების პროვოცირების სხვადასხვა მცდელობა. მაგრამ, მგონი, ხელისუფლებამაც რაღაც ისწავლა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს ძალას. "ნაცოპოზიციამაც" ახალი ჯერ ვერაფერი მოიფიქრა პარლამენტის შენობაში ჰაერის გაფუჭების გარდა. თუმცა ერთხელაც იქნება, ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და უბედურება დატრიალდება. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს პოლიტიკურად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები, რომლებიც სიტუაციას განმუხტავს და ქვეყანას საშუალებას მისცემს მშვიდ ვითარებაში მივიდეს არჩევნებამდე.

- მმართველი გუნდი თუ აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რეალობას, საგარეო პრობლემებს, რუსეთის დაუფარავ ინტერესს, დასავლეთისკენ შენელებულ სვლას და სტრატეგიული მოკავშირეების აშკარა კრიტიკას?
- სწორედ ამას ვამბობ, ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს სიტუაცია. ჰგონიათ, ამ ქვეყა­ნაში მარტო თვითონ და "ნაცები" ცხოვრობენ. მაგრამ სიტყ­ვის მიცემა და შემდეგ გატეხა არა მარტო მოწინააღმდეგეებს, მომხრეებსაც შენს წინააღმდეგ განაწყობს. ამ პირობებში ორპარტიული დაპირისპირების ესკალაცია, რასაც "ქართული ოცნება" ყოველთვის მიმართავდა, აღარ იმუშავებს. სიტყვის გამტეხი რაიმე კომპრომისზე თუ არ წავა, მარტო "ნაცებთან" აღარ ექნება საქმე.

"როგორ შეიძლება სტრატეგიული ეწოდოს ეკონომიკურად წამგებიან პროექტს?"


- ვერც ანაკლიის პორტს ავუვლით გვერდს, რომლის მშენებლობაზე ქვეყნის იმიჯი, ეკონომიკა და სტრატეგიული განვითარებაა დაკავშირებული, თუმცა საქმე წინ ვერ მიდის. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ძალიან საინტერესო და კვალიფიციური იყო ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი­ ქობულიას გამოსვლა. მისი აზრით, პრობლემა­ ის არის, რომ ბუნებაში არ არსებობს იმ მოცულობის ტვირთები, რომელთა გატარება ანაკლიაში პორტის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გაღებულ ხარჯებს დაფარავს და მოგებასაც მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას. ასე რომ არ იყოს, კონსორციუმს არ გაუჭირდებოდა ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, ] ეს პროექტი ეკონომიკურად უეჭველად მომგებიანი რომ იყოს, მისი მესვეურები სახელმწიფოსგან არ მოითხოვდნენ საბიუჯეტო სახსრებიდან ბიზნესრისკების დაზღვ­ევას. გამოდის, თუ ბიზნესი მომგ­ებიანი არ აღმოჩნდა, მოსალოდნ­ელი ზარალი კონსორციუმს საქა­რთველოს მოსახლეობამ უნდა აუნაზღაუროს. ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ფინა­ნსური ტვირთი შეიძლება დამანგ­რეველი აღმოჩნდეს. თუ ასეა, მაშინ რა ეკონომიკურ წინსვლაზე ვლაპარაკობთ, ან თუ ასეთ გად­აწყვეტილებას მივიღებთ, "ბრიყ­ვ­თა საუფლოს" გარდა, სხვა რა იმიჯი შეიძლება შეიძინოს ქვეყანამ? ქობულიას აზრით, ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, შესაძლოა არც კომპეტ­ენცია კონსორციუმის ეკონომიკური გათვლების გაცნობისთანავე მტკიცე უარი განეცხადებინა ამ ბიზნესის მხარდ­აჭერაზე. ბევრი კვალიფიციური პირისგან გამიგონია: როგორ შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის ეწოდოს პროექტს, რომელიც ეკონომიკურად წამგებიანია ქვეყნისთვის? იქნებ ამ კითხვებზე კვალიფიციური პასუხი გაგვცეს ვინმემ - კონსორციუმმა, ხელისუფლებამ, საერთ­აშორისო გადაზიდვების ექსპერტებმა თუ ეკონომისტებმა. რაც შეეხება რუსულ გავლენებს, ჩარევებს, ლამის ჩვენი მთავრობის საგარეო ვექტორის ცვლილებასა და ა.შ., ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციებია.

"ვაჟა გაფრინდაშვილმა მორალური გამარჯვება მოიპოვა ისტორიის ბნელ მხარეს მდგომ ძალებზე"


- 20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა. ქართველი ექიმი­ თავის ჩვენებაში ისევ არ აღია­რებს ე.წ. საზღვარს. საზოგადოების­ ნაწილი ამას ჩვენი ხელისუფლების სუსტ მუშაობას მიაწერს.
- ამ მთავრობას ისედაც ბევრი ხინჯი და ხარვეზი აქვს, ასე რომ, გაფრინდაშვილის მიმართ გულგრილობას ნუღარ დავაბრალებთ. რაც შეეძლოთ, მგონი გააკეთეს. ვაჟა ადამიანური და პროფესიული ღირსების, თავდადებისა და სიმამაცის მაგალითია. ასე მხოლოდ ბრწყინვალე პროფესიონალები და ნამდვილი პატრიოტები იქცევიან. ამ ერთმა კაცმა სილა გააწნა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საშიშ და აგრესიულ სახელმწიფოს, ხოლო აგრესორებს დაუმტკიცა, რომ არავის აქვს უფლება ექიმსა და პაციენტს შორის მავთულხლართები გაავლოს. მან მორალური გამარჯვება მოიპოვა ისტორიის ბნელ მხარეს მდგარ, სისასტიკის, გათიშულობისა და მონობის მთესველ ძალებზე. იმათ ეგონათ, რომ ყველა მათსავით მხდალი და უპრინციპოა, მაგრამ შეცდნენ - ეს მართალი კაცი მთელ მათ სამხედრო აღჭურვილობაზე, ცოცხალ ძალასა და პროპაგანდისტულ მანქანაზე ძლიერი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, მისი გამოშვება მაინც მოუწევთ.

"თუ კომპრომისი არ მოიძებნა, ვითარების ესკალაცია გარდაუვალია"


- როგორია 2020 წლისთვის თქვენი­ მოლოდინი?

- ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, როგორია მათი გზა, ჩვენთან, საზოგადოებასთან ერთად. თუ საარჩევნო სისტემის საკითხზე კომპრომისი არ მოიძებნა, ვითარების ესკალაცია გარდაუვალი მგონია. ასევე ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტოდ აგრესიული და ცილისმწამებლური იქნება. ასეთ პირობებში არჩევნების ლეგიტიმურობაც შეიძლება საეჭვო გახდეს, რაც დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. მერე ისღა დაგვრჩება, 15 წლის ლუკა სირაძესავით კედლებზე დავწეროთ: "ამ ცხოვრების დედაც..." თუმცა ეს აღარაფერს შეცვლის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები