ყველაზე ხალისიანი, გრანდიოზული, გამაოგნებელი დიზაინის და... - 2019 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები - კვირის პალიტრა

ყველაზე ხალისიანი, გრანდიოზული, გამაოგნებელი დიზაინის და... - 2019 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

ქორწილი გამაოგნებელი დიზაინით

ფოტოგალერეა

მართალია, ახალგაზრდა წყვილს - მარიამ ნაფეტვარიძესა და საბა მღვდელაძეს ფართო საზოგადოება არ იცნობდა, მაგრამ მათი ქორწილი დიდხანს იყო საზოგადოების განხილვის თემა. საქორწინო ცერემონიალის დიზაინი იმდენად განსხვავებული და უცნაური აღმოჩნდა, დამსწრე საზოგადოებაც აღაფრთოვანა და ისინიც, ვინც ფოტოები სოციალურ ქსელში ნახა.

ქორწილი წინანდლის მამულში გაიმართა. როგორც გაირკვა, სიძის მამა რუსეთში საქმიანობს და არაფერი დაიშურა მემკვიდრის გრანდიოზული ქორწილისთვის. პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შეუკერა. საქორწინო სუფრა და ინტერიერი ცნობილმა დიზაინერმა ანი პირველმა გააფორმა. ის ფართო საზოგადოებამ ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის საქორწინო ცერემონიალის შემდეგ გაიცნო.

ნოე და ჯენეტი

ქართული ტაბლოიდების მთავარ სენსაციად იქცა ცნობილი ტელეპროდიუსერის, ნოე სულაბერიძისა და "მის საქართველო 2011"-ის, ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი, რაც ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. ეს ნოესთვის მესამე ქორწინებაა, ჯენეტისთვის - პირველი. წყვილმა ქორწილი რესტორან "ბაგრატიონში" გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა. პატარძალს ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცა, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებდათ, თავზე კი სადედოფლო გვირგვინი ედგა. სიძეც თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძალი ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. ნოემ და ჯენეტმა ქორწილისთვის სპეციალურად დადგმული ცეკვა შეასრულეს.

ქორწილი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ

ივნისში თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრემის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. ანუკი არეშიძეს ჯვრისწერაზე თეთრი კაბა ეცვა, თავსამკაულად კი გრძელი შლეიფი ეკეთა. ქალაქის მერი ნაცრისფერსა და შავ სამოსში იყო გამოწყობილი. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" უმასპინძლა. წყვილმა ცერემონიის დროს უზარმაზარი საქორწინო ტორტიც გაჭრა. სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ქალაქის მერის ქორწილი ძვირად ღირებულ მცენარეთა სიუხვით გამოირჩეოდა.

ექსსპიკერის დის გრანდიოზული ქორწილი

ივნისში იქორწინეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დამ ქეთევან კობახიძემ და პოლიტიკოსმა დავით ფაცაციამ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა, გრანდიოზული საქორწინო წვეულება კახეთში, კაჭრეთის "ამბასადორში" გაიმართა, სადაც სტუმრებს შორის პოლიტიკოსები ჭარბობდნენ. ქეთევან კობახიძე 34 წლისაა და პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ხატვა დაიწყო. მისი ქმარი დავით ფაცაცია საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე, პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.

ყველაზე ხალისიანი ქორწილი

რეჟისორ ლევან (ჭოლა) წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია. წყვილი ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს და ქორწინებამდე ხუთი წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ. გამორჩეული იყო მათი საქორწილო წვეულება, რომელიც ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე გადაიხადეს, თუმცა მანამდე ჯვარი თბილისში დაიწერეს და ჯვრისწერა მეგობრებთან ერთად გიორგის სოფელში, კავთისხევში აღნიშნეს. სექტემბერში ბათუმის სანაპიროზე გამართული წვეულების სტუმრებს შორის, რასაკვირველია, იყვნენ თინათინის კოლეგები - ანსამბლ "სუხიშვილების" წევრები. თინათინი მოცეკვავეა და, ცხადია, ქორწილს გასაოცარი ცეკვების გარეშე არ ჩაუვლია.

ამერიკელი დიპლომატი და ქართველი ჟურნალისტი

54 წლის ცნობილი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, აშშ-ის დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ქართველ ჟურნალისტზე, ია მეურმიშვილზე დაქორწინდა.

ვაშინგტონში გამართულ ქორწილს საქართველოდან რამდენიმე ათეული სტუმარი ესწრებოდა - პატარძლის მშობლები და ახლობლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები. კურტისთვისაც და იასთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან კურტს ორი შვილი ჰყავს, იას კი - 24 წლის ვაჟი. იას საქორწინო ცერემონიალზე ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც დათუნა სულიკაშვილმა შეუკერა. წყვილი საქორწინო მოგზაურობაში კრეტაზე გაემგზავრა.

კუზანოვებმა ქალიშვილი გაათხოვეს

ცნობილი ექიმების, ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა გათხოვდა. მისი რჩეული ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ, მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

თუ სხვები ქორწილს ძვირად ღირებულ რესტორნებში იხდიან და ასეულობით ადამიანს პატიჟებენ, ისინი ამ მხრივაც მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში, ვიწრო წრეში გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიალი რეტრო სტილის იყო. ბაიას ლუი ვიტონის კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დაიწერა, რის შემდეგაც გაიმართა ხელისმოწერის ცერემონიალი. ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე კუნძულ კრეტაზე გაატარეს.

ნიკასა და ნიკის ბედნიერება

ცრურწმენა, თითქოს მაისში ქორწილის გადახდა არ შეიძლება, არაფრად ჩააგდეს "ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა კანდელაკის ვაჟმა ნიკამ და მისმა ამერიკელმა რჩეულმა, ცნობილმა მუსიკოსმა ნიკ ვესტმა. წყვილმა ქორწილი წინანდალში გადაიხადა, მანამდე კი გრემის მონასტერში მართლმადიდებლური ტრადიციის შესაბამისად დაიწერეს ჯვარი. ქორწილი ორი კულტურის ზეიმად იქცა, სადაც სუხიშვილები ცეკვავდნენ, ხოლო პატარძალი და მისი მეგობრები თანამედროვე მუსიკალურ შედევრებს ასრულებდნენ. ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს თბილისში გაიცნეს, როცა მუსიკოსმა "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით, თბილისის "ივენთ ჰოლში" ახალი წლის ღამეს კონცერტი გამართა. ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას ქალ ლენი კრავიცს უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორიც არიან დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად მიიჩნევს, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - ust in the Nik of Time ინსტრუმენტული პროექტი იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა